ახალი ამბებიკომენტარი

„ექნებოდა ფიროსმანს საკუთარი ნამუშევრის გატაცების უფლება?“ – წულუკიანი სანდრო სულაბერიძის საქმეზე

17 თებერვალი, 2023 • 1849
„ექნებოდა ფიროსმანს საკუთარი ნამუშევრის გატაცების უფლება?“ – წულუკიანი სანდრო სულაბერიძის საქმეზე

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულიკიანმა იკითხა, ექნებოდა თუ არა, მაგალითად, ნიკო ფიროსმანს უფლება, გალერეიდან საკუთარი ნამუშევარი გაეტაცებინა. ამის შესახებ მან „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

ასე გამოეხმუარა წულუკიანი მხატვარ სანდრო სულაბერიძის აქტს, რომელმაც ეროვნული გალერეის კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

„წარმოვიდგინოთ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი ნამუშევარი. ექნებოდა მას ამის უფლება? ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… ვინაიდან გალერეა არის სახელმწიფო სივრცე და არა რაღაც კერძო ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ“, – თქვა წულუკიანმა და მოგვიანებით დაამატა, რომ „გალერეა არ არის კერძო ბუტკა, ეს არის სახელმწიფო“.

მისივე განცხადებით, კულტურის სამინისტრომ „მანამდე მაქსიმალურად ჩარაზული სივრცე“ მხატვრებისთვის მაქსიმალურად თავისუფლად აქცია.

„ჩვენ მართლაც ვთვლით, რომ ხელოვნება თავისუფალია და გალერეა ეკუთვნის მხატვრებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

სულაბერიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე რეაქცია წულუკიანმა „პოზის მოდაში ყოფნით“ ახსნა:

„ჩადგნენ პოზაში, რომელიც არის ცრუ პოზა. პოზაში როცა დგები, ელოდები, რომ დაგარტყამენ და ამ დროს არავინ არ აპირებს ამას. ეს რომ გაიგეს, მერე მოეშვნენ“.

წულუკიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ გააგრძელებს კულტურის პოლიტიკის ამჟამინდელ კურსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი