ახალი ამბები

„ფორმულადან“ გათავისუფლებულმა ოპერატორმა ტელეარხს შრომით დავა მოუგო — სსც

14 მარტი, 2024 • 1151
„ფორმულადან“ გათავისუფლებულმა ოპერატორმა ტელეარხს შრომით დავა მოუგო — სსც

ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ შრომითი დავა მოუგო. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 მარტს მიიღო.

ჯერ გაფიცული და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორის, გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც) იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ დასაქმებული საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გასული წლის დასაწყისში გაიფიცნენ. დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება, შრომის სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, ადეკვატური არ იყო. გარდა ამისა, დასაქმებულები უთითებდნენ, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ არანორმირებულ რეჟიმში, გვიანობამდე მუშაობა.

„2023 წლის 3 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი, რომელიც წინა დღეებში დამსაქმებლისგან ხელფასების ზრდას ითხოვდა და გაფიცვის პროცესი წამოიწყო, გაათავისუფლა.

ჩვენი ინფორმაციით, მოგვიანებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეთანხმებას მიაღწია და სამსახურში აღადგინა ოპერატორების ნაწილი. ტელეკომპანიამ უარი განაცხადა გიორგი ჯიბღაშვილის აღდგენაზე, რამაც გაფიცვის პროცესში აქტიურობის დასჯის ფორმა მიიღო“, — აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ჯიბღაშვილმა სასამართლოს სწორედ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიმართა.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, გაფიცვის უფლება  მშრომელების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის არსებითი ინსტრუმენტია.

„მიგვაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები არღვევს არა მხოლოდ კონკრეტული გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს, არამედ ზოგადად, ხელყოფს გაფიცვის უფლების არსს და ღირსეული შრომის პრინციპს. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების გაფიცვის გამო გათავისუფლება, „მსუსხავი ეფექტი“ გამო, ქმნის სერიოზულ რისკებს მომავალში სხვა ჯგუფების მიერ გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება ოპერატორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, — აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი.“

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ისინი გააგრძელებენ გიორგი ჯიბღაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვას, თუ ტელეარხმა დავის გაგრძელება გადაწყვიტა.


არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი