კომენტარისაზოგადოება

“საქართველოში იმიტომ არ დავბრუნდი, რომ ქვიარი ვიყავი” – მარიკა ქოჩიაშვილის ისტორია

5 აპრილი, 2024 • 3447
“საქართველოში იმიტომ არ დავბრუნდი, რომ ქვიარი ვიყავი” – მარიკა ქოჩიაშვილის ისტორია

მსახიობობიდან ჟურნალისტიკამდე, თბილისიდან ლონდონამდე, ფოტოჟურნალისტიკიდან ხელოვნებამდე, დაბნეული პატარა გოგოდან ლესბოსელ ქალამდე – ბევრი გზითა და მეტამორფოზებით იარა მარიკა ქოჩიაშვილმა სკოლის დასრულებიდან დღემდე, როდესაც მას ინგლისში მცხოვრებ ქართველ ქვიარ-არტისტად იცნობენ. ფოტოგრაფად და უკვე სკულპტორადაც.

საქართველოში და საზღვარგარეთ არაერთი ჯგუფური გამოფენის შემდეგ, 22 მარტს თბილისში, ახალი ნარატივების გალერეაში, მარიკა ქოჩიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა – “რო გავიზრდები, გაკოცებ”. ეს პირველი გამოფენა იყო მისი სკულპტურული ნამუშევრებისთვისაც.

როგორი იყო ბავშვობიდან დღემდე საკუთარი თავის, სხეულის, სექსუალობის, პროფესიული და შემოქმედებითი მისწრაფებების პოვნის, შეყვარების და გაზიარების გამოცდილება, მარიკა ნეტგაზეთს ესაუბრება.


გაქცევის სურვილი – ბავშვობიდან ლონდონამდე

ბავშვობიდან ვიყავი ე.წ. “თომბოი”, ბიჭური გოგო. ჩემი მეგობრები პომადას ისვამდნენ, ჩემზე “უფრო გოგოები” იყვნენ, უფრო ქალურები და მე ამ დროს მუდმივად კონფლიქტში საკუთარ თავთან, რომ მათნაირი ვყოფილიყავი. არადა, საშინელი დისკომფორტია ეს კაბები და ქალურად ჩაცმა, როცა კონფლიქტი გაქვს შენს სხეულთან. რა თქმა უნდა, ეს გიჩენს კომპლექსს, იმიტომ რომ არსებულ სტანდარტებში არ ჯდები.

თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, სამსახიობოზე. ვფიქრობდი, სანამ ჩავაბარებდი, გარეგნობა უნდა შემეცვალა. თან მაგ პერიოდში ცხვირის ოპერაციების ბუმი გაჩნდა – ყველა მეუბნებოდა, “გაიკეთე, გაიკეთე”, რადგან კეხიანი ცხვირი მქონდა. გავიკეთე მოკლედ ეს ცხვირი, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით, თუმცა ახლა ძალიან ვნანობ. ჩავაბარე სამსახიობოზე.

მერე ჟურნალისტი გავხდი. ვმუშაობდი გადასარევ ადამიანებთან ერთად. გაფართოვდა ჩემი თვალსაწიერი. გამიჩნდა მიმღებლობა ქვიარ ადამიანების მიმართ, რაც მანამდე არ მქონდა. პირიქით, ეს ე.წ. ინტერნალიზებული ჰომოფობია მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ჰომოფობს აქვს სწორედ ეგ შიში, რადგან საკუთარ თავშიც გრძნობ ამ ლტოლვებს.

სკოლის ასაკიდანვე მქონდა საშინელი სურვილი აქედან [საქართველოდან] წასვლის, გაქცევის. სახელს ვერასდროს ვარქმევდი, რატომ და რისთვის. ვამბობდი, რომ სასწავლებლად მინდოდა წასვლა. გამიმართლა და “ჩივნინგის” პროგრამით წავედი ლონდონში. დარწმუნებული ვიყავი, ერთი წლით მივდიოდი და დავბრუნდებოდი. სულ ვამბობდი, ყველა თუ წავიდა და დარჩა, აქ რაღა გვრჩება. პირიქით, უნდა წახვიდე და დაბრუნდე, რომ მერე აქ რაღაცები განავითარო-მეთქი. 

ლონდონში დარჩენა საკუთარი თავის საპოვნელად და ქამინგ-აუთი

ჩავედი ლონდონში. თავიდან ვფიქრობდი, აქ როგორ ცხოვრობს ხალხი-მეთქი. 25 წლის ვიყავი. მანამდე საქართველოს გარდა სხვაგან არ მიცხოვრია. 

ალბათ ექვსი თვე იქნებოდა გასული. მახსოვს, სახლში მოვდივარ და ვფიქრობ: ექვს თვეში ეს უნდა დამთავრდეს? შანსი არ არის! არ არსებობს! არ მინდა უკან დაბრუნება!

იქ იმისთვის არ წავსულვარ, რომ აქაურ გარემოს გავქცეოდი, როგორც ქვიარ ადამიანი. მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უკან არ დავბრუნდი. იქ მოხდა ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა – საკუთარი თავის, იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მიღება. 

ჯგუფელზე, რომელიც იტალიელი იყო, გამიჩნდა ეს რაღაცნაირი “ქრაში”. იმდენად მინდოდა ამის გაზიარება ჩემს აქაურ მეგობრებთან, ვუყვებოდი, ვუყვებოდი და იქამდე მივედი, სანამ ერთმა მეგობარმა არ მკითხა, ხომ არ გიყვარს ეგ ოლგაო. და მეთქი… კი!

ნელ-ნელა ვიღაცებს ვუთხარი. თავიდან ცოტა გეშინია. მერე ამბობ, რომ იცი რა, კი არ მრცხვენია, არამედ მიყვარს ჩემი იდენტობა, სექსუალობა. მერე ოჯახთან იწყებ ლაპარაკს.

მე გამიმართლა. ბევრად უფრო მიმღებია ჩემი ოჯახი, ვიდრე არიან ხოლმე ოჯახები, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ჩემი დებისგან დავიწყე, ზუსტად ვიცოდი რომ მათთან პრობლემა არ მექნებოდა. ორივემ ცალ-ცალკე მითხრა, ველოდებოდით, შენ თვითონ როდის გვეტყოდიო.

ძალიან მინდოდა თქმა დედაჩემისთვის. ძალიან მიჭირდა და რაღაცნაირად ვერ მოვიხელთე საჭირო დრო. ერთ საღამოს ტელეფონით ვლაპარაკობდით. დედაჩემი უყურებდა სერიალს Orange Is The New Black (“ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური”). სერიალია ქალების ციხეზე, სადაც ბევრი ლესბოსელია. ვკითხე: როგორ მოგწონს “ლეზბიანკები-მეთქი”? ფუფ-ო, ჯერ დაიჯღანა. გამეცინა. მეთქი, რა “ფუფ”?! წესიერად ილაპარაკე ლეზბიანკებზე-მეთქი. რატომ, შენც “ლეზბიანკა” ხარო? კი-მეთქი. უცბად შოკი! ეგრეც ვიცოდიო.

დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა, მაგრამ არ იაზრებდა ამას. ამის მერე დაიწყო დიდი, ხანგრძლივი პროცესი ამ ინფორმაციის მიღების და გადამუშავების. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ალბათ ისე რთული არა, როგორც სხვებისთვის. მახსოვს, რომ გრძელი წერილი დავუწერე. ვიფიქრე, რომ სჯობდა, ეს წაეკითხა. კიდევ და კიდევ გადაეკითხა. უფრო ადვილად მიიღებდა. ამ დროს მშობლები ხშირად თავს იდანაშაულებენ: “მე ვერ გაგზარდე”, “თხილამურებზე რატომ გატარე. ნეტავ, ცეკვაზე მეტარებინე”. სისულელეა, დაივიწყეთ! თქვენი ბრალი არ არის! დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემსაც ეს შიშები ექნებოდა.

დედაჩემი ცისარტყელას დროშით არ დარბის ჩვიდმეტ მაისს. მე კი ვისურვებდი, რომ ერბინა, მაგრამ არ დადის და არც არის აუცილებელი. რაც მთავარია, მიღებს მე და ჩემს შეყვარებულს, რომელსაც იცნობს და პატივს სცემს, როგორც შეუძლია. ჩემთვის ესეც საკმარისია. ის, რომ უყვარხარ, მისაღები ხარ, ერთი სული აქვს, როდის გნახავს და გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, შენს შეყვარებულთან ერთად, საკმარისია.

ზუსტად ვიცი, რომ ბოლომდე მიღებული ეს ვერასოდეს ექნება. კონფლიქტია მასში, მაგრამ ამას აბიჯებს და მაინც იღებს. მგონია, რომ ეს ძალიან დასაფასებელია.

მამაჩემი უბრალოდ ხმას არ იღებს – მხოლოდ და მხოლოდ ქმედებები და ეს ქმედებები, როგორც წესი, არის დადებითი. რა თქმა უნდა, მაქვს აფეთქებები, პროტესტები, ბრდღვნი და ჩხუბობ რაღაცებზე, მაგრამ მერე ხვდები, რომ უნდა დამშვიდდე. თვითონ თუ გიღებს, შენც უნდა მიიღო, რომ რაღაცები მისთვის მიუღებელი იქნება.

“გჭირდება ადამიანების ჯგუფი, ვისთვისაც მისაღები ხარ”

ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის ქამინგ-აუთი ადვილი არ არის.

ვინც ახერხებს, ძალიან კარგია მათთვის. ძალიან კარგია, როცა არ გიწევს ვიღაცის მოტყუება. თუ გაქვს იმის ფუფუნება, რომ არ მოიტყუო, იცი, რომ ოჯახი სახლიდან არ გაგაგდებს, მაშინ სჯობს ალბათ, რომ რაღაცნაირად ეს ძალიან გამბედავი ნაბიჯი გადადგა.

აუცილებლად გჭირდება თემი. მყავდა ქართველი მეგობარი აქ, საქართველოში, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრებოდი. მან მირჩია, წადი გეი ბარშიო. მაშინ ვიყავი ოცდაშვიდი წლის. იყო ხუთი სექტემბერი და ხუთშაბათი ღამე – აღმოჩნდა რომ ამ ბარში იყო ლესბოსელების ღამე. მივედი სამსახურიდან, ჯერ კაციშვილი არ იყო, 7 თუ 8 საათი იქნებოდა. მარტო ვიჯექი ძალიან შეშინებული, ტელეფონით ვემესიჯებოდი ჩემს დეიდაშვილს, რომელიც მამშვიდებდა. დაახლოებით ათი საათისთვის ხალხმა დაიწყო მოსვლა. წარმოიდგინე, სულ ქალები! გაივსო ბარი და რაღაც მომენტში ჩემს მაგიდასთან ორი ქალი მოვიდა. რატომ ხარ შენ აქო? არ ვიცი-მეთქი. ტელეფონში რა გინდაო? პირველად ვარ გეი ბარში-მეთქი. ვინმეს გასაცნობად ხარ? – მეკითხებიან. აჰ, არაფერს ვეძებ, უბრალოდ ვარ-მეთქი. მოვუყევი, რაც ხდებოდა, რომ სულ ახალი გააზრებული მქონდა ჩემი ქვიარობა. 

მაგრძნობინეს, რომ მათიანი ვიყავი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს ადამიანები არც მინახავს მას მერე. თვითონაც მომიყვნენ, მათი ქამინგ-აუთი როგორი იყო ოჯახთან. ამ დროს ხვდები, რომ მარტო არ ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომელთაგან ზოგს წარმატებული და ზოგს წარუმატებელი ქამინგ-აუთი ჰქონდა, მაგრამ მაინც ახერხებენ გადარჩენას, ბედნიერად ცხოვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ემიგრანტებისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახთან არ არის დაქამინგაუთებული. აუცილებლად გჭირდება ადამიანების ჯგუფი, ვისთვისაც მისაღები ხარ.

იმ მომენტში, როგორც კი მივიღე და შევიყვარე ჩემი ეს ნაწილი, სხეულთან დამოკიდებულებაც შეიცვალა. აქედან წათრეული კაბები და ფეხსაცმელი, ქუსლები, რაშიც პერიოდულად ვცდილობდი, რომ ჩავტენილიყავი, ერთიანად მოვხიკე და გადავყარე. ეს იყო ყველაზე დიდი გათავისუფლების შეგრძნება, რაც მქონია სხეულთან დაკავშირებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მანდ არ სრულდება. ნეტავ ასეთი ადვილი იყოს შენი სხეულის შეყვარება.

ჟურნალისტიკიდან ხელოვნებაში და შიშველი სხეულების ქორეოგრაფიამდე

ლონდონში სააგენტო “როიტერსში” ვიმუშავე ცხრა წელი ფოტორედაქტორად. ბოლოს, 2021 წელს, როცა კოვიდი იყო და ქვეყანა თავდაყირა იდგა, გამოვიქეცი. ჩემი ტვინი არ არის კორპორაციებზე მორგებული, არ მაინტერესებს კიბეზე აცოცება, ვიღაცის მენეჯმენტი და ა.შ. ცხრა წელი ერთი და იმავეს კეთება რაღაც მომენტში გბეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ საოცნებო სამსახური მქონდა. ჩემი საკუთარი პროექტების კეთება მინდოდა და მაგისთვის საკმარისი დრო არასდროს მრჩებოდა.

ფოტო-ჟურნალისტიკიდან უფრო არტისკენ წავედი. დავიწყე შიშველი სხეულების გადაღება. თავიდან, რომ მეკითხებოდნენ, რატომ აკეთებ ამასო, პასუხს ვერ ვცემდი. უბრალოდ, ვიღებდი და ვიღებდი, ხან ვის და ხან ვის. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მთელი ეს პროცესი საკუთარი სხეულის მიღებისა და ძიების პროცესი იყო. როგორც კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემზეა და ამ ქალების სიშიშვლით ჩემი საკუთარი სხეულის მიღებას ვცდილობ, რაღაცები დავალაგე.

რაც მაინტერესებს ფოტოგრაფიაში, ეს არის სხეულები, ქვიარობა, სხეულების ერთმანეთთან მიმართება, ქორეოგრაფია. ესეც ენაა ერთგვარი. არ მინდა, რომ იყოს სიშიშვლე სიშიშვლისთვის. სულ ვცდილობ, ავხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჩემთვის.

ლესბოსელ წყვილებზე მაქვს პროექტი. არაფერი განსაკუთრებული და სექსუალური აქ არ ხდება. ეს არის ყოველდღიურობა, მათი ინტიმურობა, რაც გამოიხატება ამ ერთ მდგომარეობაში, რომელსაც ირჩევენ და მეუბნებიან, რომ “ეს არის ის მდგომარეობა, სადაც ერთმანეთი გვიყვარს ყველაზე მეტად”.

მერე მივხვდი, რომ სრულიად ჩემი კონტროლის ქვეშ არის ეს ყველაფერი თიხაში. არავისთან არანაირი შეთანხმება არ მჭირდება. რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. როგორც ყველაფერი დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში, სკულპტურებზე მუშაობაც ასე დავიწყე – აბსოლუტურად დაუფიქრებლად, როგორც უბრალოდ მცდელობა, რომ რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა.

კონვენციურად ლამაზი სხეულები არ მაქვს, ყველანაირია აბსოლუტურად, და ისედაც ხომ ასე ვართ. ეგ არის რეალობა. მაგალითად, ჩემს სკულპტურებს ყველას ძალიან გამოკვეთილი, დამახასიათებელი, დიდი ცხვირები აქვთ. ისეთი, როგორითაც გავიზარდე. ახლახანს გამოფენაზე კურატორთან მუშაობის პროცესში გავიაზრე, რომ ეს ჩემი ასი წლის წინ მოშორებული და გამოტირებული ცხვირი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვენლოვან ფიგურად იქცა. ასე გამოვიდა, ამ ჩემი ძალიან პირადი და ინტიმურობით დატვირთული ნამუშვრები ჩემი პატარაობის სახეს ატარებენ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერს შენთვის აკეთებ. და რა თქმა უნდა, ძალიან გინდა, რომ ბოლოს სხვებმა ნახონ, შეაფასონ და შეიყვარონ. რაც არ უნდა ჩვენი თავისთვის ვაკეთებდეთ, დაფასება გარეშე ადამიანებისგან მოტივაციას გიმაღლებს, რომ გააგრძელო, წახვიდე და მეტი გააკეთო.

ქამინგ-აუთის პრივილეგია

მე რომ ჩემს ქვიარობაზე ასე ღიად ვსაუბრობ და რაღაცების არ მეშინია, რა თქმა უნდა იმიტომ ხდება, რომ აქ არ ვცხოვრობ და ამ მხრივ ვარ პრივილეგირებული.

ეს პრივილეგია რაღაც მხრივ ფუფუნებაა და რაღაც მხრივ, არ მსიამოვნებს. არ მომწონს, რომ ჩამოდის ეს ლონდონელი ქვიარი და აქ რაღაცებს აკეთებს. მინდა, რომ დროთა განმავლობაში ეს შეიცვალოს, მეც ვიყო აქაური ქვიარი და არტისტი. სანამ აქ არ გადმოვცხოვრდები, ეს სიტუაცია მთლიანად არ შეიცვლება, მაგრამ მაღიზიანებს პრივილეგირებულის პრიზმიდან ყურება და ძალიან ვფრთხილობ, როცა აქ რაღაცას ვაკეთებ.

ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ბევრად უფრო საინტერესოა საქართველო და აქ მცხოვრები ქვიარები. ადამიანები, ვინც რჩებიან და ირჩევენ, რომ აქედან იბრძოლონ, ყველაზე მამაცები არიან. თუ ოჯახი არ გიწყობს ხელს და არ გაქვს ღიაობა, ძალიან რთულია, რომ იყო შენი თავი, როგორც ქვიარ ადამიანი.

თუკი ჩემი რაღაც ფოტოს ან სკულპტურის ნახვა ოდნავ მაინც გამბედაობას მისცემს ასეთ ადამიანს, თუნდაც ერთ ქვიარს, რომ თქვას, კარგი, მეც შემიძლია საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობა და სექსუალობა მივიღო, იმიტომ, რომ ვიღაცას გამოუვიდა, ეს ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს ჩემთვის.

რომ არ წავსულიყავი…

სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, რა მოხდებოდა. მინდა მჯეროდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აქაც შევძლებდი აღმომეჩინა ჩემი სექსუალობა და მიმეღო, როგორც სხვა ქვიარ ადამიანებს. ქართველ კაცებს მარიკა, მარიკას ფიზიკურობა და არაფემინურობა არ აინტერესებთ. იმათგანაც არ იქნებოდა დიდი ინტერესი და ჩემი ფაფხურიც დასრულდებოდა.

შიში, რომ ბიჭებს არ მოვეწონებოდი, რა თქმა უნდა იყო. ალბათ მეც არ მაინტერესებდა სინამდვილეში. ვიღაცებს ესე უცბად ამოვირჩევდი და მათზე მქონდა ფოკუსი. ამ დროს, სინამდვილეში, მუხლები სხვაზე მეკეცებოდა – ქალზე. კაცებს უნდათ პომადაწასმული რაღაცნაირი ქალები, და კი ვცდილობდი, რომ ეგეთი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი