ახალი ამბები

ბოლშევიკური წმენდის წინააღმდეგ – აქცია კულტურის სამინისტროსთან

21 იანვარი, 2022 • 1608
ბოლშევიკური წმენდის წინააღმდეგ – აქცია კულტურის სამინისტროსთან

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მთავარი მიზანი კულტურის სფეროში მიმდინარე ბოლშევიკური წმენდის გაპროტესტებაა.

ამ აქციას ორი ძირითადი მოვლენა უძღოდა წინ. ერთ-ერთი მათგანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაა – მათ შორის, კურატორების, რომლებიც აქ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.

მათი ნაწილი გათავისუფლებას უკავშირებს პეტიციაზე ხელმოწერას. პეტიცია ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შექმნილია და ითხოვს, რომ მუზეუმში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

ამის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად შეცდომით მითითებულია ელენე ბაქრაძე (დარიანი).

სამინისტრომ 17 იანვრის განცხადებაში აღნიშნა, რომ მოითხოვეს მუზეუმისგან აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

„დარიანის“ ხელახლა გამოსაცემად მოქალაქეებმა შემოწირულებების სახით უკვე შეაგროვეს საჭირო თანხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი