ახალი ამბები

“წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის განადგურებას” – მიმართვა დეპუტატებს

5 თებერვალი, 2024 • 640
“წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის განადგურებას” – მიმართვა დეპუტატებს

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაამტკიცონ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, კულტურის სამინისტროს საქმიანობა შეისწავლოს სახელმწიფო აუდიტმა.

“თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას. ის მეორედ არ უნდა დაინიშნოს მინისტრად, რადგან: 

  • ნადგურდება გელათი! 
  • ნადგურდება არქეოლოგიური ძეგლები! 
  • მეცნიერებს არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა! 
  • არ წყდება ხელოვანებზე თავდასხმა! 
  • სხვადასხვა სფეროდან ასობით პროფესიონალს ბოიკოტში ყოფნა უწევს!
  • საგანმანათლებლო სივრცეები კარგავენ ავტონომიას! 
  • კინოცენტრის ბიუჯეტი იფლანგება პარტიის პროპაგანდისტების ბერლინში ვოიაჟისთვის! 
  • ფერხდება ლიტერატურული პროცესები! 
  • უკანონოდ ათავისუფლებენ დასაქმებულებს და სამინისტრო შრომით დავებს აგებს! 
  • სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროებში დარგის სპეციალისტებს ანაცვლებენ პენიტენციური სისტემის კადრებით!”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, წულუკიანისთვის ნდობის გამოცხადებით დეპუტატებიც გაინაწილებენ პასუხისმგებლობას “ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე”.

“თუ კულტურის სფეროსთვის მის მიერ მიყენებული ზიანის გრძელი ჩამონათვალი თქვენთვის უმნიშვნელოა, გამოიჩინეთ პრაგმატიზმი, რადგან გაზაფხული ცხელი იქნება”, – აცხადებენ კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები.

ეს მიმართვა მათ დღეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წულუკიანის მოსმენის დაწყებამდე გაავრცელეს. საღამოს, 19:00 საათზე, იმავე მოთხოვნით დაგეგმილია აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელშიც თეა წულუკიანი კვლავ კულტურის მინისტრი იქნება, პარლამენტმა ნდობა მიმდინარე კვირაში უნდა გამოუცხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი