ახალი ამბები

კულტურული მემკევიდრეობის სააგენტოს PR სამსახური გაუქმდა

18 იანვარი, 2022 • 2374
კულტურული მემკევიდრეობის სააგენტოს PR სამსახური გაუქმდა

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამიერიდან აღარ ეყოლება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ინფორმაცია ნეტგაზეთს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყება ამბობს, რომ ამ სამსახურის ფუნქციები სააგენტოს ადმინისტრაციას შეერწყა.

საქმე ის არის, რომ სამინისტროს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში – „17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა“.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გაუქმებასთან ერთად, სამსახურიდან გაუშვეს სამსახურის თანამშრომელი – ბექა ბარამიძე. ბარამიძე მანამდე იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.

ბარამიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სხვა პოზიცია კულტურის სამინისტროში არ შეუთავაზებიათ, სხვა დასაქმებულებზე კი ინფორმაცია არ აქვს.

36 ადამიანს შორის არის გიორგი გაგოშიძე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას ის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს ახსენებს.

„ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მაქვს ძალიან ბევრი სტატია. მოქმედი მეცნიერი ვარ, რამდენიმე მონოგრაფია მაქვს, მონაწილეობას ვიღებ კონფერენციებში უცხოეთში და ჩემი სტატიებიც იბეჭდება უცხოეთში.

ამ მხრივ, ცოტა გასაკვირია, მე როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექციამ, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია ნული აქვს… აქ უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ეს, სავარაუდოდ, მომიჯნავე, პოლიტიკის საკითხია…

ხშირად ვიღებ მონაწილეობას მიტინგებში, იმიტომ, რომ მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას, რომელიც, მგონი, ყველა ქართველმა უნდა გააპროტესტოს. სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს”, — ამბობდა ის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს


რეორგანიზაციის საბაბით თანამშრომლები გაუშვეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან. მათ შორის, შუა საუკუნეების მიმართულების მთავარი კურატორი ნანა ბურჭულაძე. როგორც ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, მუზეუმიდან მასთან ერთად გაუშვეს კურატორი ნინო ჩიხლაძე და ახალი ქართული ხელოვნების ფონდების მცველი ნინო ხუნდაძე.

ბურჭულაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ისივე თქმით, სამივე გათავისუფლებული იყო ხელმომწერი პეტიციის, რომელსაც „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“ ერქვა და ითხოვდა მუზეუმში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, რეორგანიზაციის შესახებ განცხადება მათ ფეისბუკზე გამოაქვეყნეს. განცხადებაში საუბარია, რომ 175 საშტატო პოზიცია 146-მდე შემცირდა.

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი