ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს NGO-ები დაიცავენ

31 იანვარი, 2022 • 1331
კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს NGO-ები დაიცავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები – სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამართლიანი არჩევნები (ISFED) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დასაცავად დავას დაიწყებენ.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ დღეს კულტურის სამინისტროში თანამშრომელთა ისეთივე „წმენდა“ მიმდინარეობს, როგორც ეს მანამდე იუსტიციის სამინისტროში მოხდა – „ხელწერა იგივეა და ვხედავთ იმავე სცენარს, როგორ ათავისუფლებს ამჟამინდელი მინისტრი იმ თანამშრომლებს, რომელთა მოსაზრებები არ მოსწონს“.

მათივე თქმით, ჯამში, გათავისუფლებულია დაახლოებით 70 თანამშრომელი.

„ორგანიზებული წინააღმდეგობის პასუხად მინისტრმა გააჟღერა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება ამ ადამიანების მიმართ, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი კადრები ჩამოაშორა ამ უწყებებს, მან დაიწყო დისკრედიტაცია ამ ადამიანების, რის შემდეგაც რამდენიმე ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, რომ ერთად დავიცვათ განთავისუფლებული ადამიანის უფლებები.

საია და ISFED უკვე შემოგვიერთებიან ჩვენ ამ სასამართლო დავებში. ჩვენ ვიდავებთ, რომ ეს განთავისუფლებები იყო უკანონო და დისკრიმინაციული მთელ რიგ შემთხვევაში“, – თქვა პრესკონფერენციაზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თათული ჭუბაბრიამ.


კულტურის სამინისტროდან უკვე თვეებია, რაც თანამშრომლებს ათავისუფლებენ. გათავისუფლებები შეეხო როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ამ უკანასკნელში საერთოდ გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

რაც შეეხება ხელოვნების მუზეუმს – ამ დაწესებულებიდან, სხვა თანამშრომლებთან ერთად, გაათავისუფლეს ასევე არაერთი კურატორი. სამინისტრო ამ ყველაფერს რეორგანიზაციას უკავშირებს და ამბობს, რომ მუზეუმში ინვენტარიზაციის შემდეგ მასალები გამოძიებას გადაეცემა.

ნახეთ ასევე ამ საკითხებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი