ახალი ამბები

ამ ეტაპზე პანსიონში 47 ბავშვი რჩება — სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

4 ივნისი, 2021 • 1531
ამ ეტაპზე პანსიონში 47 ბავშვი რჩება — სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში 47 ბავშვი რჩება, რომელთაგან 10-ის გადმოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

დღეს ჟურნალისტებთან სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ განმარტა, რომ აპრილიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც სოციალურ მუშაკს დაწესებულებაში შესვლის საშუალება მიეცა, 6 ბავშვი პანსიონიდან გამოიყვანეს.

„ეს გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული, ამისთვის სპეციალური ჯგუფი გვყავს გაგზავნილი, რომელიც იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას, მანამ არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი არის წყნარად.

ბავშვებმა დაწესებულებიდან გამოყვანის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ სურდათ დედაქალაქთან ახლოს და ისინი აქეთ (თბილისში) გადმოიყვანეს. სწორედ ამიტომ, მათ ასაკი 10-დან 16 წლამდე არის. ძალიან მინდა, რომ მედიას ვთხოვო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თბილისში არიან, შევეცადოთ მათთან კომუნიკაცია დამყარდეს ისე, რომ მათი საუკეთესო ინტერესი იყოს დაცული“, – აცხადებს ჟურნალისტებთან მერი მაღლაფერიძე.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე გადმოსაყვან 10 ბავშვთან დაკავშირებით, მაღლაფერიძე გვპასუხობს:

„10 ბავშვი ამწუთას რომ ითხოვდეს, ისინი უკვე გადმოყვანილი იქნებოდნენ… მიმდინარეობს მათთან მუშაობა, რომ მათი სურვილები დაფიქსირებული იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია გადმოყვანის სურვილი და როგორც კი გვექნება ეს მოწესრიგებული, იმწუთში გამოვიყვანთ,“.

მაღლაფერიძე იხსენებს, რომ 2015 წელს პანსიონების ლიცენზირება მოხდა და დაიწყო ბავშვების უკვე ოფიციალურად ჩარიცხვის პროცესი. თავდაპირველად ნინოწმინდის პანსიონში 127 ბავშვი იყო, თუმცა ამ პერიოდამდე 74 ბავშვი პანსიონიდან გამოიყვანეს.

„მე ბოლო ეთერში ვიძახდი, რომ 53 ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა, ვინაიდან 6 დააკლდა, 47 ბავშვი იმყოფება ამწუთას ადგილზე“, —აცხადებს ის.


რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [4 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი