არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.
ორგანიზაციის თქმით, ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000 ლარის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე „საფარის“ იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძეც.
„საფარი“ აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა და მასთან მუშაობა 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს.
„მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, თავს მეგობართან აფარებდა. პანსიონატში ყოფნის დროს მას არ მისცემია შესაძლებლობა დაუფლებოდა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შესაბამისად მას ბევრი, თითქმის გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც აწუხებდა”, – ამბობს იურისტი, ცირა ჯგერენაია.
ორგანიზაციის თქმით, იურისტთა გასაუბრებისას ქალმა ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალს მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა.
იურისტმა ცირა ჯგერენაიამ მასთან გასაუბრების შემდეგ საქმის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში მართლაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. „საფარის“ ცნობით, ბაბუისა და მაის გარდაცვალების შემდეგ, სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაახლოებით წლინახევრის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოიპოვეს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ჯერ ქუთაისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს. 2023 წლის 23 მაისს საქმე მორიგებით დასრულდა – ახალგაზრდა ქალს $22000 ღირებულების სახლი გადაეცა.
“მე მიმუშავია ნინოწმინდის პანსიონატის არაერთ ყოფილ აღსაზრდელთან. ამ ადამიანებისათვის ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება და საზოგადოებაში ინტეგრაცია ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან პანსიონატში ყოფნის პერიოდში ისინი იმყოფებოდნენ სრულიად იზოლირებულ გარემოში. მათ არ შეუწყვეს ხელი გამოემუშავებინათ დამოუკიდებლად ცხოვრების და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები. ამასთან, პანსიონატში ყოფნისას, სიტემატიურად იყვნენ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ანუ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები. ამიტომ, ყველა ის შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი ბრძოლა მათთვის აჩენს ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის შესაძლებლობას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია”, – ამბობს ცირა ჯგერენაია.
ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმატებით დასრულება ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მიიღოს განათლება და უკეთ ინტეგრირდეს საზოგადოებაში.
„საფარი“ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან 2021 წლიდან მუშაობს და დრომდე 50-ზე მეტ ადამიანს გაუწიეს სამართლებრივი, ფსიქოლოგიური თუ სოციალური დახმარება. 2022 წლის ივლისში, მათთან 9-თვიანი მუშაობის შემდეგ, ორგანიზაციამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა რეკომენდაციების პაკეტი.
2023 წლის 13 აპრილს, ორგანიზაციამ პანსიონის 5 ყოფილი აღსაზრდელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლოსგან „საფარი“ ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას.