ახალი ამბები

თალიბანმა ავღანეთში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა – მედია

15 აგვისტო, 2021 • 2548
თალიბანმა ავღანეთში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა – მედია

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიკავეს თალიბანის წევრებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე.

მანამდე პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

CNN თალიბანის ერთ-ერთ სპიკერზე, ზაბიჰულლაჰ მუჯაჰიდზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი აპირებენ დაიკავონ ყველა ის ადგილი, რომლებიც სახელმწიფო წარმომადგენლებმა მიატოვეს.

 

მედიაში მანამდე ვრცელდებოდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, თუმცა, მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შეხვედრა „შესაძლოა არ შედგეს“.

BBC ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ქაბულის 11 რაიონს აკონტროლებს. მოსახლეობის ნაწილი ევაკუაციას ცდილობს, გადავსებულია აეროპორტის ეზოც.

ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ დაბრუნებაზე მუშაობს. უწყება არ აკონკრეტებს მოქალაქეთა რაოდენობას, თუმცა, ელენე ხოშტარიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია 22 მოქალაქეზე.

დღეს დილით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა შესვლა დაიწყო. ქაბული ერთადერთი იყო ავღანურ ქალაქებს შორის, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ დაემყარებინა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თალიბანის წევრებმა უკვე დაიკავეს ქაბულის გარეუბნები. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ თალიბანმა ბაგრამის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლა. პარალელურად, ქვეყნიდან დასავლეთს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაჰყავს, მათ შორის, აშშ-საც.

თალიბანიდან ტაჯიკეთში გაიქცა ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი. მან შემდგომ ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ რთული არჩევანის წინაშე დადგა. ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება კი სისხლისღვრის ასარიდებლად მიიღო.


მანამდე, 13 აგვისტოს, თალიბანმა სწრაფად დაიკავა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც. მათ შორისაა მაზარ-ი-შარიფი. ეს იყო ბოლო საკვანძო წერტილი ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ჯერაც აკონტროლებდა. ქალაქი  თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნეოდა.

დღევანდელ დღემდე  24-დან 23 რეგიონულ დედაქალაქს თალიბანი აკონტროლებს. დარჩენილი იყო მხოლოდ ქაბული: ავღანეთის დედაქალაქი, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფების გააქტიურებისა და საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მაისიდან დღემდე, 250 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულმა მიაშურა უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.

თალიბანის წინსვლას, ჯერჯერობით, ვერაფერი აკავებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც რაიმე სახის დიალოგის წინაპირობად განიხილავს, ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის გადადგომაა.

ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ, დასახმარებლად ემზადება გერმანიაც. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი