ახალი ამბები

„პოლიტიკური თავდასხმა“ — პრეზიდენტის ადმინისტრაცია წულუკიანის გენინსპექციის შესვლაზე

13 თებერვალი, 2023 • 772
„პოლიტიკური თავდასხმა“ — პრეზიდენტის ადმინისტრაცია წულუკიანის გენინსპექციის შესვლაზე

პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმად აფასებს კულტურის სამინისტროს გენინსპექციის მიერ ორბელიანის სასახლიდან სვიმონ დადიანის ნახატების გატანას.

„ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული“, — განუცხადა მედიას კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის მისვლის შესახებ, რათა დადიანის ნამუშევრები წამოეღოთ. ტელეკომპანიისვე ცნობით, ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით, 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში არ დააბრუნა; ამასთან, რესტავრატორების 31 იანვრის დასკვნით, 5-იდან 3 ნამუშევარი დაზიანებულია.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის განმარტებით, სვიმონ დადიანის დაახლოებით 30 ნამუშევარი მისმა მემკვიდრეებმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცეს სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით. ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გაიარა — დასაწყობებული იყო ამერიკაში, შემდეგ ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში, სადაც გამოფენილი იყო ორ სხვადასხვა სივრცეში.

„ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ვერ დგინდება, ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის — ჩვენთან თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში. საერთოდ, მსგავსი ბრალდებები, რომელსაც ვადევნებდით თვალს და დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, ახალი არ გახლავთ, მიჩვეულები ვართ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“, — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ნამუშევრების ხელოვნების სასახლეში დაბრუნების ვადების დარღვევას და ამბობს, რომ შესაბამისი მემორანდუმი დადებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

დღეს კულტურის სამინისტროს გენინსპექციის და ხელოვნების სასახლის თანამშრომლების მისვლას ორბელიანის სასახლეში წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყების თაობაზე.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში 12 თებერვალს.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამ აქტის გამო მხატვარს შსს ედავება ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-იდან 2 წლამდე ან 3-იდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

12 თებერვალს სამხატვრო გალერეასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი