საზოგადოება

არ მინდოდა ვინმეს მოვეტაცებინე, ან ჩემზე ეძალადათ – ადვოკატი ქალის ისტორია

1 აპრილი, 2024 • 2096
არ მინდოდა ვინმეს მოვეტაცებინე, ან ჩემზე ეძალადათ – ადვოკატი ქალის ისტორია

“არ მინდოდა ვინმეს მოვეტაცე, არ მინდოდა, რომ ჩემზე ეძალადათ. ამიტომ, მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი, იყო ის, რომ შემძლებოდა საკუთარი თავის დახმარება. როცა ეს მარტივი გახდა ჩემთვის, მერე უკვე თავისთავად გარდაიქმნა სხვა ადამიანების დახმარების სურვილად”, – ამბობს ადვოკატი ცირა ჯგერენაია. 

პედოფილია, გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას – ახლა მისი  ყოველდღიურობა ამ და სხვა მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობაა. 

წაიკითხეთ ისტორია, სადაც იგი საუბრობს პროფესიულ არჩევანზე, გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდება როგორც ქალი იურისტი:

რამდენად ღირს ის, რასაც ვაკეთებთ?

მე ვარ ცირა ჯგერენაია, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტი. ჩემი საქმიანობაა ბავშვების, ქალების და დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლების დაცვა –  მე ვეხმარები იმ ადამიანებს, რომლებსაც ვფიქრობ, რომ ჩემი დახმარება სჭირდებათ. უფრო მეტიც, ხშირად ვფიქრობ, რომ სხვას, ჩემ გარდა, ამ დახმარების გაწევა არ შეუძლია. 

ჩემ პრაქტიკაში არის საქმეები, როდესაც მე ვფიქრობ, რომ შევძელი კონკრეტული ადამიანების ფიზიკურად გადარჩენა. მათ შორის, სიცოცხლის გადარჩენა. როდესაც ინტენსიური ძალადობაა, ჩვენ ხომ არ ვიცით, რომელ დღეს მოხდება ფემიციდი, ან რომელ დღეს უმტყუნებს ადამიანს ნერვული სისტემა და საკუთარ თავს დაუშავებს რამეს. ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ჩარევა, რომელიც წყვეტს ამ ძალადობას, მე მგონია, რომ არის ადამიანების გადარჩენა.  ეს არის ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც მე ვიღებ აქ მუშაობისგან და  ზოგადად იურისტობისგან, როგორც პროფესიისგან. 

 ჩემი საქმისთვის არასოდეს შემიხედავს ისე, რომ ეს არის დავალება, სამსახურებრივი მოვალეობა და ამიტომ უნდა გავაკეთო. ეს არის ის, რისი კეთებაც საჭიროდ მიმაჩნია და რისი კეთებაც მომწონს.

ხომ ვუსვამთ ადამიანები საკუთარ თავს შეკითხვას – რამდენად ღირს ის, რასაც ვაკეთებთ? თუ არაფერს ისეთს არ ვაკეთებ, რასაც რაიმე ღირებულება შეიძლება ჰქონდეს, მაშინ საერთოდ რას ვაკეთებ?! ასეთ საქმეებზე მუშაობა ამ კითხვებზე გაძლევს პასუხს, რომ კი, ღირს!

პროფესიის არჩევა

პირველი, რამაც ამ პროფესიის არჩევა განაპირობა, ის იყო, რომ ვხედავდი ქალებს, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება და ვერავინ ვერ ეხმარებოდა. ვიზრდებოდი 90-იანი წლების გარემოში, სადაც უკანონობა ბევრად უფრო დაფასებული იყო საზოგადოებაში, ვიდრე კანონის მორჩილება. კვირაში ერთი დღე მაინც, როცა სკოლაში მივდიოდით,  ვყვებოდით ახალ ამბავს კიდევ ერთ მოტაცებულ გოგოზე. ვხედავდი ძალადობას ქალების მიმართ – ჩემთან ძალიან ახლოს, სამეზობლოში ხდებოდა ეს და ნორმა იყო.

ამ სამყაროს პარალელურად, მე ჩემი, სხვა სამყაროც მქონდა, რომელიც იქმნებოდა წიგნებით. კითხვამ მიმახვედრა, რომ სხვანაირი ცხოვრება, წესები და  სამყარო არსებობს და რომელიც უფრო მომწონდა. ასე, გაუცნობიერებლად, ამ სამყაროსკენ წავედი.        

ვერ ვიტყვი, რომ სტუდენტობის დროს ვცდილობდი განსაკუთრებულად შემესწავლა ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა და ქალების მიმართ ძალადობა, რადგან მაშინ ამაზე საერთოდ არავინ საუბრობდა. მაგრამ ვხედავდი, რომ ქალებს, გოგონას, რომელიც მე ვიყავი მაშინ, როცა ამ პროფესიას ვირჩევდი – 16-17 წლის გოგონას დახმარება მჭირდებოდა, ძალა მჭირდებოდა საკუთარი თავის დასაცავად. არ მინდოდა ვინმეს მოვეტაცე, არ მინდოდა, რომ ვიღაცას ჩემზე ეძალადა. მეუბნებოდნენ, იურისტობა რა ქალის საქმეა, ვიღაცა დამნაშავეებს უნდა სდიოო – არც ის მინდოდა, რომ ასეთი რამე ეთქვათ ჩემთვის, მინდოდა, რომ მესწავლა. ამიტომ, მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი, იყო ის, რომ შემძლებოდა საკუთარი თავის დახმარება. როცა ეს მარტივი გახდა ჩემთვის, მერე უკვე თავისთავად გარდაიქმნა სხვა ადამიანების დახმარების სურვილად.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არჩევანი არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. განსაკუთრებულად რთულია ამ ქვეყანაში და განსაკუთრებულად რთულია ქალისთვის. 

რატომ არის რთული? 

ჩემს საქმეში მოსალოდნელია, რომ გახდე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლიც კი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლო სხდომაზე დამმუქრებიან – გამოვალ აქედან და ნახე, რას გიზამო. სხვათა შორის, ამ ადამიანმა რომ დატოვა პენიტენციური სისტემა, მომძებნა სოციალურ ქსელში და მუქარის შემცველი შეტყობინებები მომწერა.

სასამართლო პროცესებზე მოწმეებად მოჰყავთ მოძალადე კაცების ნათესავები. მათი მხრიდანაც წამოსულა აგრესია, წყევლა, მუქარა – ჩემი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი.

იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ გამოვდივართ და რომელთა დაპატიმრებასაც ასე დაჟინებით ვითხოვთ,  არ აკლიათ არც გავლენა, არც ფული და არც არაკეთილსინდისიერება იმისთვის, რომ დღეს, ხვალ, ან უფრო მოგვიანებით გამოიყენონ ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ და კონკრეტული საფრთხეები შემიქმნან.

არ გეშინია? უკითხავთ ჩემთვის. არ მეშინია და ეს გააზრებული მაქვს. უარი მაქვს ნათქვამი იმაზე, რომ მეშინოდეს მოძალადე კაცების. სინამდვილეში, არცერთი მოძალადე კაცი არ არის მამაცი და განსაკუთრებით საშიში. ყველა არის მშიშარა. ეს ყოველთვის ასე აღმოჩნდება ბოლოს. 

რატომ არის განსაკუთრებით რთული ეს პროფესია ქალისთვის?

რატომღაც ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ საქმის გამკეთებელი უნდა იყოს კაცი, ასაკიანი, ჭაღარაშერეული და ღიპიანი. ფიქრობენ, ვიღაცა პატარა გოგო მოვიდა აქ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ეს რისი გამკეთებელია? ამიტომ, საქმესთან ერთად, გიწევს იმის მტკიცებაც, რომ სერიოზული ხარ, პროფესიონალი ხარ და შენს საქმეში შეიძლება იმაზე ბევრად მეტი გაგეგებოდეს, ვიდრე კაცს. თუმცა ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება უფრო კარიერის დასაწყისში იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ იქმნება ავტორიტეტი, პროფესიული რეპუტაცია და უფრო ნაკლებია მსგავსი შემთხვევები.

თუმცა დღემდე მაქვს ჩემი წესები, რომლებსაც ყოველთვის ვიცავ იმისთვის, რომ ბენეფიციარის გარდა, დამატებით, საკუთარი თავის დასაცავად არ მომიწიოს ბრძოლა: როცა მივდივარ პოლიციის განყოფილებაში, არ ვატარებ ღია სამოსს, არ ვუღიმი იქ არავის, არ ვაძლევ ფამილარობის უფლებას, ძალიან დისტანციური ურთიერთობა მაქვს, რადგან ვიცი, რომ  შემდეგ ეს შეიძლება გადაიზარდოს არასასურველ კომუნიკაციაში. ეს “წესებიც” რომ დამჭირდა, ხომ უკვე ნიშნავს იმას, რომ არის მსგავსი დამოკიდებულებები ქალი იურისტის მიმართ?!

კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან

სახელმწიფო უწყებები თავიანთ საქმეს კარგად რომ აკეთებდეს, მე, ალბათ, არ ვიქნებოდი საჭირო და სხვა სამსახური მექნებოდა. პროკურატურას და დაზარალებულს აქვთ ერთი და იგივე ინტერესი. შესაბამისად, თუ პროკურორი და გამომძიებელი ნორმალურად იძიებს საქმეს, ნორმალურად მიაქვს სასამართლოში, დაზარალებულს სხვა რამე განსაკუთრებული დაცვა და ადვოკატი არ სჭირდება. მაგრამ ეს ასე არ ხდება.

სულ ცოტა ხნის წინ მქონდა საქმე, როცა საქართველოში მცხოვრები უცხოელი გოგო გააუპატიურა მეზობელმა. ადგილზე მისულ პოლიციას ხვდება ქალი, წელს ქვემოთ შიშველი, უგონო მდგომარეობაში. მერე აღმოჩნდა, რომ წამლები ჩაუყარეს სასმელში – დალეწილი ჭურჭელი. გარდა ამისა, ხვდება მოწმე – ამ გოგოს მეგობარი, რომელიც ეუბნება, რომ მე დავინახე, აი, ამ კაცმა, აგერ რომ დგას, როგორ გაუპატიურა ჩემი მეგობარი. ფანჯრიდან შევიხედე და დავინახე. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გაუპატიურებას ჰყავს მოწმე. მეტი რა უნდა გინდოდეს, როდესაც გამომძიებელი კი არა, თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომ იფიქრო, რომ ადგილზე მოხდა გაუპატიურება. ამაზე მარტივი რა უნდა იყოს?! მაგრამ, ეს პოლიციელები ისე წავიდნენ იქიდან, რომ საქმის წარმოება არც დაუწყიათ. ასეთი რაღაცები ხდება. ასეთი რაღაცების გამოსასწორებლად ხშირად გვიწევს ბრძოლა. ახლა მაგ საქმეზე, მოძალადის გარდა, ვითხოვთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას იმ პოლიციელებისთვის, ვინც ასე მოიქცნენ. 

მახსოვს ისეთი საქმეებიც, როდესაც მივედი პოლიციის განყოფილებაში და ვთქვი, რომ ახლა აქ უნდა წავიდეთ ერთად და ეს უნდა გავაკეთოთ. ძალიან სკეპტიკურად შეხედეს , ჩათვალეს – ახლა ეს ვიღაცა მოგვევლინა აქ და რაღაცები სხვანაირად წარმოუდგენია, აქ ასე არ ხდება და ა.შ. ბოლოს, როცა გავაკეთებთ, ამ ადამიანების კმაყოფილება დამინახავს – უი, რა კარგია, გამოვიდა, ჩვენც ხომ მივიღეთ ამაში მონაწილეობა?! მე მარტო ვერაფერს გავაკეთებ თავისთავად. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით კეთდება.

ემოციური სირთულეები და მენტალური ჯანმრთელობა

არის ამბები, მაგალითად, სქესობრივი დანაშაულის, პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების ისტორიები, რომლებსაც ვერასოდეს მიაჩვევ ყურს, ვერასდროს მოისმენ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. როდესაც ბავშვი გიყვება მისი გაუპატიურების ამბავს, ყოველთვის არის ტრავმული. მოსამართლეების, პროკურორების, სხვა ადვოკატების სახეებზეც წამიკითხავს ეს. ასეთი პროცესების დროს სულ დამამშვიდებელი წამლების სუნი დგას სასამართლო დარბაზებში. ყოველ ჯერზე ეს არის ურთულესად მოსასმენი და გადასახარში ამბავი, რომელიც დიდი ხანი არ განებებს თავს. მერე ამაზე ფიქრობ, გიტრიალებს გონებაში, გიტრიალებს და არასდროს გავიწყდება. ყველა ასეთი საქმე მახსოვს, ყველა ბავშვი მახსოვს, ყველა მონაწილე პირიც მახსოვს. ამის დავიწყება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

არ უნდათ გააზრება, რომ ეს საქართველოშიც ხდება. თუმცა მოწინავე პოზიციებზე ვართ ამ მიმართულებით. პირადად მე მქონია ასეთი არაერთი შემთხვევა. ხანდახან, როცა მძიმე ისტორიას ვყვები, მეკითხებიან ხოლმე – ქართველები იყვნენ? მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი მაგას არ იზამს. იზამს, კი. ქართველებიც არიან, არაქართველებიც არიან. მნიშვნელობა არ აქვს – ადამიანი ადამიანია.

როცა ვხვდები, რომ ძალიან გადავიწვი, იმდენად, რომ ემპათიას ვეღარ გამოვხატავ, ვცდილობ, შესვენება ავიღო, განვიტვირთო. ვერ წარმომიდგენია ასეთ საქმეებზე მუშაობა ემპათიის გარეშე. 

სირთულეების მიუხედავად, ვაგრძელებ საქმიანობას

ყველა საქმეში შენ ხედავ გაზრდილ და გაძლიერებულ ადამიანებს.

ხშირად, მარტოც კი ვერ მოდიან ჩემთან ქალები. ვიღაც სჭირდებათ, რომ მოიყვანოს და მის გვერდით იყოს -წლების განმავლობაში განცდილი ძალადობა თავისთავად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის თვითრწმენაზე, ბრძოლისუნარიანობაზე. დედას მოჰყავს, მეგობარს, ვიღაცას.. და ასე იწყება საქმე. ჩვენ არა მხოლოდ სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ, არამედ ვესაუბრებით თავის უფლებებზე, ვაძლიერებთ და ვხედავ, ნელ-ნელა ეს ადამიანი როგორ იბრუნებს საკუთარი თავის რწმენას. მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმე როგორ დამთავრდება – შეიძლება აპატიოს კიდეც იმ მოძალადეს, შეიძლება რაღაცა აკლდეს საქმეს და სათანადოდ ვერ დაისაჯოს მოძალადე – მაგრამ თუ იმ ქალმა, რომელსაც მე ვიცავ, რომელთან ერთადაც ამ ბრძოლაში ვარ, დაიბრუნა საკუთარი თავის რწმენა და ისწავლა, კიდევ ერთხელ როგორ არ დაჩაგროს ვინმემ, ვთვლი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულა. ეს არის ჩემთვის ამ საქმეში ყველაზე მთავარი. 

მიფიქრია, ისეთი სამსახური მქონოდა, სადაც მშვიდად, დოკუმენტებთან ვიმუშავებ და ამდენი სტრესის გადატანა არ მომიწევს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვიწყენ. ისევ მომინდება, რაღაც უფრო ქმედითს დავუბრუნდე.

ქალების გაძლიერება განათლებით და ინფორმაციით

არასოდეს ვამბობ უარს, შევხვდე ქალების გარკვეულ აუდიტორიას და ვესაუბრო მათ უფლებებზე. შეიძლება სტუდენტები იყვნენ, ან რეგიონში მცხოვრები ქალები. მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ საუკეთესო პრევენცია  საკუთარი უფლებების ცოდნაა.

შეხვედრის დასაწყისში შეიძლება ფიქრობენ, რომ მე, დედაქალაქიდან ჩასული ვიღაცა იურისტი ვარ, რომელსაც არესმის ის პრობლემები, რის წინაშეც კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები ქალები დგანან. მაგრამ მერე, როცა ვაგრძელებთ საუბარს და ვუხსნი, თუ რას, როგორ, რანაირად ვაკეთებთ, რას ნიშნავს ეკონომიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, აღმოჩნდება, რომ ვსაუბრობ იმაზე, რაც მათი პრობლემაცაა  და მათაც აწუხებთ. 

მთავარია, რომ ადამიანებს ველაპარაკოთ გასაგებად – რა გვინდა, როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. შეიძლება ვიღაცამ საერთოდ არ იცოდეს, რას ნიშნავს სიტყვა ფემიციდი, მაგრამ ძალიან აწუხებდეს მისი მეზობელი ქალის მდგომარეობა, რომელიც ხვალ თუ არა ზეგ შეიძლება მოკლან. აინტერესებდეს, როგორ შეიძლება ამას ხელი შეუშალოს. 

რჩევა ქალებს

არის ძალადობის მსხვერპლი ქალის ხატი, რომელიც არ უნდა გამოიყურებოდეს კარგად, თმა გაწეწილი უნდა ჰქონდეს, შავები უნდა ეცვას, დალურჯებული უნდა იყოს და უბედურს უნდა ჰგავდეს. შევამჩნიე, რომ მოძალადე კაცზეც მსგავსი წარმოდგენა არსებობს საზოგადოებაში, რომ ეს აუცილებლად არის ვიღაც გაუნათლებელი ხეპრე, რომელიც 24 საათი ქუჩაში ზის და აფურთხებს, რქები აქვს, ცუდად გამოიყურება და როგორც კი შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ ეს მოძალადე კაცია. სინამდვილეში, ასე არ არის. ვერ წარმოუდგენიათ, რომ განათლებული, რესპექტაბელური, კარგი სამსახურის, კარგი განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში ყველა პატივს სცემს, ან კარგი სპორტსმენი, ან რაღაცაში წარმატებული კაცი პარალელურად შეიძლება იყოს მოძალადე. 

ამიტომაც, სულ ვცდილობ გოგონებისა და ქალების გაფრთხილებას – სანამ თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ, უნდა დავფიქრდეთ, არ უნდა გავატაროთ ე.წ.  წითელი დროშები. როცა ამას ვამბობ, ზოგჯერ მეუბნებიან – იცი რა, შენ სამსახური უნდა შეიცვალო, ყველას ეჭვის თვალით უყურებ, ყველაფერს მუქად ხედავ. არ ვუყურებ მე ყველაფერს მუქად. ეს, სამწუხაროდ, არის ჩვენი რეალობაა და ამას მე უფრო ახლოდან ვხედავ. 

საქმე, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ

ერთი საქმეა, რომელსაც სამართლებრივი მსვლელობა არც მისცემია – როგორც ადვოკატს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ კარგი მაგალითია იმისა, როგორ და რატომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია:

ქალი მოვიდა ჩვენთან [საფარში] და მოგვიყვა, რომ ორი თვით ადრე მისმა მეუღლემ ჩაისვა მანქანაში, წაიყვანა მშობლების საცხოვრებელ სახლთან, ჩამოსვა იქ და უთხრა – აბა, კარგად იყავიო. ქმრის სახლში დარჩა შვიდი თვის ბავშვი, რომელსაც ეს ქალი ძუძუთი კვებავდა. უნდოდა შვილის დაბრუნება, მაგრამ არ ატანდნენ. გვითხრა, ვიყავი სოციალურ მომსახურების სააგენტოში, ვიყავი პოლიციაში, აქ ვიყავი, იქ ვიყავი … სადაც მივიდა, ყველამ ერთმანეთთან გადაამისამართა. რამდენიმე წრეზე იყო წასული ამ უწყებებს შორის და საბოლოოდ არაფერი ხდებოდა.

მე ამ დროს  ორსულად ვიყავი და ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა. გავყევით მის რეგიონში და მივედით ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციას მოვუყევი ყველაფერი, რაც ქალისგან ვიცოდი – დედას ვერ მოჰყავს საკუთარი შვილი ქმრის ოჯახიდან; ოჯახი გამოსახლებულია სახლიდან და ცხოვრობს სახლის აივანზე, სადაც არანაირი პირობები არ არის და ა.შ. განყოფილების უფროსი მეკითხება – რა, შენ გჯერა, რასაც ეს ქალი ამბობს? კი, ყოველთვის მჯერა! ყველა სიტყვის მჯერა, რასაც ქალები მიყვებიან. იმიტომ, რომ მე არ მქონია შემთხვევა, რომ ეს ტყუილი აღმოჩნდა. პოლიციელს ვუთხარი, შენ თუ არ გჯერა, მოდი, წავიდეთ ადგილზე და ვნახოთ, რა ხდება-მეთქი.

ჩავედით. ზუსტად ის სიტუაცია დაგვხვდა, რაც ქალმა მომიყვა. მე ვთქვი, რომ ბავშვი მიჰყავს დედას იმიტომ, რომ იქ არ იყო არანაირი პირობა მის მოსავლელად. გარდა ამისა, დედა ბავშვების კანონიერი წარმომადგენელია და არ არსებობს დედამიწაზე ვინმე, ვინც შეიძლება შეუშალოს ხელი ბავშვის წაყვანაში. 

ჩემი გადაწყვეტილება დიდად არ მოეწონა არც პოლიციას, არც სოციალურ სამსახურს – ეშინოდათ მოსალოდნელი ჯგუფური წინააღმდეგობის, იმიტომ, რომ ადგილზე იკრიბებოდა სამეზობლო და სანათესავო. როცა დაიძაბა სიტუაცია, ბავშვის მამას დაურეკეს, რომელიც ტელეფონით მევაჭრებოდა – პოლიციაში რომ მიჩივლა ცოლმა, ახლა დაწეროს, რომ პრეტენზია არ აქვს ჩემთან და მერე წაიყვანეთ ეგ ბავშვიო.

ბავშვით ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებდი. პოლიციელებს ვუთხარი, ახლა დედა ბავშვს აიყვანს, გამოიყვანს და თქვენ უზრუნველყავით, რომ ამ პროცესში ქალს არაფერი დაემართოს. თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ, მაშინ კიდევ დავრეკავ 112-ში, სხვა ეკიპაჟს გამოვიძახებ-მეთქი. როცა ნახეს, რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი, დამთანხმდნენ და წამოვიყვანეთ ბავშვი. შეკრებილები  მიწის ბელტებს და ქვებს გვესროდნენ, მაგრამ მაინც წამოვედით.

აი, ის მომენტი, როდესაც ბავშვი გადავეცი დედას, ჩაიკრა გულში, ჩაჯდა მანქანაში და მითხრა, გთხოვ, წამიყვანე აქედანო, არასდროს დამავიწყდება. აქ პრობლემა იყო ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ დაეხმარა ქალს იმაში, რასაც დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი