ევროკავშირი ყინავს ბელარუსისთვის განკუთვნილ 3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს, მანამ „სანამ ბელარუსი არ გახდება დემოკრატიული,“.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ლუკაშენკომ და მისმა რეჟიმმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ამას მძიმე შედეგი ექნება“, – თქვა მან.
We have a 3 billion euro economic and investment package ready to go for Belarus, when it becomes democratic. pic.twitter.com/704CAyX8tZ
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 24, 2021
მისივე ინფორმაციით, განიხილება სხვადასხვა სანქციების დაწესებაც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ბიზნესსა და სხვა ეკონომიკურ დაწესებულებებზე – „რომლებიც აფინანსებენ ამ რეჟიმს“.
„რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ჩვენ მანამდე გვექნება წნეხი რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს მედიის, პრესისა და აზრის თავისუფლებას.
ასევე, არსებობს 3-მილიარდიანი საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი, რომელიც შეჩერდება და გაიყინება სანამ ბელარუსი არ გახდება დემოკრატიული“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.
ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.
ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს