ახალი ამბები

მგზავრების დაკავება მიუღებელია – თბილისი ბელარუსის მიერ თვითმფრინავის გადამისამართებაზე

24 მაისი, 2021 • 1953
მგზავრების დაკავება მიუღებელია – თბილისი ბელარუსის მიერ თვითმფრინავის გადამისამართებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ეხმაურება ბელარუსის მიერ კრიტიკოსი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისის გადამისამართებას.

“მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“რაინეარის” რეისი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, “საფრთხის არსებობის” მიზეზით მინსკში დასვეს, სადაც მგზავრები რამდენიმე საათით დააყოვნეს, განმეორებით შეამოწმეს, ხოლო ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული ფაქტი ტერორიზმად შეაფასეს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი რეაგირება დააანონსეს.

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი