უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. არაერთი შეხვედრის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, სახალხო დამცველის ვიზიტის თუ საპროტესტო აქციებისა, დღეს აქ ბავშვები მაინც რჩებიან.
ოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით, პანსიონში 15 არასრულწლოვანი ცხოვრობს. ამდენივე ბავშვი იყო აქ აგვისტოში — ეს ნიშნავს, რომ 3 თვეა, პანსიონიდან ბავშვები არ გაუყვანიათ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ბავშვთა უფლებადამცველები, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ბავშვები უნდა დაბრუნდნენ ან ბიოლოგიურ ოჯახებში, ან სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში, როგორიცაა, მაგალითად, მცირე ტიპის საოჯახო სახლი.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ შეფერხდა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი.
რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
ჩვენი კითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ წერილობითი პასუხი მოგვწერა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პანსიონში ამ ეტაპზე იმყოფება 15 არასრულწლოვანი. ყველა მათგანი სასკოლო ასაკისაა და უწყების ცნობით, ყველა ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში.
„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები, 2021 წლის 4 ივნისიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრძელებენ დაწესებულებაში მცხოვრები არასრულწლოვანის უსაფრთხოებაზე 24-საათიან მონიტორინგს. 2 სოციალური მუშაკი ყოველდღიურად იმყოფება ადგილზე, პანსიონში ყოველდღიურად მუშაობს 7 აღმზრდელი“, — წერია სააგენტოდან ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.
პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ როგორც აღმზრდელებთან, ასევე, ბავშვებთან:
„აღნიშნული ღონისძიებები საჭიროებს გარკვეულ დროს. მიმდინარეობს მუშაობა ბავშვებთან სტრესული გამოცდილების დაძლევაზე, იყენებენ მოტივაციური ინტერვიუს ტექნიკებს, ასევე, ცვლილებებისა და ურთიერთობის თეორიის საფუძვლებს. ცდილობენ მომავალთან დაკავშირებული შფოთვის შემცირებას. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობს დაწესებულებაში მყოფი 15 ბენეფიციარის ზრუნვის შემდგომი ფორმების განსაზღვრის მიზნით, მათი აზრისა და საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით“.
ამავე წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ სოცმუშაკებმა, როგორც საპროცესო წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს არასრულწლოვანების გამოკითხვის პროცესში. UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიცაა ნინოწმინდის პანსიონიდან გასული ბავშვებისა და მათი ოჯახების ზრუნვის ფორმების მხარდაჭერა და გაძლიერება.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ოფიციალური ინფორმაციით, UNICEF-თან ერთად, პროცესში ჩართულია ორგანიზაცია World Vision-იც, რომლის მხარდაჭერითაც „დაგეგმილია მულტიდისციპლინური გუნდების (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი) მუშაობა. მუშაობის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, ხოლო, მეორე მხრივ, აღმზრდელების ფსიქო-განათლება, პოზიტიური აღზრდის მეთოდების გააზრება, უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სხვა“.
„სააგენტოს აქვს მკაფიო ხედვა დიდი ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირდით, იზიარებს დიდი ინსტიტუციების უარყოფით გავლენას ბავშვების განვითარების სხვადასხვა ასპექტზე, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იცავენ ნინოწმინდის პანსიონში ამ ეტაპზე მყოფი და პანსიონიდან უკვე გასული თითოეული ბავშვის ინტერესს, ინდივიდუალური ასპექტების, მათი აზრისა და სურვილის გათვალისწინებით“.
ნეტგაზეთი სტატიის მომზადებისას დაუკავშირდა როგორც UNICEF-ს, ისე — World Visions-ს. ამ ეტაპისთვის ორივე ორგანიზაციამ კომენტარისგან თავი შეიკავა.
„არის სასიკეთო ცვლილებები, თუმცა აქ ბავშვთა ყოფნის ფორმა უნდა შეიცვალოს“
სახალხო დამცველს ბოლო ვიზიტი მინოწმინდის პანსიონში სექტემბერში ჰქონდა, რა დროსაც ბავშვები დასასვენებლად იყვნენ წასული. შესაბამისად, მათთან პირადი გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა დაწესებულების მდგომარეობის შეფასება აპარატის წარმომადგენლებმა მაინც შეძლეს.
სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია, დაწესებულებაში რიგი გარემოებებისა გაუმჯობესდა — იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ ბავშვების მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები — თუმცა ეს საკმარისი არაა.
„ცხადია, ამ დაწესებულებაში ბავშვების ყოფნის ფორმა უნდა შეიცვალოს და ეს უნდა იყოს ან მათი ბიოლოგიურ ოჯახებში ინტეგრირება, ან შეფასების შემდგომ სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში გადაყვანა.
რადგან ინდივიდუალურად სახალხო დამცველი არ აფასებს ყველა ბავშვის გარემო პირობებს და სწორედ ასეთი ტიპის შეფასებას მოითხოვს ბავშვის გამოყვანის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მოკლე დროში გასცეს ამ კითხვებს პასუხი და თქვას, რა არის ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რატომაც დღეს დაწესებულებაში ბავშვები რჩებიან“, — აცხადებს ეკა სხილაძე.

ეკატერინე სხილაძე. ფოტო: UNDP
ნეტგაზეთის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ბავშვების გამოყვანის შეფერხების მიზეზი, სხილაძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყოს ზრუნვის სხვა ფორმის მოძიებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
„ჩვენი რეკომენდაციები ბოლო ვიზიტის შემდგომაც იყო ის, რომ ამ ბავშვებთან ინტენსიურად უნდა მუშაობდეს ფსიქოლოგი, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება სხვა ალტერნატიული პირობების შეთავაზება და ზრუნვის ფორმების მოძიება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ დაიწყო დოკუმენტაციის მოწესრიგება. თუმცა ჩვენი ბოლო ვიზიტისას ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩებოდა. ამასთანავე, ჩვენი ვიზიტისას ბავშვები იმყოფებოდნენ დასასვენებლად, რაც მისასალმებელი ფაქტია, რადგან მანამდე ეს ვალდებულება დაწესებულებების მხრიდან არ სრულდებოდა. შეიცვალა პერსონალთა ნაწილიც.
ბავშვები ზაფხულში ვიზიტისას გვიყვებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ უფრო მეტი თავისუფალი დრო, მათ მიმართ მოპყრობის პრინციპი შეიცვალა და ამას აღნიშნავდნენ პოზიტიურად. აღზრდის მკაცრი სტილი, რაც იყო გარკვეულწილად, ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ შეიცვალა.“
თუმცა, მიუხედავად ამ ცვლილებებისა, სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ნინოწმინდის პანსიონატი მაინც დიდი ზომის დაწესებულებაა. ეს უკანასკნელი კი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობისა და განვითარებისთვის სათანადო ფორმად არ მიიჩნევა.
„სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის უცვლელი და იგივე: ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში. შესაბამისად, ეს პანსიონი ვერ უზრუნველყოფს ვერც დღევანდელი მოცემულობით [ამას], თუმცა ეს პოზიტიური ცვლილებები უნდა აღინიშნოს. თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ბავშვების ყველა საჭიროება და ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული“, – დასძენს სხილაძე.
2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, ერთი — გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი- ძალადობის. სახალხო დამცველის აპარატი ამ ბავშვებთან დღემდე მუშაობს, უახლოეს პერიოდში კი უწყება გეგმავს, რომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნოს.
დამატებით კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა პანსიონის პატარა საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთება, როგორც ეს საპატრიარქოს გეგმაში იყო – სხილაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საპატრიარქოსაც, აქ ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.
სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა – PHR
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ის ორგანიზაცია იყო, რომელმაც გაზაფხულზე ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების უფლებებს აქტიურად იცავდა. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიმართა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს საჩივრით.
PHR-მა ასევე მიმართა სასამართლოსაც, 5 ივნისს კი თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
მალევე გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პანსიონში რამდენიმე მუხლით გამოძიება დაიწყო, მათ შორის რამდენიმე – ძალადობის.
დღეს, მომხდარიდან 6 თვის შემდეგ, PHR-ის წარმომადგენელი, თამარ გაბოძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სახელმწიფოს დაუყოვნებლივი რეაგირების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა ეს ვალდებულება არ სრულდება.
„ოფიციალური პასუხი ბავშვების იქ დარჩენის არის ის, რომ პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა ბავშვის უფლებების დაცვა არის ყველაზე დიდი ღირებულება და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება სახელმწიფოსი. როდესაც სახეზეა ბავშვის უფლებების დარღვევა – სახელმწიფოს აქვს დაუყოვნებლივ რეაგირების ვალდებულება. რამდენიმე თვე, რომ ბავშვი ძალადობრივ გარემოში რჩება, ცხადია, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ გამოყვანილი უახლოეს პერიოდში“, – ამბობს ის ნეტგაზეთთან.
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ამის მიზეზი საპატრიარქოს მხრიდან წნეხი იყოს, გაბოძე ამბობს, რომ ამას არ გამორიცხავს. თუმცა ეს გაუმართლებელი მიზეზია – „რადგან იმავე ადგილას, იმავე თანამშრომლებით დაკომპლექტებული… ერთ შენობაში რამდენი ოთახი იქნება და როგორ დაიყოფა ის, ეს ხომ არ გამორიცხავს ძალადობას. ძალადობას გამორიცხავს დაწესებულების თანამშრომლები, სახელმწიფო და ა.შ.“.
„[გამოყვანამდე]თუ ბავშვები წლების განმავლობაში ძალადობის გარემოში რჩებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას და იცავს ბავშვებს ძალადობისგან. თუ გაგრძელდა ეს რამდენიმე თვე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს არც ბავშვთა უფლებების გადაწყვეტილებას, რაც დაუყოვნებლივ უნდა აღესრულებინა, ვერ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ბავშვებს ტოვებს ძალადობრივ გარემოში“, – ამბობს თამარ გაბოძე.
რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ
ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.
მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.
ჯერ არ დასრულებულა 4 გამოძიება, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ დაიწყო – მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების. პარალელურად , ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა. მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.
პარალელურად, სახალხო დამცველი ამბობდა, რომ აპარატთან საუბრისას პანსიონის აღსაზრდელებმა ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გაიხსენეს.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში თავდაპირველად 150-მდე ბავშვი ცხოვრობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.