საზოგადოება

ქორწინების გარეშე შვილი რომ გამეჩინა, საქართველო ორსულმა დავტოვე — ისტორია 

29 მარტი, 2024 • 29267
ქორწინების გარეშე შვილი რომ გამეჩინა, საქართველო ორსულმა დავტოვე — ისტორია 

მარიამი (სახელი შეცვლილია) ახალგაზრდა ქალია, რომელიც იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. ამ ისტორიის გაზიარების დროსაც იძულებულია, რომ ოჯახისგან შორს, უცხო ქვეყანაში ეძებოს თავშესაფარი საკუთარი თავისთვის და ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში დაიბადება.

მარიამის ორსულობა დაგეგმილი არ ყოფილა. ჯერ არდაბადებული ბავშვი მიუღებელი აღმოჩნდა მარიამის შეყვარებულისთვის. ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა კი იმდენად წარმოუდგენელი სცენარია მარიამის ოჯახისთვის, რომ  არც კი უფიქრია, მათთვის ეს სიახლე ეთქვა და ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ მისი ორსულობა ხილვადი გახდებოდა.

როგორია ბრძოლა საკუთარი თავისა და შვილის ღირსებისთვის, არსებობისთვისაც კი, ყველასგან შორს და ბუნდოვანი მომავლით, –  მარიამი ნეტგაზეთს ესაუბრება: 

რადიკალური გადაწყვეტილებების პირისპირ მარტო

შეყვარებული მყავდა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა მისი არსებობაც არ იცოდა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ოჯახი არ უნდოდა და აქ თავისთავად ბავშვიც იგულისხმებოდა. თითქოს სერიოზული არაფერი უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის, მაგრამ მე მართლა შემიყვარდა და დაშორებაზე არ მიფიქრია. თითქმის სამი წელი ვიყავით ერთად. ისე მოხდა, რომ დავორსულდი. ამას არ ველოდებოდი. ჩემი ფეხმძიმობა სრულიად დაუგეგმავი და მოულოდნელი რამ იყო.

ტესტი რომ გავიკეთე და დადასტურდა, ჩემთან ერთად იყო. მეც არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, თან გამიხარდა და თან არა. იმ მომენტიდანვე ვიცოდი, მარტო ვიყავი და მარტო ვიქნებოდი. ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა, პირდაპირ თქვა, რომ შვილი არ უნდოდა. მთხოვდა, რომ აბორტი გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ ბავშვს არ მოვიშორებდი და თუ ის არ შეიცვლიდა დამოკიდებულებას, მზად ვიყავი, რომ ყველა პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო.

ჩემი მეგობრები რომ გვერდში არ დამდგომოდნენ, ალბათ გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. იქნებ კიდევაც მეფიქრა აბორტის გაკეთებაზე. იმავე დღეს დავურეკე მეგობარს, ვისთანაც ახლა უცხო ქვეყანაში თავი შევაფარე. ყველანაირად გვერდში დაგიდგებიო, მითხრა. მასთან საუბრის მერე შევხვდი საქართველოში სხვა რამდენიმე მეგობარს და ყველა ისეთი სიხარულით შეხვდა, მგონი, ჩემზე მეტად იყვნენ ბედნიერი. მათ შემაძლებინეს, რომ გავბედე და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მინდოდა, რომ მიმეღო. ჩემი შვილი გაჩნდება და ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება.

უცხოდ ქცეული ოჯახი

სულ რამდენიმე მეგობარმა იცის, რომ ორსულად ვარ, მეტმა არავინ. არც იმდენი შემოსავალი მქონდა, რომ მარტო გავმკლავებოდი ყველაფერს. ვერ შევძლებდი, რომ თავი მერჩინა და შვილისთვის რაც საჭირო იყო, ყველაფერი გამეკეთებინა. ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ფაქტორი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბინის ქირას როგორ გავწვდე საქართველოში? მარტო მანდ თავს ვერ გაიტან. სახლშიც ვერაფერს ვიტყოდი. ჩემს ოჯახს ხომ კარგად ვიცნობ. მოდი, ასე ვთქვათ, “ტრადიციული ხალხია”. ჩემი ამბავი რომ გაეგოთ, პირველი, რაზეც ინერვიულებდნენ, იქნებოდა “ხალხი რას იტყვის?!” 

33 წლის ვარ. ოჯახში სულ ჰქონდათ პრობლემა და სულ მეკითხებოდნენ, რატომ არ ოჯახდებიო. ხუმრობით როცა მითქვამს, რომ გათხოვება არ მინდა, მაგრამ ბავშვს გავაჩენ, ამაზე ყოველთვის ჰქონდათ ძალიან ცუდი რეაქცია. დებიც მყავს, მაგრამ სულ სხვადასხვანაირები ვართ. მგონია, რომ ერთი და გამიგებდა, მაგრამ მისთვისაც არაფერი მითქვამს. დახმარებას ვერაფრით შეძლებდა, ისიც ინერვიულებდა. ადრე თუ გვიან, როცა გამჟღავნდებოდა, რომ ეს იცოდა, შეიძლება მასაც პრობლემები შეჰქმნოდა და ცუდ სიტუაციაში ჩავარდნილიყო.

ასე გავხდი იძულებული, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. პოლონეთში ვარ უკვე 2 თვეა. ჩემს მეგობართან. ჩემი ოჯახი რაიონში ცხოვრობს. მე თბილისში ვიყავი მაშინ. წასვლაზეც ვერ ვეტყოდი პირისპირ. დავურეკე და ასე ვუთხარი ოჯახის წევრებს, რომ საზღვარგარეთ მივდიოდი. ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ, განსაკუთრებით, დედას, მაგრამ ეს აღარაფერს შეცვლიდა. ახლა ხანდახან ვურეკავ ხოლმე, იშვიათად, რომ არ ინერვიულონ. აღარ ბრაზობენ. მათ იციან, რომ აქ სამუშაოდ ვარ.

“რა სტრესიც აქ გადამაქვს, ამაზე დიდს საქართველოდან გამოვექეცი”

იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანს ვიმუშავებდი, აქ ჩაბარება და დახმარების მიღებაც იქნებ გამოსულიყო. თუმცა ვერც სამსახური ვიშოვე. ენა არ ვიცი და ყველა სამსახურში მუშაობაც არ შემიძლია ჩემი მდგომარეობის გამო. გაირკვა ისიც, რომ არანაირი დახმარება და პირობები აქ არ არის. ერთი თვე მაქვს დარჩენილი, სანამ ამ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შემიძლია და უნდა მოვასწრო, სხვა ქვეყანაში გადავიდე, სადაც ჩავბარდები. ან საფრანგეთში წავალ, ან გერმანიაში. ამისიც მეშინია. ამასობაში 5 თვის ორსული ვარ უკვე.

იმედი მაქვს, რომ სადაც ჩავალ, ისე ავეწყობი, რომ არ მომიწევს უკან დაბრუნება. მე ხომ ვიცი, რა სტრესის ქვეშ მოვყვებოდი, რა სტრესის ქვეშ მოჰყვებოდა ჩემი შვილი მუცლიდანვე. ეს ავარიდე ჩემს თავსაც და ბავშვსაც. აქ წამოსვლით რაც გადავიტანე და წინ რაც მელის, ამაზე უარეს სტრესს ავერიდე, ეს ვიცი ზუსტად.

იყო მომენტები, ამდენი დაბრკოლების, სირთულის, გაურკვევლობის ფონზე, როცა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რამდენჯერმე ეჭვი შემეპარა. რამდენჯერმე ვიფიქრე, იქნებ არ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. აქ რომ ჩამოვედი, თავიდან მთელი დღეები ვტიროდი. არ ვიცი, რა იქნებოდა, რომ არა ჩემი მეგობრების მხარდაჭერა და გამხნევება. მაგრამ დაახლოებით 3 კვირის წინ ბავშვის მოძრაობა რომ ვიგრძენი მუცელში, იმავე წამს შევიგრძენი და გავიაზრე ისიც, რომ ასეთი სწორი გადაწყვეტილება არც მანამდე მიმიღია ცხოვრებაში და ვერც ამის შემდეგ მივიღებ. ვამბობ ხოლმე, რომ ესაა ბედნიერება, რომლის განცდა ყველას უნდა შეეძლოს.

ჩემი შვილის მამასთან კონტაქტი აღარ მქონია, რაც წამოვედი. ძალიან მძიმე ლაპარაკი გვქონდა და ძალიან ვიჩხუბეთ ბოლოჯერაც, წამოსვლამდე. არც ის უნდოდა, რომ გამეჩინა, არც ის, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. მისაღები და სასურველი სცენარი მხოლოდ აბორტი იყო. ამით გაწყდა და დამთავრდა ყველაფერი.

გამოსავლის ძიებაში

სხვა ქვეყანასთან ადაპტაცია ადვილი არ არის, მით უმეტეს, როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა გავაკეთო. ჯერ კიდევ არ ვიცი, წინ რა მელის. ჯერ კიდევ ნათლად ვერ ვხედავ გამოსავალს. მაგრამ რა შედარებაა, ბევრად უკეთესად ვარ. ახლა მზეს რომ ვხედავ, ეგეც მაბედნიერებს. ბევრად იმედიანად ვარ. მეგობრების მხარდაჭერით ვირწმუნე, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. ახლა მთავარია, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლა მოვასწრო, სანამ აქ არალეგალად ვიქცევი.

იმ სხვა ქვეყანაშიც ვინმე უნდა დამხვდეს, ვინც ჩაბარებაში დამეხმარება. საფრანგეთში შეიძლება ორი თვე თავშესაფარი არ მოგცენ და ამისთვის რაღაც თანხა მაინც უნდა მქონდეს, რომ ფეხმძიმეს ქუჩაში არ მომიწიოს ყოფნა და თავზე ჭერი მქონდეს დროებით. გერმანიაში თავშესაფარს კი მალევე აძლევენო, მაგრამ ძალიან რთული პირობები და დეპორტირების დიდი რისკია. არ მინდა იმის წარმოდგენა, როგორ მადეპორტებს გერმანია და ჩამოვდივარ საქართველოში უკვე მუცლით. ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, როცა თანხაც არ მიჭირავს ხელში. მე თვითონ ღიად ვერაფრის კითხვას და მოძიებას ვერ ვახერხებ. ამაშიც ჩემი მეგობრები მეხმარებიან და ცდილობენ ამ ქვეყნებში ნაცნობების მოძიებას.

იოლი ორსულობა მაქვს, ამაში კი გამიმართლა. სანამ წამოვიდოდი, რაც შეიძლებოდა, ყველა ანალიზი ჩავიტარე. აქაც ორჯერ ვიყავი ექოსკოპისტთან. ყველაფერი კარგად მიდის. ღმერთიც ხელს მიწყობს ალბათ.

საქართველოში ალბათ აღარ და ვეღარ დავბრუნდები. მაგრამ აუცილებლად ბედნიერი ვიქნები ჩემს შვილთან ერთად. მინდა, რომ იქ, სადაც ვიქნები, მეც მეტად განვვითარდე, ჩემი საქმე მქონდეს. იმედი მაქვს, რომ ონლაინ სამსახურს ვიშოვი, არც სწავლაზე ვიხევ უკან.

ჩემი შვილი რომ დაიბადება, მერე დავურეკავ ჩემს მშობლებს და ვეტყვი, რომ შვილი მყავს. მერე თუ უნდათ, შეეგუონ ამ ამბავს, თუ უნდათ, ნუ შეეგუებიან. თუ უნდათ, გაამხილონ და უთხრან მეზობლებსა და ნათესავებს, თუ უნდათ – დამალონ.

არასდროს ვიქნები მე მანდ მისაღები ჩემი გადაწყვეტილებით. რა დროც არ უნდა გავიდეს, თითს გამოიშვერენ ჩემკენ და ჩემი შვილისკენ. ამისთვის პირველ რიგში ჩემი შვილი არ მემეტება,  მერე კი, საკუთარი თავი.

ქალებს ეს არ უნდა გვიწევდეს 

იცით, რატომ გადავწყვიტე, რომ თქვენთვის ჩემი ამბავი მომეყოლა? არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვიწევდეს საქართველოდან წასვლა იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში არ დაგედგომება ქალს მსგავს მდგომარეობაში და არ უნდა გიწევდეს ოჯახისგან მალვა. მე საქართველო უკვე მენატრება. იმაზეც გული მტკივა, როცა ვამბობ, რომ საქართველოში აღარ ჩამოვალ-მეთქი. რომ არა ის რეაქცია, რაც მოჰყვებოდა ჩემი ორსულობის მანდ გამჟღავნებას, რომ არა ის დამოკიდებულება და რეალობა, რომ მარტოხელა დედებისთვის სინამდვილეში არავითარი ხელშეწყობა ქვეყანაში არ არის, მე ალბათ არ წამოვიდოდი. მანდ რომ სახელმწიფოსგან გვერდში დგომის იმედი მქონდეს, იქნებ, დავბრუნებულიყავი კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი