ახალი ამბები

ჩამომალაბორანტეს, ექსპონატების გადარჩენის გეგმა არ მომცეს – მუზეუმის ყოფილი მმართველი

30 ივლისი, 2021 •
ჩამომალაბორანტეს, ექსპონატების გადარჩენის გეგმა არ მომცეს – მუზეუმის ყოფილი მმართველი

დანგრევის პირას მყოფი ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე აცხადებს, რომ პოზიცია შეუცვალეს და „ჩამოალაბორანტეს“ – ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით.

ის ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს, ეჭვობს, რომ ექსპონატების ევაკუაციის დოკუმენტი არ არსებობს და ამ ეტაპზე ევაკუაციის დაწყებას დაუშვებლად მიიჩნევს.

მუზეუმის შესახებ

„სავარაუდოდ, არ იქნება რენტაბელური“ – ასე აფასებს კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის გამაგრების პერსპექტივას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, კულტურის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის“ გვერდით დგას. „პანორამა“ ჩრდილავს 1830-იან წლებში აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არ გვპასუხობს კითხვაზე – თავად რას აპირებს. არც ისაა ცნობილი, იგეგმება შენობის გამაგრება თუ უბრალოდ, დაინგრევა უმოქმედობის ფონზე.

რა ხდება ახლა?

30 ივლისს მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ფეისბუკზე, სადაც არაერთი დეტალის შესახებ საუბრობს:

მისი განმარტებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული ევაკუაციის  პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე კოლექციები განთავსდებოდა ეროვნული მუზეუმის კუთვნილ შენობებში:

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (ოქროს ფონდი),
  • ხელოვნების მუზეუმის ახალი სივრცესა და ეროვნულ გალერეაში.

„არცერთი კოლექცია ეროვნულ მუზეუმს არ ტოვებდა. ევაკუაციის პროექტი არაერთგზის წარდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიული წრეებისთვის, განხილულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენასა და კულტურის სამინისტროში მოწვეული უწყებათაშორისი კომისიის წინაშე (2018-2020 წწ.)“, – წერს იგი.

მის თანახმად, ევაკუაციის საავტორო პროექტზე მუშაობდა ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები იყვნენ უშუალოდ ის – მუზეუმის მმართველი, მისი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თუმცა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2021 წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია და „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის“.

„ჩამოლაბორანტება“ ბუკვალურად

ეკა კიკნაძის თანახმად, რადენიმე დღის წინ ოფიციალური წერილით მოითხოვა ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა.

„პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე“, – წერს იგი.

„ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან „ვუყვარვარ“, ახალ დირექტორს უთხრა, „ჩამოალაბორანტეთო“. მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო“, – წერს ეკა კიკნაძე.

ამასთან, მისი ცნობით, პოზიცია შეეცვალათ:

  • დარეჯან გოგაშვილს (მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელი), ვის მიერაცაა შემუშავებული (კოლეგების ჯგუფთან ერთად) კოლექციების გადაადგილების სქემა, ტრანსპორტირებისთვის საჭირო პროფესიული ინვენტარი და მათი სპეციფიკაცია;
  • დინარა ვაჩნაძეს (კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), რომელიც პასუხისმგებელი იყო ევაკუაციისას კოლექციების დოკუმენტირების უკიდურესად საპასუხისმგებლო პროცესსზე.

„პოზიციების ცვლილების თანახმად, არცერთი ჩვენგანი აღარ იქნება ჩართული ევაკუაციის პროცესში. შესაბამისად, არ გვექნება მონიტორინგის საშუალება“, – წერს მუზეუმის ყოფილი მმართველი.

ვინ უხელმძღვანელებს ევაკუაციას?

ეკა კიკნაძის ცნობით, ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს ახალი დირექტორი (პროფესიით – სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე – ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი.

„პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი (ფერწერის, გრაფიკის და ქსოვილების შესანიშნავი რესტავრატორების გათვალისწინებითაც კი) ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში აბსოლუტურად არარელევანტურია“, – აცხადებს კიკნაძე.

მისი თქმით, ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, მისთვის ცნობილი არ არის და ეჭვი აქვს, ეს დოკუმენტი „უბრალოდ არ არსებობს“.

„სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხის შემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით. უცნობია კოლექციების განთავსების სქემა. უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი“, – წერს იგი.

მისი განცხადებით, ამ და სხვაც მიზეზების გამო დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ.

„შეგახსენებთ, რომ საუბარია სხვადასხვა შედგენილობის, სიძველის და მდგომარეობის (ხშირ შემთხვევაში, უმძიმეს) კოლექციებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებაა და რომელთა დაძვრისთვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების არმიაა საჭირო“, – შენიშნავს იგი.

„სამართლებრივი ბრძოლა“

ეკა კიკნაძის თანახმად, ის და მისი კოლეგები იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას:

„ეს ჩვენი ბრძოლა იქნება. ბრძოლა უნდა დაიწყოს თითოეულმა თქვენგანმაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები სისტემატურად ვხედავთ, როგორ მარცხდება კულტურული მემკვიდრეობა. მარცხდება გადაწყვეტილების მიმღებთა არაკეთილსინდისიერების ან არაპროფესიონალიზმის მიზეზით, ვხედავთ როგორ ინგრევა და ნადგურდება ის. ხელოვნების მუზეუმი უნდა გახდეს შემთხვევა, სადაც მემკვიდრეობა გაიმარჯვებს. სხვაგვარად შეუძლებელია“, – წერს იგი.

ამ საკითხზე გირჩევთ წაიკითხოთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი