ახალი ამბები

ავღანელი ქალები, რომლებიც თალიბანს არ შეუშინდნენ

20 აგვისტო, 2021 • 6133
ავღანელი ქალები, რომლებიც თალიბანს არ შეუშინდნენ

თალიბანის დაპირებების მიუხედავად, რომ “შარიათის ფარგლებში” ავღანელ ქალთა უფლებებს პატივს სცემს, უკვე ვრცელდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის, მათი საჯაროდ ცემისა თუ იძულებითი დაქორწინების შესახებ. ერთ-ერთი ცნობის თანახმად კი, შეიარაღებულებმა გასულ თვეში მოკლეს ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.

მიუხედავად მძიმე სურათისა და არაერთი პოლიტიკოსის, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვებისა, ავღანეთში რჩებიან ქალი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც ისლამისტებს არ შეუშინდნენ, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან და ხმამაღლა აკრიტიკებენ მათ.

“ქალებისთვის არანაირი ადგილი აღარ დარჩება”

“ქალებისთვის არანაირი ადგილი აღარ დარჩება. პროვინციებში, რომელთაც თალიბანი უკვე აკონტროლებს, ქალები აღარ ჩანან, დიდ ქალაქებშიც კი. ყველა მათგანი საკუთარ სახლშია გამოკეტილი”, — ეუბნებოდა სააგენტო AP-ს სალიმა მაზარი, ავღანეთის სამი ქალი გუბერნატორიდან ერთ-ერთი.

მაზარი, რომელსაც 36 000 ადამიანით დასახლებული რაიონი ებარა, ჟურნალისტს ესაუბრა თალიბანის მიერ ქაბულის დაკავებამდე. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, გუბერნატორი თავის რაიონში ადგილობრივებს კრებდა და ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებდა.

“თალიბანია სწორედ ის, ვინც ლახავს ადამიანის უფლებებს”, — აცხადებდა ის.

სალიმა მაზარი. ფოტო: AFP

თალიბანის პირველი მმართველობის პირობებში(1996-2001) ქალებს არა მარტო სწავლა და მუშაობა, არამედ თანმხლები კაცისა და სხეულის სრულად დაფარვის გარეშე სახლის დატოვებაც ეკრძალებოდათ. სალიმა მაზარის არ სურდა, თავის სამშობლო ამ დროს დაბრუნებოდა.

AFP-ს თანახმად, ჯგუფს, რომელსაც ის ამზადებდა, ასობით ადამიანი შეუერთდა.

“ჩვენს ხალხს არ ჰქონდა იარაღი, მაგრამ წავიდნენ, გაყიდეს თავიანთი ძროხები, ცხვრები, თავიანთი მიწებიც კი, რათა აღჭურვილობა შეეძინათ. ფრონტზე დგანან ყოველ დღე და ყოველ ღამე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე”, — დასძენდა ის.

ცნობების თანახმად, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ზემოხსენებული რაიონი დაიპყრო, სალიმა მაზარი შეიარაღებულთა ტყვეობაშია.

“ექსტრემისტებს ქალების ეშინიათ”

ფავზია ქუფი პირველი ქალია, რომელმაც ავღანეთის პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ის ასევე იყო ჩართული თალიბანთან მოლაპარაკებების პროცესში ავღანეთის მთავრობის სახელით.

ქუფი, რომელიც გასულ წელს თალიბანმა მკლავში დაჭრა, ქაბულის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა, რომელიც დაჯგუფების მიერ აწ უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე შეინიშნებოდა.

“ზოგიერთ პროვინციაში ისინი არ აძლევენ ქალებს უფლებას, გარეთ გავიდნენ მამაკაცის გარეშე. მე ასევე ვიღებ ცნობებს ქალებისა და გოგოების იძულებით დაქორწინების შესახებ”, — ეუბნება ის სააგენტო Reuters-ს 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ფავზია ქუფი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქალთა უფლებების პატივისცემის შესახებ თალიბანის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, რეალობა სრულიად სხვაგვარი იყო დაჯგუფების მიერ დაკავებულ რაიონებში.

“მათი ეს განცხადებები არ შეესაბამება რეალურად არსებულ ვითარებას. ჰერათში ქალი პარლამენტარები, მათი სახლები გაჩხრიკეს, ხოლო მათი მანქანები წაიყვანეს”, — დასძენდა ის.

ფავზია ქუფი. ფოტო: Chatham House

პოლიტიკოსი კრიტიკულად აფასებდა საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლას. ქუფის სიტყვებით, ამჟამად არსებული ვითარებით არა მხოლოდ ავღანელები, არამედ, ადრე თუ გვიან, უცხო ქვეყნებიც დაზარალდებიან:

“ქალები ჯერ კიდევ აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. ბევრ ქალს ხედავთ ავღანეთიდან, ყველა მათგანი ჩანს მედიაში.

შეიარაღებულ ექსტრემისტებს სუპერძალების, B52-ის და B56-ის(ამერიკული ავიაგამანადგურებლების) კი არა, ქალების ეშინიათ.

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, მაგრამ სულ უფრო და უფრო რთული ხდება, იყო ქალთა უფლებების დამცველი”.

ფავზია ქუფი ამბობს, რომ განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარს და გეგმავს, რაც შეიძლება მეტ ქალსა და ბავშვს დაეხმაროს საკვებით, ტანსაცმლითა თუ ჰიგიენური საშუალებებით.

19 აგვისტოს, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ფავზია ქუფიმ ტვიტერზე დაწერა:

“ძვირფასო ჟურნალისტებო, არ არსებობს შეკითხვა, თუ რას ფიქრობს თალიბანი ქალთა წარმომადგენლობაზე მედიასივრცეში. ეს ყველაფერი აშკარაა ავღანეთის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მრავალი წლის მანძილზე, განსაკუთრებით, 2001 წლის შემდეგ.

ამ შეკითხვის დასმა და ჯგუფის[თალიბანის] [უკვე არსებულ] წესებზე მაღლა დაყენება ასუსტებს ჩვენს წესებს”.

“მოვლენ და მომკლავენ”

29 წლის ზარიფა ღაფარი ყველაზე ახალგაზრდა მერია ავღანეთში. ის 3 წლის წინ დაინიშნა ამ პოზიციაზე ქალაქ მაიდან შაჰრში, რომელიც თალიბანმა 15 აგვისტოს დაიკავა. ღაფარიმ ბრიტანულ გაზეთს უთხრა, რომ დაუცველი იყო როგორც თავად, ისე თავისი ოჯახი.

“ვზივარ და ველი, როდის მოვლენ ჩემთან. არავინაა, ვინც მე ან ჩემს ოჯახს დაგვეხმარება. უბრალოდ, ვზივარ მათთან[ოჯახის წევრებთან] და ჩემს ქმართან ერთად. მოვლენ ისეთ ხალხთან, როგორიც მე ვარ და მომკლავენ. ოჯახს ვერ დავტოვებ. და საერთოდაც, სად უნდა წავიდე?”.

რამდენიმე დღით ადრე, 12 აგვისტოს, ის ტვიტერზე წერდა:

“ჩემო ძვირფასო სამშობლო, ვიცი, რომ ტკივილისგან იტანჯები. ვიცი, რომ უცხოები გწვავენ და შენს დანგრევას ლამობენ. მაგრამ შენი ნამდვილი შვილები… სრული სიმამაცით ცდილობენ, გამოგიყვანონ ამ მძიმე დღეებიდან”.

ზარიფა ღაფარი. ფოტო: Facebook/Zarifa Ghafari

ღაფარი არაერთ თავდასხმას გადაურჩა, გასულ წელს კი ქაბულში მამამისი მოკლეს. პოლიტიკოსმა მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა.

“ჩემი თაობის ქალებს არ დავიწყებიათ თალიბანის მმართველობა და ყოველთვის ვწუხვართ მომავლის გამო”, — აღნიშნა მან, როცა გასულ წელს გამბედავი ქალის ჯილდო გადასცეს.

პოსტთალიბანის ავღანეთი და ქალთა მდგომარეობა

მიუხედავად მრავალი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას, ზოგიერთ შემთხვევაში, გაუსაძლისს ხდის, ბოლო 20 წელიწადში არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.

თალიბანი ხელისუფლების სათავეში

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

გასულ კვირებში თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი დაიკავა, დედაქალაქ ქაბულში შესვლა კი 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” გამოაცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი