ახალი ამბები

ცირა ელისაშვილი წულუკიანს დაბადების დღეზე “განთავისუფლებას” უსურვებს

21 იანვარი, 2022 • 1780
ცირა ელისაშვილი წულუკიანს დაბადების დღეზე “განთავისუფლებას” უსურვებს

ხელოვნებათმცოდნემ და „თბილისის ჰამქრის“ წევრმა ცირა ელისაშვილმა დღეს კულტურის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე თეა წულუკიანს სიტყვით მიმართა და დაბადების დღეზე, რომელიც მინისტრს დღეს აქვს, “განთავისუფლება” ურჩია ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

აქცია „ბოლშევიკური წმენდის წინააღმდეგ”  ორგანიზატორებმა სიმბოლურად სწორედ წულუკიანის დაბადების დღეს დაამთხვიეს. აქციაზე გააპროტესტეს როგორც ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება, ასევე, წიგნის “ელენე ბაქრაძე – დარიანი” ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ხელისუფლებას ვუთხრათ, რასაც ის აკეთებს კულტურის სფეროში, გვაგონებს მე-20 საუკუნის 30-იან წლებს. იმ რეპრესიებს, რომლებმაც საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ფენა შეიწირა. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ 2022 წელს 1937 უბრალოდ ვერ განმეორდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მსხვერპლის როლში. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, რაც  პოლიტიკის თვალსაზრისით შემოგვთავაზა კულტურის სამინისტრომ. ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში და გავუწევთ მას წინააღმდეგობას“, – აცხადებს ელისაშვილი.

ის ამბობს, რომ ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან პირველად დაშლის საფრთხის წინაშეა, მისი ერთიანობა კი ხელყოფილია – მუზეუმი დაცლილია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისგან, შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი კი დღემდე არ არსებობს.

„ეს არის ვითარება, როდესაც ჯერ გამოავლინა კულტურის სამინისტრომ მტრები, მერე გაათავისუფლა სამსახურებიდან და ახლა მესამე ფაზაა დარჩენილი – ამ ხალხის დახვრეტა. სხვა არაფერი დარჩა.

“ჩვენ ამას არ გავატარებთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად. ჩვენ გავიტანთ ამ ინფორმაციას საქართველოს გარეთ. ჩვენ მივწვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ დარგში და გამოწვევას ვუპასუხებთ თანმიმდევრული ბრძოლით.

დაბადების დღეა [წულუკიანის] და რამე თუ შეიძლება ვუსურვო იმ ადამიანს, რომელიც თანახმაა იყოს მონის როლში, რომელიც თანახმაა იყოს სხვის ხელში იარაღი და აკეთებდეს ამ საქმეს – ეს არის ის, რომ განთავისუფლდეს. განთავისუფლდეს მონობისგან და განთავისუფლდეს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმითვე, ყველა ადამიანი – „ვინც ამ რეპრესიების მსხვერპლია, იქნება მხარდაჭერილი, ყველა დონეზე“. რაც შეეხება კითხვებს, თუ რატომ უჭერენ პოლიტიკური პარტიები მხარს აქციას – „ჩვენ ამის არ გვეშინია, პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიტიკური სპექტრი იყოს აქტიური, ჩაებას ამ პროცესებში და ყველა ბერკეტი გამოიყენოს, საპარლამენტო იქნება თუ სხვა სახის“.


დღეს, 21 იანვარს, კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციას ორი ძირითადი მოვლენა უძღოდა წინ. ერთ-ერთი მათგანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაა – მათ შორის, კურატორების, რომლებიც იქ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.

მათი ნაწილი გათავისუფლებას პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს. პეტიცია ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შექმნილია და ის ითხოვს, რომ მუზეუმში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

ამის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად შეცდომით მითითებულია ელენე ბაქრაძე(დარიანი).

სამინისტრომ 17 იანვრის განცხადებაში აღნიშნა, რომ მოითხოვეს მუზეუმისგან აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

„დარიანის“ ხელახლა გამოსაცემად მოქალაქეებმა შემოწირულებების სახით უკვე შეაგროვეს საჭირო თანხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი