ბელარუსულმა სამთავრობო ტელეგრამ-არხმა 24 მაისს, გვიან ღამით, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მინსკში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ „გამოძიებასთან თანამშრომლობას განაგრძობს“.
?23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.
⭕ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.
?ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.
? https://netgazeti.ge/news/543903/
Posted by Netgazeti on Tuesday, May 25, 2021
23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ის აეროპორტშივე დააკავეს მეგობარ გოგოსთან, სოფია საპეგასთან ერთად.
ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლება ჟურნალისტს მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და „სოციალური მტრობის გაღვივებაში“ ადანაშაულებს. პროტასევიჩი ბელარუსიდან 2019 წელს გაიქცა. ბელარუსის კგბ-მ ის და „ნექსტას“ დამფუძნებელი სტეპან პუტილო შეიყვანა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში.
სამოქალაქო თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომლითაც იგი ვილნიუსში მიემგზავრებოდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ყოფნისას ბორტზე არსებული „საფრთხის“ შესახებ შეატყობინეს.
ბელარუსის კგბ-ს მტკიცებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ბორტზე ბობმის აფეთქებას გეგმავდა [„ჰამასში“ ამას უარყოფენ]. კომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, საბოლოო ჯამში, მინსკში, ავიაგამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. მგზავრები ბელარუსის დედაქალაქში რამდენიმე საათით დააყოვნეს.
გამოქვეყნებულ ვიდეოში პროტასევიჩი ამბობს:
„ვარ მინსკის №1 იზოლატორში. შემიძლია ვთქვა, რომ ჯანმრთელობის, მათ შორის გულის თუ სხვა ორგანოების პრობლემები არ მაქვს. მოპყრობა თანამშრომლების მხრიდან მაქსიმალურად კორექტული და კანონიერია. ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას და ვაძლევ [გამოძიებას] აღიარებით ჩვენებებს ქალაქ მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით“.
ჟურნალისტის მამის, დიმიტრი პროტასევიჩის თქმით, „ეს მისი [რომანის] სიტყვები არაა, შეშინებულია და ნერვიულობს. ვფიქრობ, სცემდნენ. [სახის] მარცხენა მხარეს თითქოს გრიმი აქვს, ცხვირზე პუდრია, შეიძლება მოიტეხა. სიგარეტის კოლოფიც არ არის [იმ ბრენდის, რომელსაც იგი ეწევა] მისი“.
ჟურნალისტის დედა კი ამბობს, რომ „ხალხმა სამედიცინო წრეებიდან“ შეატყობინა შვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ნატალია პროტასევიჩის თქმით, არ იცის, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის შვილს ჰქონდა გულის პრობლემები.
„გარდიანის“ ცნობით, ათენში, საიდანაც პროტასევიჩი ვილნიუსში მიფრინავდა, ჟურნალისტმა შენიშნა, რომ მას დაჰყვებოდა მელოტი მამაკაცი ტყავის ჩანთით, რომელიც რუსულად საუბრობდა.
„როგორც ჩანს, [უშიშროების სამსახურები] აეროპორტში დამყვებიან. ჩემი დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღებაც სცადეს. ბოლომდე გასაგები არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა“, — მისწერა მან ერთ-ერთ მეგობარს.
ამასთან ერთად, „რაინეარის“ გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ პროტასევიჩთან ერთად რეისით ბელარუსის კგბ-ს თანამშრომლებიც მგზავრობდნენ.
ლუკაშენკოს ხელისუფლების მოქმედებებს უკვე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები ევროკავშირისგან:
- ევროკომიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს გაუყინავს;
- ევროპულმა საბჭომ მოუწოდა ავიაკომპანიებს, არ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში — 25 მაისის დილისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად ცარიელი იყო;
- ამერიკელმა და ევროპელმა კანონმდებლებმა მინსკის მოქმედებები „მეკობრეობის აქტად“, „სახელმწიფო ტერორიზმად“ და „გატაცებად“ შეაფასეს და ბელარუსის სანქცირება მოითხოვეს;
- ლუკაშენკოს ხელისუფლების მოქმედებები აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „პრესის თავისუფლებასა და განსხვავებულ აზრზე სამარცხვინო შეტევად“ შეაფასა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სამოქალაქო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვება და ამ ფორმით ჟურნალისტის დაკავება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ „მოხარული არიან ბორტზე მყოფი ადამიანების გამო“ და აღნიშნეს, რომ „მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია“.
