ახალი ამბები

ხელოვანი ანდრო დადიანი თავის ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს აჩუქებს

14 თებერვალი, 2023 • 1286
ხელოვანი ანდრო დადიანი თავის ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს აჩუქებს

მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატები გაიტანა, ხელოვანი ანდრო დადიანი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციას თავის ნამუშევარს გადასცემს.

სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ნამუშევრები 13 თებერვალს გაიტანეს. აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება ხელოვან სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.

“ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.

ცხოვრების კანონია – ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება.

ვფიქრობ, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე”, — დასძენს ანდრო დადიანი.

იგი მოუწოდებს სხვა ხელოვანებსაც, აჩუქონ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. თავად დადიანი პრეზიდენტის რეზიდენციას აჩუქებს ნამუშევარს “მოკლე ისტორიული მეხსიერება”.

ნამუშევარი შედგება საქართველოს ძველი, სამფეროვანი დროშისგან — რომელზეც თეთრი და შავი ზოლების წყობა შეცვლილია — და ცრემლების ფორმის დეკორაციებისგან.

“30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთი და იმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს ”იყო”-მ შეიწოვა სიტყვები – ”არის” და ”იქნება”. ”მოკლე ისტორიული მეხსიერება” დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს სამფეროვანი დროშა 2004 წელს შეიცვალა, თუმცა დღეს ჩვენ ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას – თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.

ობიექტზე ე.წ. ცრემლები ”პერესტროიკის” დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომლებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსენო”, — ვკითხულობთ ნამუშევრის აღწერილობაში.

“თავდასხმა”

ნახატების გატანის ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ინსტიტუტზე პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა.

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიხედვით, სვიმონ დადიანის ნახატები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში გამოსაფენად ხელოვნების სასახლემ შეარჩია, ადმინისტრაციაში დროებით, 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში არ დააბრუნა.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ვადების დარღვევას და ამბობენ, რომ შესაბამისი მემორანდუმი დადებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

“რუსთავი 2” ასევე იუწყებოდა, რომ რესტავრატორების 31 იანვრის დასკვნით, 5-დან 3 ნამუშევარი დაზიანებულია, თუმცა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ხელოვნების სასახლის წარმომადგენელი საუბრობს ერთი ნახატის უმნიშვნელო დაზიანებუს შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა თქვა:

“…ვერ დგინდება, ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის — ჩვენთან თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში”.

რა მოხდა ნამუშევრების გატანამდე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყებასა და ამასთან დაკავშირებით გალერეასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავთა მობილიზებას.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – დაწერა მან.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარი ფაქტის შესახებ, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამ აქტის გამო მხატვარს შსს-მ ბრალდება წაუყენა ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სამხატვრო გალერეასთან საპროტესტო აქცია 12 თებერვალს გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, შსს-მ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

არაერთი ხელოვანისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილების ფონზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი აზრით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს და, სავარაუდოდ, ჯარიმა დაეკისრება.

ზემოხსენებული გამოფენის მონაწილე სამმა ხელოვანმა თავისი ნამუშევრების ჩამოხსნა უკვე მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი