თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა: დაჯგუფებამ რამდენიმე კვირაში მოახერხა დიდძალი ტერიტორიების დაკავება და ავღანეთის არმიის ისედაც მცირე წინააღმდეგობის გატეხვა.
მოვლენათა ასე სწრაფად განვითარებამ არაერთი გააკვირვა, თუმცა არის გარემოებები, რომლებიც, თუ ბოლომდე ნათელს არ ჰფენს, გარკვეულწილად გასაგებს მაინც ხდის, რატომ ჩამოიშალა სულ მცირე ხანში სისტემა, რომლის შენებასაც აშშ-მა და მოკავშირეებმა ორი ათწლეული და 2 ტრილიონ დოლარზე მეტი შეალიეს.
მათ შორისაა ავღანეთის ეთნიკური დაქსაქსულობა და კლანურ-ტომობრივი გავლენები, რომლებიც, არაერთი დამკვირვებლის აზრით, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ სათანადოდ ვერ შეფასდა; ასევე, მჭიდროდ ფესვგამდგარი კორუფცია სახელმწიფო უწყებებსა და არმიაში, რომლის მოტივაცია და თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო დაეცა აშშ-ის ქვეყნიდან გასვლისა და თალიბანის სწრაფი, ეფექტური წინსვლის ფონზე.
რას წარმოადგენს ავღანეთი?
მთიან, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას ცენტრალურ აზიაში მისი თანამედროვე ისტორიის მანძილზე იშვიათად თუ უნახავს მშვიდობა. მას აქვს ხანგრძლივი ისტორია როგორც გარე ძალების მიერ დაპყრობის მცდელობებისა, ისე შიდა მოთამაშეებს შორის დაპირისპირებებისა.
პოლიტიკური არასტაბილურობის, ომებისა და უკონტროლო კორუფციის ფონზე, ავღანეთი “მყიფე, გარე დახმარებებზე დამოკიდებული ეკონომიკისა” და ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის პირობებში ცხოვრობს.
ავღანეთი 34 პროვინციისა და 421 რაიონისგან შედგება, მოსახლეობის რაოდენობა კი 38 მილიონს შეადგენს. მათგან 74% სოფლად ცხოვრობს, დანარჩენი – ქალაქებში.

ავღანეთი მერვე ყველაზე მთიანი ქვეყანაა მსოფლიოში, რაც მის ზოგიერთ მხარესთან კავშირს ართულებს. მთათა სისტემა ჰინდუქუში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს ფარავს, სამხრეთ-დასავლეთი კი ძირითადად უდაბნოს უკავია.
უკანასკნელი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც 2004 წელს, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ თალიბანის მმართველობის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ მიიღეს, ავღანეთი უნიტარული, ცენტრალიზებული სახელმწიფოა დიდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტით.
მიმდინარე დღეებში, ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების ფონზე, არაერთგზის მსჯელობენ, რამდენად გონივრული იყო ავღანეთში ცენტრალიზებული სახელმწიფოს აშენების ამბიცია იმ მეტად კომპლექსური ეთნიკური, კულტურული და სოციალური სურათის ფონზე, რომლითაც ქვეყანა ხასიათდება.
სიღარიბე, განათლების დონე, დევნილები — პრობლემების მარწუხებში
დაუსრულებელი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ავღანელთა ყოფას არაერთი გარემოება ამძიმებს. პანდემიის კრიზისის დაწყებამდე ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54.5%) უკვე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. მსოფლიო ბანკის 2020 წლის გამოთვლებით, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 72%-მდე გაზრდილიყო.
კიდევ ერთი პრობლემა წერა-კითხვის ცოდნის მკვეთრად დაბალი დონეა. დაუსრულებელი ომების პირობებში, 15 წელზე უფროს ავღანელთა 43.2%-ს შეუძლია წერა-კითხვა. კაცებში ეს მაჩვენებელი 55.5%-ია, ქალებში კი – გაცილებით დაბალი: 29.8%. ამ კუთხით ავღანეთი ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა მსოფლიოში.
“ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის” მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე 390 000-მდე ადამიანი ავღანეთის შიგნით იძულებით გადაადგილდა. მათგან 59% ბავშვია.

ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით კი, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან აგვისტომდე — ანუ იმ პერიოდში, როცა თალიბანი განსაკუთრებით გააქტიურდა — 250 000-მა ავღანელმა დატოვა თავისი სახლი და მიაშურა დედაქალაქ ქაბულს, რომელიც 15 აგვისტომდე ჯერ კიდევ უსაფრთხო სივრცედ მიიჩნეოდა.
დრამატულად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. UNHCR-ის ბოლო ანგარიშით, 2020 წლისთვის ავღანელ ლტოლვილთა რიცხვი 2.6 მილიონს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებში გადასახლდა, 12% კი — ევროპაში.
ქვეყანა მრავალი ეთნოსით, ტომითა და ენით
ავღანეთის მძიმე, ქაოსური წარსულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეთნიკური სურათის დაზუსტებით გადმოცემა საკმაოდ ჭირს, თუმცა ერთი რამ ცხადია: არცერთი ეთნიკური ჯგუფი ქმნის უმრავლესობას.
ავღანეთის კონსტიტუციაში 14 ეთნიკური ჯგუფია ნახსენები. პირველი ხუთეული ასეთია:
- პუშტუნები(სხვადასხვა მონაცემებით 32-42%) — ავღანეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც დიდწილად კონცენტრირებულია ქვეყნის სამხრეთში. უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია. პუშტუნებში, რომლებიც XVIII საუკუნიდან აღზევდნენ, ძლიერია “მმართველობის უფლების” სენტიმენტი, რაც მათ უპირატეს მდგომარეობას გულისხმობს ქვეყნის მართვა-გამგეობაში. თალიბანი დიდწილად დაკომპლექტებულია პუშტუნებით. პუშტუნები არიან დასავლეთის მხარდაჭერილი ხელისუფლების პირობებში გაპრეზიდენტებული ორივე პოლიტიკოსი – ჰამიდ კარზაი და აშრაფ ღანი.
- ტაჯიკები (27%) — სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფი ავღანეთში. ტაჯიკების ნაწილი სხვა ჯგუფებთან შედარებით ადრე ურბანიზდა. მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილი დღემდე ცხოვრობს მაღალ მთებში, უმეტესად ქვეყნის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში.
- ჰაზარები (9%) — ცენტრალურ ავღანეთში მცხოვრები შიიტური უმცირესობა. ისტორიულად, ჰაზარები დიდხანს იყვნენ დევნა-შევიწროების მსხვერპლნი, მარგინალიზებულნი, განიხილებოდნენ რა დაბალი კლასის მუშახელად, თუმცა 2001 წლის შემდეგ ჯგუფი ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერდა, დიდწილად, უმაღლესი განათლებისა და მეწარმეობის გზით. ხშირად არიან თალიბანისა და სხვა ექსტრემისტების თავდასხმების მსხვერპლნი.
- უზბეკები&თურქმენები (12%) — ჰინდუქუშის მთათა სისტემის ჩრდილო-დასავლეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის საზღვრებთან მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები. უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია.
ავღანეთი ჭრელია ენობრივი თვალსაზრისითაც: ოფიციალური ენებია პაშტუ, რომელზეც, დიდწილად, პუშტუნები საუბრობენ, და დარი, რომელიც ავღანეთში გავრცელებულ სპარსული ენის დიალექტებს აერთიანებს. ამ დიალექტებზე ძირითადად ტაჯიკები და ჰაზარები ლაპარაკობენ. ეთნიკურ უმცირესობებს შორის ასევე გავრცელებულია სხვა, მათ შორის, თურქული ენები.

ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს მონოლითურ ერთობებს: ისინი, თავის მხრივ, იყოფებიან ტომებად და ტომთა კავშირებად, რომელთაც თავიანთი სოციალური სტრუქტურები, გავლენის სფეროები და ხედვები გააჩნიათ.
ავღანეთის შემთხვევაში მართებული არ იქნება ტომის განხილვა დრომოჭმულ ერთობად, რომლის გავლენაც შეიძლება სიმბოლურ საწყისებზე დავიყვანოთ. პირიქით, ტომობრივი კავშირები იქ ხშირად ეროვნულზე მაღლა დგას.
“ავღანეთის კონსტიტუციის ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მან შექმნა ზედმეტად ცენტრალიზებული, უნიტარული სახელმწიფო ეთნიკურად მრავალფეროვან, მთიან ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ლიდერები, საზოგადოებები და ტომები ხშირად ეფექტურად მართავენ საკუთარ თავებს”, — დასძენს ახილეშ პილალამარი, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსი.
როგორ მოვიდა ავღანეთი ქაოსამდე? — ძირითადი თარიღები
*მომზადებულია BBC-ის, AP-სა და PBS-ის მიხედვით
25 დეკემბერი, 1979 — საბჭოთა წითელი არმია ავღანეთში შედის, რათა დაეხმაროს ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებას, რომელიც წინააღმდეგობას აწყდება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მუჯაჰიდების(საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, რომელსაც სწამს რომ ღმერთისა და ისლამის სახელით იბრძვის) ჯგუფებისგან; მმართველად კომუნისტ ბაბრაქ ქარმალს სვამენ, თუმცა მუჯაჰიდების მხრიდან წინააღმდეგობა აქტიურდება.
1985 — მუჯაჰიდები მეზობელ პაკისტანში იკრიბებიან, იარაღდებიან და ფინანსდებიან აშშ-ისა და სხვათა მიერ, ანტისაბჭოთა ალიანსის შესაკვრელად. ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებულად იქცა, ლტოლვილთა დიდი ნაწილი კი პაკისტანსა და ირანში გაიქცა.
1986 — აშშ იწყებს მუჯაჰიდების მომარაგებას”სტინგერის” საზენიტო სარაკეტო დანადგარებით. ამავე წელს, პრეზიდენტ ბაბრაქ ქარმალს, პროსაბჭოთა ხელისუფლების ლიდერს, კომუნისტი მუჰამად ნაჯიბულა ცვლის.

1988 — ოსამა ბინ ლადენი, რომელიც ავღანეთის ომში მოხალისედ წავიდა, და კიდევ 15 ისლამისტი “ალ-კაიდას” დაჯგუფებას აყალიბებენ, ჯიჰადის (საღვთო ომის) გასაგრძელებლად საბჭოთა ხელისუფლებისა და ყველა იმ ძალის წინაათმდეგ, რომელიც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება ავღანეთში ისლამური წესებით მართული სახელმწიფოს შექმნას.
ამავე დროს, “ალ-კაიდას” ორიენტირი თანდათან გადადის აშშ-ზეც, ვინაიდან ეს ქვეყანა, დაჯგუფების ხედვით, იყო კიდევ ერთი სუპერძალა, რომელიც დაბრკოლებას წარმოადგენდა ისლამზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე.
1989 — აშშ, პაკისტანი, ავღანეთი და საბჭოთა კავშირი სამშვიდობო შეთანხმებას აწერენ ხელს, ავღანეთის დამოუკიდებლობისა და იქიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის გარანტიით. მუჯაჰიდები განაგრძობენ ბრძოლას პროსაბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ავღანეთში, რომელიც ქვეყნიდან სსრკ-ის გასვლის შემდეგაც დარჩა.
1992 — მუჯაჰიდები და სხვა მეამბოხეები ქაბულში შედიან და ნაჯიბულას ხელისუფლებას ამხობენ. ნაჯიბულა შინაპატიმრობაში გადაჰყავთ გაეროს შენობაში. ამის შემდეგ იწყება სისხლისმღვრელი ომი ამბოხებულთა ლიდერებს შორის ძალაუფლების გასანაწილებლად. ათობით ათასი ადამიანი იღუპება.
1994 — ყანდაარის პროვინციის სამხრეთში იქმნება ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი, კონტროლს ამყარებს პროვინციაზე და ისლამის ხისტი ინტერპრეტაციით იწყებს დაკავებული ტერიტორიის მართვას.

1996 — თალიბანი იკავებს ქაბულს, საჯაროდ, სასტიკად აწამებს და შემდეგ კლავს ნაჯიბულასა და მის ძმას. თალიბანის მოწინააღმდეგე “ჩრდილოეთის ალიანსი” ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პანჯშირის ხეობაში მაგრდება და განაგრძობს ბრძოლას ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ.
თალიბანის მმართველობას, როგორც ომის დასრულების გარანტს, თავდაპირველად ქაოსით დაღლილი არაერთ ავღანელი მიესალმა. თუმცა დაჯგუფება უარს არ ამბობს “რკინის ხელზე”:
ის სასტიკად რეაგირებს დანაშაულზე, ქალებს უზღუდავს განათლებისა და მუშაობის, ასევე, თანმხლები კაცისა და სხეულის სრულად დაფარვის გარეშე გარეთ გასვლის უფლებას. ამ პერიოდში აკრძალულია ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაცია. ხშირია სხეულის ნაწილების ამპუტაცია და ჩაქოლვა, როგორც სასჯელის ფორმა.
1998-2000 — ალ-კაიდას მიერ აფრიკის ორ ქვეყანაში აშშ-ის საელჩოების აფეთქების შემდეგ, აშშ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ავღანეთის იმ წერტილებზე, სადაც, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ბაზებია განლაგებული.
აშშ არაერთგზის ითხოვს აწ უკვე საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ბინ ლადენის ექსტრადირებას, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ავღანეთში იმალებოდა და ტერორისტულ ბანაკებში საქმიანობდა.
თალიბანი უარით პასუხობს მოთხოვნას. გაერო ავღანეთს სავაჭრო და ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.
2001 — 9/11-ის ტერაქტის შემდეგ, აშშ და მოკავშირეები ავღანეთში თალიბანის პოზიციებსა და ალ-კაიდას სავარაუდო ბაზებს ბომბავენ. ანტითალიბანური “ჩრდილოეთის ფრონტი” ქაბულში შედის, თალიბანი უკან იხევს და მალე უკანასკნელ პოზიციებს თმობს. მისი მმართველობა სრულდება, იქმნება დროებითი მთავრობა ჰამიდ კარზაის მეთაურობით.
2002 — ავღანეთში ჩადის მშვიდობისმყოფელთა პირველი კონტინგენტი ნატოს მეთაურობით, რის შემდეგაც იწყება გაჭიანურებული ბრძოლა თალიბანის წინააღმდეგ. ამავე წელს ლოია ჯირგა (ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრება) ჰამიდ კარზაის ირჩევს სახელმწიფოს დროებით მეთაურად.
2003 — ნატო საკუთარ თავზე იღებს ქაბულის უსაფრთხოების კონტროლს.
2004-2009 — მტკიცდება კონსტიტუცია; ჰამიდ კარზაის ორი ვადით ირჩევენ ავღანეთის პრეზიდენტად; საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატების დიდი ნაწილი ომის სარდლებსა და გავლენიან ფიგურებს ერგოთ; ნატო პასუხისმგებლობას იღებს მთელი ავღანეთის უსაფრთხოებაზე; თალიბანი განაგრძობს თავდასხმებს, კვლავ იწყებს ტერიტორიების დაკავებას ღარიბ რაიონებში; აშშ-ის არმიის წარმომადგენლობა იზრდება.

2014 – კარზაის 10-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად აცხადებს ორივე კანდიდატი: აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა. საბოლოოდ, აშშ-ის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით, ღანი პრეზიდენტი ხდება, აბდულასთვის კი მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია იქმნება.
ამავე წელს, ნატო და აშშ ფორმალურად ასრულებენ თავიანთ საბრძოლო მისიას და ორიენტირდებიან ავღანეთის არმიის გაწვრთნაზე. მეორე მხრივ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ის ძალებს აძლევს უფლებამოსილებას, განახორციელონ ოპერაციები თალიბანისა და ალ-კაიდას სამიზნეების წინააღმდეგ.
2015-2018 — თალიბანი ძლიერდება, თითქმის ყოველდღე ესხმის თავს ავღანური და ამერიკული ძალების პოზიციებს და კონტროლს ამყარებს ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე. მეორე მხრივ, აქტიურდებიან “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული ჯგუფები ქვეყნის აღმოსავლეთით.

აშრაფ ღანი. ფოტო: EPA-EFE/HEDAYATULLAH AMID
2019 — აშრაფ ღანი მეორე ვადით ხდება პრეზიდენტი. მისი კონკურენტი ისევ აბდულა აბდულაა, რომელიც კვლავ არ აღიარებს შედეგებს და კიდევ ერთი დიალოგის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებების კომიტეტის მეთაურის პოზიციას იღებს; პარალელურად, ქაბულში ძალადობა მწვავდება, “ისლამური სახელმწიფო” თავს ესხმის რიგ ობიექტებს, მათ შორის, სკოლასა და საავადმყოფოს, კლავს ქალებსა და ახალშობილებს.
2020 — კატარის დედაქალაქ დოჰაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ფორმდება შეთანხმება თალიბანთან, რომლითაც განისაზღვრება ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანის განრიგი. სანაცვლოდ, შეიარაღებულებმა უნდა შეწყვიტონ თავდასხმები ამერიკელებზე.
2021, აპრილი — აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენილი 2 500-დან 3 500-მდე სამხედრო ქვეყანას 11 სექტემბრამდე დატოვებს, რათა დასრულდეს ამერიკის “უსასრულო ომი”.

2021 წლის მაისიდან დღემდე — თალიბანი წინსვლა ჩქარდება. ის არაერთ რაიონს იკავებს მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარეთ. პრეზიდენტი ღანი მობილიზაციას აცხადებს, აიარაღებს მოხალისეებს, თუმცა ეს ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება ივლისსა და აგვისტოში, როცა თალიბანი ქალაქს ქალაქზე იკავებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე, აგვისტოში კი ქაბული ეცემა და ავღანეთის ხელისუფლება ემხობა.
ვინ რას აკონტროლებდა თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე?
როგორც ზემოთ მოცემული ქრონოლოგიიდანაც ჩანს, 2001 წელს, თალიბანის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მოძრაობა არ გამქრალა: მან მაშინ დათმო თავისი პოზიციები, თუმცა მომდევნო წლებში განაგრძობდა ბრძოლას აშშ-ისა და მისი მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ.
მიუხედავად საერთაშორისო მოთამაშეების ძალისხმევისა და მათ მიერ დახარჯული მილიარდებისა, დაჯგუფება ახერხებდა, ხელახლა მოეხდინა ორგანიზება და თავისი გავლენის სფერო ავღანეთის რიგ ტერიტორიებზე განევრცო.
ბოლო მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე, 2017 წელს, BBC-ის კვლევამ აჩვენა, რომ თალიბანი სრულად აკონტროლებდა ავღანეთის არაერთ რაიონს. ისინი ასევე აქტიურები იყვნენ სხვა ტერიტორიებზე, სადაც ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად ახორციელებდნენ თავდასხმებს.

იმ პერიოდში, სავარაუდოდ, 15 მილიონი ადამიანი — ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი — ცხოვრობდა ტერიტორიებზე, რომელთაც თალიბანი ან აკონტროლებდა, ან ღიად იყო წარმოდგენილი თავისი მოქმედებებით.
თუმცა გასულ წლებში მოძრაობის გავლენა ძირითადად ღარიბ დასახლებებზე ვრცელდებოდა. თალიბანი, მიუხედავად მცდელობისა, ვერ აკონტროლებდა ავღანეთის საკვანძო ქალაქებს.
ვითარება შეიცვალა 2021 წელს: აპრილში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა დაანონსდა. მაისიდან კი თალიბანმა შეტევა დაიწყო ავღანეთის ძალების წინააღმდეგ. 6 აგვისტოს მათ პირველი რეგიონული დედაქალაქი — ზარანჯი — აიღეს, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

პროცესი დომინოს ეფექტით წარიმართა: თალიბანი სწრაფად ამყარებდა კონტროლს საკვანძო ქალაქებზე. ავღანეთის არმია თუ ადგილობრივი ოფიციალური პირები, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ აღარ უწევდნენ წინააღმდეგობას შეიარაღებულებს და პირდაპირ ნებდებოდნენ მათ.
14 და 15 აგვისტოს დაჯგუფებამ უკანასკნელი საკვანძო ქალაქები — ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე მაზარ-ი-შარიფი და პაკისტანის საზღვართან მდებარე ჯალალაბადი დაიკავა. ამის შემდეგ, პრაქტიკულად, გადაწყდა ქაბულის ბედიც: დაჯგუფება უბრძოლველად შევიდა დედაქალაქში.
რამ განაპირობა თალიბანის სწრაფი წინსვლა?
აგვისტოში აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან გაჟონილ ანგარიშში ეწერა, რომ ქაბული, შესაძლოა, რამდენიმე კვირის შემდეგ დარტყმის ობიექტი ყოფილიყო, მთავრობა კი 90 დღეში ჩამოშლილიყო. ვარაუდი არ გამართლდა: ქაბული სულ რამდენიმე დღეში დაეცა, პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა.
როგორ? ამ კითხვას ერთგვაროვანი პასუხი არ აქვს. სფეროს ექსპერტები თუ ავღანეთში განხორციელებული მისიების ყოფილი მონაწილეები არაერთ ფაქტორზე საუბრობენ. მათ შორისაა კორუფცია, დემორალიზებული არმია, უნდობლობა ხელისუფლებისადმი და ავღანეთის ეთნიკური და სოციალური სურათი, რომელიც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეფასდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, თალიბანი დაახლოებით 75 000 წევრს ითვლის. ავღანეთის არმია, პოლიცია და საჰაერო ძალა კი, რომელთა გაწვრთნაშიც აშშ-მა, ბრიტანეთმა და სხვებმა გასულ 20 წელიწადში უზარმაზარი ფულადი რესურსი ჩადეს, 300 000 ადამიანისგან შედგებოდა.
თუმცა, ეს მხოლოდ ქაღალდზე: მასშტაბური კორუფციიდან გამომდინარე, ამ რიცხვის გადამოწმება რთულია.

ავღანელი ჯარისკაცი გერმანიის საკონსულოსთან, სადაც”თალიბანმა” თავდასხმა მოაწყო. 11.11.2016. ფოტო: EPA/MUTALIB SULTANI
“ვფიქრობ, თალიბანი მაინც გაიმარჯვებდა. ეს იმიტომ, რომ ავღანეთის ეროვნული არმია შედგება მრავალი, სისტემურად კორუმპირებული ერთეულისაგან, რომელთაც არც ეფექტური სარდლობა გააჩნიათ და არც კონტროლი.
არ იციან, რამდენი ადამიანი შედის ამ ქვედანაყოფებში, მათი აღჭურვილობის დიდი ნაწილი დანაწევრებული, მოპარული, გაყიდულია. ეს სრულიად უფუნქციო ძალა იყო”, — ამბობს ჯეკ ვოლტინგი, ლონდონის გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი, CNBC-სთან საუბრისას.
მისივე სიტყვებით, სამხედროებს ხშირად ჯეროვნად არ კვებავდნენ, იშვიათად უხდიდნენ ხელფასს და გზავნიდნენ ადგილებში, სადაც არანაირი ტომობრივი თუ ოჯახური კავშირები არ გააჩნდათ. მკვლევრის აზრით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც არაერთი სამხედრო პირი პოზიციებს უბრძოლველად ტოვებდა.
საყურადღებოა არმიის მორალური მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გაუარესდა, როცა აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. ბოლო პერიოდში კი, თალიბანის უწყვეტი წინსვლისა და ზედიზედ დაკარგული ქალაქების ფონზე, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდა.
“ავღანეთის [სამხედრო] ძალებს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ პრობლემა როგორც მორალთან, ისე თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის ნებასთან მიმართებით.
თალიბანს შეუძლია წარმოადგინოს თავი ძალად, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის. ეს კი ახლოსაა იმასთან, რასაც ნიშნავს ცნება “ავღანელი”. მთავრობისთვის და მთავრობისთვის მებრძოლი არმიისთვის [ასე პოზიციონირება] მეტად რთულია”, – ეუბნება CNN-ს კარტერ მალკასიანი, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის უფროსი მრჩეველი.

ყოველივე ამის ფონზე, კარგად მუშაობდა თალიბანის ტაქტიკაც. ამ კუთხით აღსანიშნავია მნიშვნელოვანი სასაზღვრო ზონებისა და გამშვები პუნქტების დაკავება, რითაც დაჯგუფებამ მატერიალურად იხეირა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ავღანეთის საზოგადოებრივი მოწყობა. ბრიტანელი ოფიცერი მაიკ მარტინი ხაზს უსვამს ავღანეთის ისტორიულ რეალობას, რომელიც აჩვენებს, როგორ იცვლიან პოზიციებსა და მხარეებს ოჯახები, ტომები და მთავრობის წარმომადგენლებიც კი, იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაირჩინონ.
დღეს არაერთგზის მიანიშნებენ იმაზე, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო, ჯეროვნად შეეფასებინა მრავალეთნიკური, მრავალენოვანი ავღანეთის ფენომენი, თავისი კლანურ-ტომობრივი კავშირებით.
“ტოტალური მარცხი [განვიცადეთ] იმის გაგებაში, თუ რა სურდათ ავღანელებს. ვვარაუდობდით, რომ მათ სურდათ ის, რაც ჩვენ გვქონდა — ლიბერალური დემოკრატია, იუდეო-ქრისტიანული ფასეულობები… და აზრი, რომ ისინი უბრალოდ, ავტომატურად ტრანსფორმირდებოდნენ. ასე არ არის.
ჩვენ არ გვესმოდა ტომობრივი დინამიკები. არც არასდროს გაგვიგია. ვფიქრობდით, რომ ყველას სურს ის, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის კულტურული სისულელე, მათი რეალობისა და გამოცდილების უგულებელყოფა”, — დასძენს მაიკლ ზაჩი, გადამდგარი საზღვაო ქვეითი, რომელიც ამერიკელების მიერ გაწვრთნილ ბატალიონს მეთაურობდა ერაყის ომის დროს.
პოსტთალიბანის ავღანეთი და ახალი თაობა
მიუხედავად მრავალი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას, ზოგიერთ შემთხვევაში, გაუსაძლისს ხდის, ბოლო 20 წელიწადში არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.
BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.
თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.
ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.

მიუხედავად ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემისა, ფართო ურბანიზაციამ და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა გარკვეულწილად შეამცირა უფსკრული ქალაქებში მცხოვრებ ავღანელებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, 68% კი მობილური ტელეფონით სარგებლობდა.
გასულ წლებში მკვეთრად გაფართოვდა ავღანეთის მედიასივრცე. თუ თალიბანის მმართველობის დროს ტელევიზია, მუსიკა და კინო აკრძალული იყო, დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ერთადერთ რადიოში კი რელიგიური შინაარსის გზავნილები ისმოდა, დღეს ქვეყანაში 170 რადიო, 100 გაზეთი და არაერთი ტელევიზია მუშაობს.
2001 წლის შემდეგ არაერთმა დონორმა გამოყო გრანტები სახელმწიფოს მშენებლობისათვის საჭირო ინიციატივებისთვის: სამოქალაქო განათლების, პოლიტიკური ჩართულობისა და ადვოკატირების პროექტებისთვის. ამ და სხვა ნაბიჯებმა, მიუხედავად ბიუროკრატიისა და მთავრობის მხრიდან ჩარევის მცდელობებისა, დადებითი როლი ითამაშა ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
რადიკალები არასდროს შერიგებიან ხსენებულ წინსვლას: მათი სამიზნე განსაკუთრებით ხშირად იყვნენ ჟურნალისტები და აქტივისტები. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, Reuters-ის თანახმად, მკვლელობები განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წელს, აშშ-სა და თალიბანს შორის კატარში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად.

“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ ბოლო 18 წლის განმავლობაში. ზოგჯერ წარმოუდგენელია, იმდენი იმედი და ენერგია, იმდენი კაშკაშა ახალგაზრდა ავღანელია, კაცი თუ ქალი, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ემსახურონ ქვეყანას”, – ეუბნებოდა Asia Foundation-ს სადიკ ამინი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ავღანეთიდან, 2019 წელს.
უკვე ახლა, როცა თალიბანი არათუ მეტი გავლენისთვის იბრძვის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბუნდოვანია, სად წავა სირთულეების მიუხედავად ქვეყანაში დარჩენილი, უკეთესი მომავლის იმედის მატარებელი ახალგაზრდების ოპტიმიზმი.
ქაბულის დაცემის შემდეგ უამრავი ადამიანი მიაწყდა ქალაქის აეროპორტს. მსოფლიო შეძრა კადრებმა, რომლებშიც ჩანს, როგორ ვარდება აფრენილი თვითმფრინავიდან ორი ადამიანი, რომლებიც სხვების მსგავსად ცდილობდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა.
რა მოხდება ახლა?
თალიბანი აღნიშნავს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად.
ამასთან, ითქვა, რომ თალიბანმა საყოველთაო ამნისტია მთელი ავღანეთის მასშტაბით გამოაცხადა, განსაკუთრებით კი მათთვის, “ვინც ოპოზიციასთან ერთად იყო ან მხარს უჭერდა ოკუპანტებს წლების განმავლობაში და ბოლო დროს”.
დაჯგუფების თქმით, მათ მიერ გამოცხადებული “ისლამური საამირო” მხარს უჭერს ქალთა უფლებებს “შარიათის ფარგლებში” და ირწმუნება, რომ ისლამური კანონმდებლობის პირობებში, ქალებს განათლებისა და მუშაობის უფლება შეუნარჩუნდებათ.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER
თალიბანი ასევე აცხადებს, რომ მედია დამოუკიდებელი იქნება, „თუმცა მათ [ჟურნალისტებმა] არ უნდა იმუშაონ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ“.
ამ დაპირებებს მრავალი ადამიანი, ავღანეთის შიგნით თუ გარეთ, ეჭვის თვალით უყურებს და თალიბანის მმართველობის პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს. საერთაშორისო მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები ქალთა საჯაროდ ცემისა თუ იძულებითი დაქორწინების შესახებ. ერთ-ერთი ცნობის თანახმად კი, შეიარაღებულებმა გასულ თვეში მოკლეს ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.
ავღანეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია. ამრულა სალეჰის თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა, მისი მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია, არ აპირებს დანებებას და განაგრძობს წინააღმდეგობას თალიბანისადმი.

“მე არასდროს, არცერთ შემთხვევაში დავემორჩილები თალიბანის ტერორისტებს. არასდროს ვუღალატებ ჩემი გმირის, მეთაურისა და ლეგენდის, აჰმად შაჰ მასუდის სულსა და მემკვიდრეობას”.
აჰმად შაჰ მასუდი, რომელსაც სალეჰი ახსენებს, იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის მონაწილე, 1996 წლიდან კი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა. მასუდი 2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე მოკლეს ალ-კაიდას აგენტებმა.
მიმდინარე დღეებში, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ამრულა სალეჰი და აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი, ერთ ოთახში სხედან.
ფოტო, სავარაუდოდ, პანჯშირის პროვინციაშია გადაღებული: აჰმად შაჰის მშობლიურ ხეობაში, რომელიც თალიბებმა ვერც 1990-იან წლებში დაიკავეს და ახლაც, პრაქტიკულად, ერთადერთი პროვინციაა, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

32 წლის მასუდი “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერია” და ამბობს, რომ დაიცავს პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. მისი თქმით, მოძრაობის ხელშია წლების მანძილზე ნაგროვები იარაღი და მას უერთდებიან ის სამხედროებიც, რომელთაც უარი თქვეს დანებებაზე. თუმცა მასუდი ხაზს უსვამს, რომ თალიბანთან ბრძოლაში დასავლეთის დახმარებაა საჭირო.
მასუდი ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ თალიბანი მხოლოდ ავღანეთის პრობლემა არ არის. მისი თქმით, თალიბანის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა გახდება დასაყრდენი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისთვის და შეთქმულებებისთვის დემოკრატიათა წინააღმდეგ.








