საზოგადოება

მხატვარ სანდრო სულაბერიძეს წარწერის საქმეზე ქურდობის მუხლით ედავებიან

11 თებერვალი, 2023 • 2320
მხატვარ სანდრო სულაბერიძეს წარწერის საქმეზე ქურდობის მუხლით ედავებიან

მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში გაკეთებული წარწერის გამო შსს ქურდობის მუხლით ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელოვანები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე, საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

მეორე დღეს ეროვნული გალერეის ადმინისტრაციაც განცხადება გამოაქვეყნა, რომ აღადგინეს იმ კედლის პირვანდელი სახე, რომელიც სულაბერიძის ქმედებით “დაზიანდა”.

იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედებასთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება დაიწყო, თუმცა რა მუხლით, არ კონკრეტდებოდა.

უკვე დღეს, 11 თებერვალს, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა თქვა, რომ მიმდინარეობს საქმის წარმოება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით. ეს გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შსს-ში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ საქმეს მართლაც ამ კვალიფიკაციის იძიებენ.

სსკ-ის მიხედვით, დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

“…კრიმინალის ნიშნები მის აქციას არანაირად არ ახასიათებდა და დაუგეგმავი იმპროვიზაციის სამართლებრივ ჭრილში გადაყვანის მცდელობა არის უსამართლობა, არაკომპეტენტურობა და ავტორიტარიზმის ნიშანი…” — წერს ხაბულიანი “ფეისბუკზე”.

ხელოვნებათმცოდნე იქვე სთავაზობს აუდიტორიას ხელოვანთა განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის”.

“მოგახსენებთ, რომ წარწერის ფაქტი და თვითონ ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის მოულოდნელი ცვლილება ვერანაირად ვერ კვალიფიცირდება ვანდალიზმად, რამდენადაც ზიანი მას არავისთვის მიუყენებია.

…ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი”, — ნათქვამია განცხადებაში.

ხელოვანები ითხოვენ, კვალიფიკაცია შეეცვალოს სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და პრობლემა გადაიჭრას ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

განცხადებაზე ხელმოწერის მსურველებს თბილისში, თარხნიშვილის 25-ში მდებარე დედიკას გალერეაში, 11 და 12 თებერვალს, 12:00-დან 19:00 საათამდე ელიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი