ახალი ამბები

BBC: თალიბანმა ქაბულში შესვლა დაიწყო

15 აგვისტო, 2021 • 4874
BBC: თალიბანმა ქაბულში შესვლა დაიწყო

ავღანეთის ყველა ქალაქის შემდეგ, თალიბანმა დედაქალაქ ქაბულში დაიწყო შესვლა.

როგორც BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაჯგუფების ნაწილი დედაქალაქში უკვე შესულია. გამოცემას პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა – „გასაქცევი არსად დარჩა“.

მანამდე, 13 აგვისტოს, თალიბანმა სწრაფად დაიკავა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც. მათ შორისაა მაზარ-ი-შარიფი. ეს იყო ბოლო საკვანძო წერტილი ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ჯერაც აკონტროლებდა. ქალაქი  თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნეოდა.

დღევანდელ დღემდე  24-დან 23 რეგიონულ დედაქალაქს თალიბანი აკონტროლებს. დარჩა მხოლოდ ქაბული: ავღანეთის დედაქალაქი, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფების გააქტიურებისა და საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მაისიდან დღემდე, 250 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულმა მიაშურა უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.

თალიბანის წინსვლას, ჯერჯერობით, ვერაფერი აკავებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც რაიმე სახის დიალოგის წინაპირობად განიხილავს, ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის გადადგომაა. ღანის ამ მოთხოვნისთვის ჯერ არ უპასუხია.

ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.

თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქს ქაბულის გარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი