ახალი ამბები

„ბავშვს ენა გამოაყოფინა და სავარცხელი დაარტყა“ — როგორ სჯიდნენ ნინოწმინდის პანსიონში

23 დეკემბერი, 2021 • 2023
„ბავშვს ენა გამოაყოფინა და სავარცხელი დაარტყა“ —  როგორ სჯიდნენ ნინოწმინდის პანსიონში

ფიზიკური ძალადობა, იძულებითი შიმშილი, დამცირება — ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მეთოდებისა, რომლებსაც სახალხო დამცველის ინფრომაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასასჯელად იყენებდნენ.

დასჯის მეთოდებისა და პანსიონთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებზე სახალხო დამცველმა სპეციალური 40-გვერდიანი ანგარიში წარადგინა.

ასევე, საქმეთა შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მოითხოვა:

  • საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება;
  • საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა;
  • საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა;
  • საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება;
  • ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რელევანტური ექსპერტიზების ჩატარება, ტელეფონისა თუ შესაბამისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პანსიონის ხელმძღვანელი პირების (საერო და სასულიერო) გამოკითხვა, სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვა.

როგორ სჯიდნენ ბავშვებს – სახალხო დამცველის ანგარიში

ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ  4 გამოძიებაა დაწყებული, მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის იმ ფაქტების გამოძიება, რომლებიც 2021 წელს გახდა ცნობილი, ერთიანად ხვდება ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმეების მასალებში ასევე არის აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც, რომლებშიც ბავშვები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და ხშირად „წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე,“.

„პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. ერთ-ერთი აღსაზრდელი ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ.

აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე მარლით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი შემთხვევით ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სრულად ანგარიში წაიკითხეთ აქ. 

ნინოწმინდის პანსიონში დღემდე რჩებიან ბავშვები

უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. არაერთი შეხვედრის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, სახალხო დამცველის ვიზიტის თუ საპროტესტო აქციებისა, დღეს აქ ბავშვები მაინც რჩებიან.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით, პანსიონში 15 არასრულწლოვანი ცხოვრობს. ამდენივე ბავშვი იყო აქ აგვისტოში. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 15-დან 2 ბავშვის გაყვანა ახლა მიმდინარეობს, ასევე:

„აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მცხოვრებ ერთ არასრულწლოვანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რომელიც 2015 წელს მიენიჭა. პანსიონში მცხოვრები ყველა არასრულწლოვანი სასკოლო ასაკისაა და ირიცხება ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლაში“, – წერს სახალხო დამცველი. 

როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ბავშვთა უფლებადამცველები, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ბავშვები უნდა დაბრუნდნენ ან ბიოლოგიურ ოჯახებში, ან სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში, როგორიცაა, მაგალითად, მცირე ტიპის საოჯახო სახლი.

ვრცლად:

თვეების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონში კვლავ რჩებიან ბავშვები — რა ხდება


რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ

ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.

მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.

ჯერ არ დასრულებულა 4 გამოძიება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ დაიწყო – მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების. პარალელურად , ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.

პარალელურად, სახალხო დამცველი ამბობდა, რომ აპარატთან საუბრისას პანსიონის აღსაზრდელებმა ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გაიხსენეს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში თავდაპირველად 150-მდე ბავშვი ცხოვრობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი