ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს გენინსპექცია ნამუშევრების წამოსაღებად პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

13 თებერვალი, 2023 • 1668
კულტურის სამინისტროს გენინსპექცია ნამუშევრების წამოსაღებად პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არის მისული.

ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს და ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მისული ათონელზე, თუმცა ნამუშევრების წაღება ვერ შეძლეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით, 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში არ დააბრუნა. „რუსთავი 2“ იუწყება, რომ რესტავრატორების 31 იანვრის დასკვნით, 5-დან 3 ნამუშევარი დაზიანებულია, თუმცა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ხელოვნების სასახლის წარმომადგენელი ერთი ნახატის უმნიშვნელო დაზიანებაზე საუბრობს.

„მოვედით ხელოვნების სასახლიდან, რომ ეს ნამუშევრები წავიღოთ. ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს მხოლოდ ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ის პრეზიდენტის სასახლეში თუ არა“, — განაცხადა სახვითი ხელოვნების ფონდის მცველმა, ელო ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ხელოვნების ნიმუშების გადატანა პრეზიდენტის სასახლეში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და ყველა წესის დაცვით განხორციელდა, თუმცა „მოხდა [დაზიანება] შემთხვევით“. რა ნამუშევარზეა საუბარი და როდის დაზიანდა, გაურკვეველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. კულტურის სამინისტროში „ნეტგაზეთის“ ზარებს არ უპასუხეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 13 თებერვალს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყებას.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამ აქტის გამო მხატვარს შსს ედავება ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

12 თებერვალს სამხატვრო გალერეასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, შსს-მ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი