ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონში ფალავანდიშვილები, ლორთქიფანიძე და ალტ-ინფო შეუშვეს, ომბუდსმენი – არა

25 მაისი, 2021 • 4376
ნინოწმინდის პანსიონში ფალავანდიშვილები, ლორთქიფანიძე და ალტ-ინფო შეუშვეს, ომბუდსმენი – არა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია, ულტრანაციონალისტური განწყობის მამა-შვილ ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებსა და „ალტ-ინფოს“ უშვებენ, ხოლო სახალხო დამცველს- კვლავაც არა.

ფალავანდიშვილების ორგანიზაცია უკვე არაერთი დღეა, რაც ნინოწმინდის პანსიონიდან გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. მოგვიანებით დაწესებულებაზე სიუჟეტი მოამზადა „ალტ-ინფომაც“. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პანსიონში ყველაფერი კარგადაა.

თავად სახალხო დამცველი და ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ვერანაირი მედიაპროდუქტი ვერ ჩაანაცვლებს რეალურ მოკვლევას, ვინაიდან ბავშვთა უფლებების მონიტორინგს კვალიფიციური და რთული დაკვირვება სჭირდება.

ფალავანდიშვილი, ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“ პანსიონში – რა ჩანს ვიდეოებზე?

„ალტ-ინფომ“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სიუჟეტი 10 მაისს გამოაქვეყნა. თითქმის 13-წუთიანი სიუჟეტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორის არის პანსიონის ერთ-ერთი ზედამხედველის, ქეთევან ჩხარტიშვილის მოკლე ინტერვიუ.

ზედამხედველი ამბობს, რომ პანსიონში მოსიყვარულე გარემოა და დაწესებულება კოორდინაციაშია სოციალურ სამსახურთან.

„ბავშვები გარეთაც გაგვყავს, მაღაზიაშიც, სოცმუშაკსაც ესაუბრებიან, სკოლაშიც .. უბრალოდ, რაც უნდათ, იმას იღებენ.. საჯარო სკოლაში დადიან“, – აცხადებს ქეთევან ჩხარტიშვილი და უარყოფს ცნობას, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი „ციხესიმაგრესავითაა“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი მას ეკითხება: „რომ მოსულიყვნენ ადამიანივით, არ მიიღებდით?“, რაზეც ქალი პასუხობს:

„რა თქმა უნდა, მივიღებდით… ჩვეულებრივად მივიღებდით, შემოვიდოდნენ და ნახავდნენ ყველაფერს. მაგრამ რომ ვიცით, რომ არ აშუქებდნენ სწორად, მათი ინტერესი სხვა არის“, – ამბობს ქეთევან ჩხარტიშვილი, შემდეგ კი ამატებს, რომ „ინტერესი აქვთ ალბათ ის, რომ ებრძვიან მეუფესა და საპატრიარქოს, თორემ სხვა…“.

სიუჟეტში ჟურნალისტი ასევე ესაუბრება ბავშვებს და აჩვენებენ მათი საცხოვრებელი პირობების ნაწილსაც.

საძინებელი ოთახის ნაწილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. ფოტო: ალტ-ინფო

სიუჟეტის განმავლობაში ბავშვები ჟურნალისტებს აჩვენებენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს, სათამაშოებს, საძინებლებსა და სასადილო ოთახს. ასევე ნაჩვენებია სპეციალურად გამართული კონცერტიც.

ბავშვების სათამაშო სივრცის ნაწილი ნინოწმინდის პანსიონში. ფოტო: ალტ-ინფო

სიუჟეტის ბოლოსკენ ჟურნალისტი რამდენიმე ბავშვს ეკითხება, თუ სჯიდნენ მათ პანსიონში – „მე მსჯიდნენ, მაგალითად, ბავშვობაში… კუთხეშიც დავუყენებივარ“ – ეუბნება ჟურნალისტი ბავშვებს. ბავშვები თავდაპირველად ამბობენ, რომ ტყუილია, თითქოს პანსიონში მათ სჯიდნენ, დამატებით კითხვაზე, თუ ბავშვები რამეს დააშავებენ, როგორ სჯიან – „ყურს მოგქაჩავენ…დარტყმით არა“ პასუხობს ერთ-ერთი.

მეორე ბავშვი იხსენებს, რომ რამდენიმე წუთით კუთხეში დაუყენებიათ. მანამდე დეკანოზი ფილიპე აბაშიძე ამბობდა, რომ წარსულში ყოფილა ნინოწმინდის პანსიონში პედაგოგების მხრიდან “მკაცრი საქციელი”, თუმცა ახლა – აღარ. დასჯის მეთოდებზე საუბარი იყო სახალხო დამცველის ანგარიშებშიც, რომლებიც 2015 და 2018 წლებში ჩატარდა.

რაც შეეხება თავად „ალტ-ინფოს“, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისია წერს, 2021 წლის 5 მარტს ამ ტელეკომპანიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც ბავშვებზე ძალადობას „ზრუნვის აუცილებელ მეთოდადაც“ მოიხსენიებენ. ამის გამო კომისიამ ტელეკომპანია დააჯარიმა.

რაც შეეხება გურამ ფალავანდიშვილსა და მის ვაჟს – ალექსანდრე ფალავანდიშვილს, ისინი და მათი ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ ნინოწმინდის პანსიონში დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად მივიდნენ. თავად ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია.

ფალავანდიშვილი, რომელიც ხშირად  არის ჰომოფობიური აქციების  ორგანიზატორი, ნინოწმინდის პანსიონში სტუმრობისას ბავშვების წინ სიტყვით გამოდის და ამბობს: „… კამპანია, რაც წამოიწყეს, ფაქტობრივად, საქართველოს მტრებმა ამ სულიერი და ფიზიკური ოაზისის წინააღმდეგ. აქ ყველას უშვებენ, კარი ღიაა, ვინც კეთლმოსურნეა. და ვინც ბოროტის მოსურნეა, ის თავის ოფისებშიც კი არ უნდა შეუშვან და ტელევიზიები უნდა ჩაუკეტოს, იმიტომ, რომ აქ შემოდიან, რომ შუღლი ჩამოაგდონ და ბავშვებს ნერვები მოუშალონ“.

„სიუჟეტი და სტუმრობა ვერ ჩაანაცვლებს ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგს“

ნინოწმინდის პანსიონში ულტრანაციონალისტური მედიების შესვლასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე ესაუბრა.

მან დაგვიდასტურა, რომ ამ დრომდე აპარატს პანსიონში არ უშვებენ. სახელმწიფო კი, მიუხედავად გაეროს მიერ დაწესებული ვალდებულებისა, ვერ უზრუნველყოფს აპარატის კანონით გარანტირებული უფლებით სარგებლობას.

„ამ დრომდე სახალხო დამცველს არ ეძლევა შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს ნინოწმინდის პანსიონში, მიუხედავად სახელმწიფოს იმ ვალდებულებებისა, რაც ამ დაწესებულების ლიცენზირებასა და გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მთელი ეს პერიოდი ჩვენ სხვადასხვა პირებისგან გვესმის შეფასებები და მოსაზრებები, რომ ამ დაწესებულებაში არაფერი ხდება, საჭიროება არ არსებობს მონიტორინგის. თუმცა სახალხო დამცველის მონიტორინგს ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთი მედიასიუჟეტი და ვერც ერთი პირის სტუმრობა, რადგან სახალხო დამცველი არის ქვეყანაში ბავშვის უფლებების დამცავი და ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყება. ასევე, ჩვენი მონიტორინგი ითვალისწინებს სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც მთლიანად მორგებულია ბავშვის უფლებების დარღვევის გამოკვეთაზე და მაქსიმალურად იცავს ამ პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესს“, – აცხადებს სხილაძე.

სხილაძე განმარტავს, რომ  დაწესებულებაში ბოლო ვიზიტისას მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკი და სხვა ექსპერტები, რომლებსაც ბავშვთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.

“მონიტორინგისას ჩვენ მაქსიმალურად ვხელმძღვანელობთ ისეთი ტიპის მეთოდოლოგიებით, რომ ეს არ იყოს დამაზიანებელი ბავშვებისთვის. მათ შორის, ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოკვეთა უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ ამან კიდევ უფრო მეტად არ დაამძიმოს ბავშვის მდგომარეობა და, ცხადია, ასეთი ტიპის მიდგომას, ასეთი ტიპის შეფასებას ვერ ჩაანაცვლებს და დამარწმუნებელი ვერ იქნება ვერც ერთი ადამიანის [მონათხრობი] თუ მედიასიუჟეტი, რაც შეიძლება ვნახოთ“, – გვიყვება ის.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ჰქონდა ადგილი სიძულვილის ენის ტირაჟირებას, რაც ცხადია, უფრო მეტად დამაფიქრებელი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რომ მის მიერვე ლიცენზირებულ დაწესებულებაში, სადაც 56 არასრუწლოვანი იმყოფება, როგორი გარემოა შექმნილი ბავშვებისთვის მათი განვითარებისთვის და აზრის გამოხატვისთვის.

უფრო მეტად უნდა აფიქრებდეს სახელმწიფოს, რომ გადახედოს ლიცენზირების საკითხს და ასევე იმას, რომ ამ ყველაფრის ფონზე სახალხო დამცველს ვერ შეუქმნა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა. ჩვენი შეკითხვა მიმართულია სახელმწიფოს მიმართ, რადგან სწორედ მათ ევალებათ ბავშვებზე ზრუნვა“.

ამავე თემაზე ნეტგაზეთს ესაუბრა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი და ბავშვთა უფლებადამცველი – ანა არგანაშვილი. სწორედ ამ ორგანიზაციამ გააგზავნა გაეროში წერილი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, რასაც საბოლოოდ ორგანიზაციის მხრიდან პასუხად მოჰყვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მონიტორინგის უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი.

„ბავშვთა უფლებების ცოდნა არ არის ადვილი საქმე. ყველას ჰგონია, რომ დაინახავს ბავშვს და მიხვდება, ვთქვათ, რა პრობლემა აქვს ან მისი რომელი უფლება ირღვევა – ეს ასე არ არის. ვინც ვმუშაობთ ბავშვთა უფლებებზე, გვაქვს ძალიან სერიოზული განათლება მიღებული ამ კუთხით და ისეთი პრაქტიკა, რომელიც გადამოწმებადია.

შესაბამისად, ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს კვალიფიციური ცოდნა და არ არის პროფესიონალი, უბრალოდ, აზრი არ აქვს იქ შესვლას ამ მიზნით“, – აცხადებს არგანაშვილი.

არგანაშვილის თქმითვე, ის, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, დიდი რეპუტაციული ზიანია. მით უფრო, იმის ფონზე, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ამ საკითხზე გადაწყვეტილება 3 დღეში გაასაჯაროვა.

„სახელმწიფო ვერ ასრულებს კანონს…არ სრულდება კანონი, ამას არანაირი ალტერნატიული ინტერპრეტაცია არ აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოს რომ ჰქონდა აქამდე რეპუტაცია, რომ [ბავშვთა უფლებების] კოდექსი მივიღეთ და უფლებები დაცულია, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ იყო დაუსაბუთებელი. მთელმა მსოფლიომ დაინახა ეს“, – ამბობს ის.

“ვითარება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს”

25 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარემ ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს და „ საამისოდ ვართ მზად, რომ ყველაფერი გაკეთდეს“.

„ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და საამისოდ ვართ მზად, რომ ყველაფერი გაკეთდეს. ინფორმაციის ჩაკეტვა, დახურვა, ყოველ მხრივ საზიანოა, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისათვის. ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს რეალურად აღმოიფხვრას და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს მოვლენები“, – აცხადებს ის.

ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსინოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსინოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. 

19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი