ახალი ამბები

მუზეუმში ინვენტარიზაციის შემდეგ მასალები გამოძიებას გადაეცემა — წულუკიანი

23 იანვარი, 2022 •
მუზეუმში ინვენტარიზაციის შემდეგ მასალები გამოძიებას გადაეცემა — წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაცია მიმსინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. აღნიშულის შესახებ მან 22 იანვარს, “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

წულუკიანმა მუზეუმიდან აწ უკვე გათავისუფლებულ თანამშრომლებს არაერთი ბრალდება წაუყენა, მოიხსენია ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულებად და ასევე ისაუბრა მუზეუმის ექსპონატთა გარკვეული რაოდენობის დაკარგვაზე.

“მე ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება და ის სავალალო შედეგები, რომლის თანამონაწილენიც ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილენი არიან… ამაზე ფართო განხილვები მოეწყოს, რადგან ვერავინ იტყვის – მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები.

რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც დავასრულებთ ინვენტარიზაციას, მასალებს გადავცემთ საგამოძებო უწყებებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანი გამოეხმაურა კულტურის სამინისტროსთან 21 იანვარს გამართულ აქციასაც, რომლის მიზანიც, ორგანიზატორთა თქმით, კულტურის სფეროში მიმდინარე ბოლშევიკური წმენდის გაპროტესტება იყო.

“მე ვიტყოდი, რომ ეს აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, იმიტომ, რომ ის გაიმართა თავისუფლების სახელით და საბჭოელი კულტურის მინისტრის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა”, — დასძინა წულუკიანმა აქციის შეფასებისას.

პროტესტის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება იყო – მათ შორის, კურატორებისა, რომლებიც აქ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.

მათი ნაწილი გათავისუფლებას უკავშირებს პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის შექმნილია და ითხოვს, მუზეუმში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი