ნეტგაზეთი | სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი – Netgazeti
RU | GE  

სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. მას მეჩვიდმეტე წელია აღნიშნავენ. დაახლოებით ამ ასაკისაა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც, თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალურად: სინამდვილეში, თეთრ ფონზე გამოსახულ 5 წითელ ჯვარს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, რაც 17 წლის წინ მისი ეროვნული სიმბოლიკის რანგში აყვანის წინაპირობაც გახდა.

ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.

ამ სტატიაში სპეციალისტების დახმარებით გიამბობთ, როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ და ფასდება თუ არა 2021 წლის საქართველოში დროშა, როგორც სახელმწიფოებრიობის განმასახიერებელი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო.

წითელი, თეთრი და შავი – დამოუკიდებლობამდე მომზადებული დროშა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1 წლით ადრე, 1917 წლის ზაფხულში იწყება, როცა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეროვნული ინტერპარტიული საბჭო შექმნეს.

სწორედ ამ პერიოდში მოამზადა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ სამფეროვანი [შინდისფერი ფონი  შავი და თეთრი ზოლით] დროშის ესკიზი. “სოვლაბის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი დასძენს, რომ ნიკოლაძემ კონსულტანტ ისტორიკოსებთან ერთად დროშისთვის ის ფერები შეარჩია, რომლებიც იმ პერიოდისათვის ცნობილ ძველ ქართულ დროშებზე ფიგურირებდა.

ამავე წლის ნოემბერში, თბილისის ოპერის შენობაში, საქართველოს ეროვნული ყრილობის გახსნაზე, სამფეროვანი დროშა უკვე გამოიფინა, როგორც ეროვნული სიმბოლო.

იაკობ ნიკოლაძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იაკობ ნიკოლაძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

“ამ დროს, რა თქმა უნდა, ნაციონალური თვითგამორკვევის საკითხი უკვე ღიად და ოფიციალურად დგას, თუმცა ფორმაზე გრძელვადიან პერსპექტივაში თამამი საუბარი არ არის.

უფრო წამყვანი თემაა ფედერაცია, ფედერალური სუბიექტობა და ა.შ. თუმცა ორი აზრი არ არის, რომ ნაციონალური იდენტობა უკვე არსებობს და ასევე არსებობენ ნაციონალური ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებოდათ სიმბოლიკა”, – აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ახალი დროშის ფონზე ჩატარდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი საზეიმო ღონისძიება სვეტიცხოველში, როცა ათასობით ადამიანმა გამართა მსვლელობა თბილისიდან მცხეთამდე.

შესაბამისად, 1918 წლის 26 მაისს, როდესაც ყოფილ მეფისნაცვლის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დროშა უკვე მზად იყო და სასახლეზეც აღმართეს რევოლუციის სიმბოლოსთან – წითელ დროშასთან ერთად.

“ამ პერიოდიდან მოყოლებული, არაოფიციალურად, ეს რჩება [სახელმწიფოს] სიმბოლოდ და უკვე 1918 წლის მეორე ნახევრისთვის პარლამენტი ამტკიცებს ამ დროშას მცირედი ცვლილებებით, პროპორციების კუთხით. ამ დროიდან ის უკვე ოფიციალურად ხდება სახელმწიფოს დროშა და ენიჭება ეროვნული სახელმწიფო დროშის სტატუსი”, – აღნიშნავს ხვადაგიანი.

მკვლევრის თქმით, იმ ფონზე, რომ დროშას უკვე ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობა და 1918 წლის მეორე ნახევარში საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლებშიც “მოინათლა”, მნიშვნელოვანი დისკუსიის გარეშე მიიღეს.

“ყველა ზეიმზე და ღონისძიებაზე ეს დროშები იყო გამოფენილი. იყიდებოდა ცალკეც, პატარა სიმბოლოები, მომზადდა გულსაბნევებიც… არსებობდა სამფეროვანი ლენტებიც, რომლებსაც დღესასწაულზე იყენებდნენ ადამიანები…

ოკუპაციის შემდეგაც, მთელი 20-იანი წლების მანძილზე, ეს დროშა არის წინააღმდეგობის სიმბოლო და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის ყველა ეპიზოდში ფიგურირებდა”.

წითელი ანექსიის შემდეგ: ვინ შეკერა სახეცვლილი დროშა ციმბირში?

ირაკლი ხვადაგიანი დასძენს, რომ პირველი რესპუბლიკის დროშის ფერებს განსაზღვრული მნიშვნელობა არ ჰქონია. თუმცა საზოგადოებაში მაინც გაჩნდა შინდისფერის, წითლისა და თეთრის ნაზავის ინდივიდუალური ახსნები.

ერთ-ერთის თანახმად, შავი ზოლი მძიმე წარსულს განასახიერებდა, თეთრი კი – მშვიდობას. ადამიანებს სჯეროდათ, რომ როცა ქვეყანა ფეხზე წამოდგებოდა და სტაბილურობა დაისადგურებდა, დროშაძე ზოლების თანმიმდევრობა შეიცვლებოდა, თეთრი ზემოთ აიწევდა, შავი კი  “ჩამოქვეითდებოდა”.

პირველი რესპუბლიკა სტაბილურობას არ მოსწრებია: 3-წლიანი არსებობის შემდეგ, 1921 წელს, ის წითელმა არმიამ დაიპყრო. საქართველო გასაბჭოვდა. მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, მრავალი ადამიანი კი საბჭოთა რეჟიმმა გადაასახლა. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, სწორედ გადასახლებაში მოხდა დროშასთან დაკავშირებული ერთი საინტერესო ამბავი:

“არის პოლიტიკური გადასახლებულების დროშა, 20-იან წლებში ქართველი პოლიტპატიმრების ჯგუფის მიერ ციმბირში შეკერილი, რომელზეც თეთრი ზოლი ზემოთ არის,  შავი კი- ქვემოთ.

რატომ შეკერეს გადასახლებულებმა დროშა ამ ფორმით, რთული სათქმელია. ამ დროს პირიქით, ოკუპირებული იყო ქვეყანა და არაფრით განხორციელებულა დათქმა უკეთესი ცხოვრების შესახებ. სავარაუდოდ, ეს იმის გამო გააკეთეს, რომ შავი ზოლი ზემოთ არ ყოფილიყო და თეთრი არ დაეჩრდილა”.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან ერთად პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკაც აიკრძალა. დროშამ, რომელიც საჯარო სივრცეებიდან გააქრეს, წინააღმდეგობის მოძრაობის წიაღში გადაინაცვლა. ის გამოჰქონდათ ანტისაბჭოთა დემონსტრაციებზე, აფრიალებდნენ აჯანყებებისას და შეიარაღებული გამოსვლებისას.

საბჭოთა დროშები

1921-დან 1951 წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშის სახე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეს იყო წითელი ფონი, ზედა მარცხენა კუთხეში გასაბჭოებული რესპუბლიკის სახელწოდების აბრევიატურით.

საბოლოო ვერსია, რომელმაც ყველაზე დიდხანს იარსება, 1951 წლის აპრილში დაამტკიცეს. წითელი ფონი უცვლელად დარჩა. ზედ გამოსახეს ცისფერი ზოლი, ასევე, ნამგალი, ურო და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა

გასაბჭოებიდან 7 ათწლეულის შემდეგ, 1990 წლის შემოდგომაზე, როცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვეღა რჩებოდა, საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს – უზენაესი საბჭოს – მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მან გააუქმა საბჭოთა დროშა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო  უცვლელი სახით აღადგინა.

ამავე წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის უკანასკნელმა ცოცხალმა წევრმა, საშა სულხანიშვილმა, საქართველოში სამფეროვანი დროშის ერთ-ერთი უძველესი ეგზემპლარი ჩამოიტანა.

ხუთი ჯვარი საზღვაო რუკებზე: დროშის შეცვლის ისტორიული წინაპირობა

პირველი რესპუბლიკის დროშა საქართველოს ეროვნულ სიმბოლოდ 2004 წლამდე დარჩა. მისი შეცვლის საკითხი დღის წესრიგში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დადგა. თუმცა, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, ოპოზიციური მოძრაობის საპროტესტო აქციებზე ჩანდა 5 წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, რომელიც სულ მალე ჩაანაცვლებდა სამფეროვან დროშას.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ამ ჟესტით “ვარდების რევოლუციის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, “ახალი დასაწყისის” ჩვენება სურდა.

“[იყო მინიშნება, რომ] სამფეროვანმა დროშამ, ასე ვთქვათ, “ვერ გაამართლა”: პირველი რესპუბლიკა დაეცა, მერე 90-იანი წლებიც არ გამოირჩეოდა დიდი პოზიტივით და აი, შეიცვალა დროშა, შეიცვალა დრო და ახალი დასაწყისია ამ დროშით ნაჩვენები.

სიმბოლიზმი გასაგებია. გასაგებია, რისი თქმა სურდათ ქვეყნის მაშინდელ მესვეურებს ამით. რამდენად მისაღებია ან არ არის მისაღები, ეს სხვა საკითხია, თუმცა ეს იყო, ჩემი აზრით, მიზანი, რაც თავისთავად, გაუგებარი არ არის ჩემთვის”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ოპოზიციის აქცია თბილისში. 2003 წლის 8 ნოემბერი

ლაშა ბაქრაძე თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულთა მტკიცებას, რომ ისტორიულად, სწორედ თეთრ ფონზე გამოსახული 5 ჯვარი იყო საქართველოს ისტორიული დროშა. ძიების შემდეგ მან აზრი შეიცვალა. თუ რატომ, ამის გასარკვევად შედარებით შორეულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ, როცა მოგზაურებმა ე.წ. პორტოლანების – საზღვაო რუკების შექმნა დაიწყეს და საქართველოს ისტორიული ტერიტორიაც შესაბამისი სიმბოლოებით მონიშნეს.

ევროპაში დროშები მხოლოდ XIV საუკუნის დასაწყისში ჩნდება. ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელსაც ლაშა ბაქრაძე დროშაზე მსჯელობისას ეყრდნობა, 1339 წლით თარიღდება და მალიორკელ კარტოგრაფს, ანგელინო დულსერტს ეკუთვნის.

“ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რუკაზე თბილისის თავზე სწორედ ეს დროშა ჩანს. მისი მსგავსი ჩანს სოხუმის თავზეც, თუმცას მას კიდევ აქვს მწვანე ზოლები დამატებული. ჩემი აზრით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ გარკვეული ტიპის ავტნომიურობა იყო სოხუმის გარშემო ტერიტორიებზე”, – დასძენს ის.

ხუთჯვრიანი სიმბოლო თბილისის თავზე. ანგელინო დულსერტის პორტულანი

ხუთჯვრიანი სიმბოლო თბილისის თავზე. ანგელინო დულსერტის პორტოლანი. 1339 წ.

დულსერტის პორტოლანი ერთადერთი არ არის, რომელიც ზემოხსენებულ მტკიცებას ამყარებს: ამავეს ამბობს იტალიელი კარტოგრაფების, დომენიკო და ფრანჩესკო ვიციგანოების 1367 წლის რუკა. ხუთჯვრიანი დროშა აქაც ნათლად ჩანს.

დომენიკო და ფრანჩესკო ვიციგანოების პორტოლანი, 1367 წ.

დომენიკო და ფრანჩესკო ვიციგანოების პორტოლანი, 1367 წ.

“სულ პირველად, კიდევ უფრო ადრე, 1321 წელს, ოღონდ არა 5 ჯვარი, არამედ ერთი ჯვარი და ოთხი მრგვალი წერტილი, ჩნდება პიეტრო ვესკონტეს რუკაზე, ასევე სოხუმის თავზე. ანუ, ეს [დიდი] ჯვარი, წერტილებთან თუ ჯვრებთან ერთად, დასტუდება ბევრ რუკაზე”, – აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

ხუთჯვრიანი დროშა სოხუმის თავზე, მწვანე ზოლების დამატებით, XV საუკუნეში მოღვაწე კარტოგრაფის,  გაბრიელ დე ვალსეკას რუკაზეც ჩანს. ამავე სიმბოლოს ვაწყდებით XV საუკუნის ანონიმი ავტორის რუკაზეც.

პიეტრო ვესკონტეს რუკა. 1321 წ.

პიეტრო ვესკონტეს რუკა, 1321 წ.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თქმით, ქართულ წყაროებში ხუთჯვრიანი დროშის შესახებ ნათელი ცნობები არ გვხვდება. მისი თქმით, დროშა არ არის ერთადერთი რამ, რაც ქვეყნის ყოფაში არსებობდა, თუმცა მემატიანეები მასზე ბევრს არ ლაპარაკობენ.

ბაქრაძის აზრით, აღნიშნულს შეიძლება მარტივი ახსნა ჰქონდეს: მაშინდელი ისტორიკოსები მიიჩნევდნენ, რომ არ იყო საჭირო აღნუსხვა იმ საკითხებისა, რომელთა შესახებაც მაშინდელ საზოგადოებას ისედაც ცხადი წარმოდგენა ჰქონდა.

როგორ აფასებს დროშას სახელმწიფო და საზოგადოება

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დროშას არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა. მისი თქმით, ის აღიქმება, როგორც რაღაც უცხო სხეული, ” რომელსაც ხელისუფლება შიგადაშიგ გამოფენს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის: უცხო სტუმრის ჩამოსვლის დროს თუ გარკვეული დღესასწაულისას”.

“თუნდაც ის, რომ ნარიყალას თავზე წინათ ჩანდა ჩვენი დროშა, მერე ის გადააგდეს და ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჯვარი დგას… ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი დამოკიდებულებაა საერთოდ დროშისადმი.

თუკი ვიღაც თავს დებს იმაზე, რომ არის ქრისტიანი და ჯვარი უფრო ახლოსაა მასთან, არ უნდა დაავიწყდეს, რომ დროშაზეც ჯვარია, თან 5 ცალი”, – ამბობს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

მისი თქმით, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და სათანადოდ დაფასდეს როგორც პირველი რესპუბლიკის, ისე ამჟამინდელი დროშა:

“როცა იქნება საქართველოს დაპყრობის 100 წლისთავი, 1921 წლის 25 თებერვლის აღნიშვნა, ვფიქრობ, პირველი რესპუბლიკის დროშაც უნდა გამოიყენონ და საერთოდ, უნდა ვისწავლოთ დროშისადმი დამოკიდებულება და მისი პატივისცემა: ძველისაც და დღევანდელისაც”.

ისტორიული მნიშვნელობის გარდა, ლაშა ბაქრაძე კიდევ ერთი შტრიხით გამოარჩევს ორივე დროშას, განსაკუთრებით კი, ხუთჯვრიანს:

“ნებისმიერი დროშა იქნება თუ სიმბოლო, ადვილად უნდა იხატებოდეს. ადვილად უნდა შეეძლოს ადამიანს, თუნდაც, მისი კედელზე მიჯღაბვნა.

ამ მხრივ ეს დროშა არის ძალიან კარგი. როგორც კი თქვენ ხუთ ჯვარს დაუსვამთ, ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ეს არის ჩვენი, დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო. ამასაც აქვს მნიშვნელობა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან