ახალი ამბები

გაუქმებული რეისები და შეცვლილი მარშრუტები ბელარუსის საჰაერო სივრცეში

25 მაისი, 2021 • 1752
გაუქმებული რეისები და შეცვლილი მარშრუტები ბელარუსის საჰაერო სივრცეში

ბელარუსის საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, ცარიელია — მას გვერდს უვლიან ევროპული ავიაკომპანიები, გარდა ამისა, გაუქმებულია მინსკის მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა ავიარეისი. გაუქმებულებს შორისაა პარიზის, ლონდონის, ვარშავის, რიგის, ვილნიუსისა და სხვა რეისები.

აღნიშნულს წინ უძღოდა ევროპული საბჭოს მიერ 24 მაისს მიღებული სასწრაფო გადაწყვეტილება ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მიეცეს ბელარუსულ ავიაკომპანია “ბელავიას” ევროპული აეროპორტების გამოყენების საშუალება, გარდა ამისა, ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე. ევროპული საბჭოს ამ განცხადებამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის სახელმწიფოებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ნეტგაზეთი არკვევს, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება.

უკვე 25 მაისის დილიდან ჩანს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეს გვერდი აუარეს ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის, “რაინეარმა”. ბელარუსს გვერდი აუარა ვიზეარმაც, რომელიც კიევიდან ვილნიუსში მიფრინავდა.  flightradar24-ის მონაცემებით, ამ დროისათვის [11:50], ბელარუსის საჰაერო სივრცეში მხოლოდ არაევროპული ავიაკომპანიები ფიქსირდება.

ევროკავშირის ქვეყნების მკაცრ რეაგირებას სრულად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები. აღნიშნული პირადად დაადასტურა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ სანქციების გაფართოებას აშშ-ც განიხილავს. დასავლური სახელმწიფოების მსგავს რეაქციას წინ უძღოდა 23 მაისის ინციდენტი, რომელიც “სახელმწიფო ტერორიზმად” შეაფასეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საკითხთა მდივანმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლება ევროპული სამგზავრო თვითმფრინავის “გატაცებას” რუსეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაბედავდა. თუმცა, რააბის თქმით, ჯერ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ აქვთ. თავის მხრივ, რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ის (Russia Today) მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ბელარუსის ხელისუფლება აღნიშნული ქმედებისთვის შეაქო.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლური სახელმწიფოები და თავად ავიაკომპანია “რაინეარი”, აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით საფრთხე შეუქმნა სამგზავრო ლაინერს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი