ახალი ამბები

ევროპული საბჭო ავიაკომპანიებს მოუწოდებს, არ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში

25 მაისი, 2021 •
ევროპული საბჭო ავიაკომპანიებს  მოუწოდებს, არ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში

ევროპული საბჭო ბელარუსთან დაკავშირებით რამდენიმეპუნქტიან გადაწყვეტილებას აქვეყნებს და მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომოპანიებს, არ იფრინონ ბელარუსში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებას, დაშვებულიყო მინსკის აეროპორტში, რის შემდეგაც დააკავეს ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი. ჟურნალისტი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ის ბელარუსიდან 2019 წელს გაიქცა.

ევროპული საბჭო ასევე:

  • მოითხოვს რომან პრატასევიჩისა და სოფია საპეგას (პრატასევიჩის მეგობარი გოგო) გათავისუფლებასა და მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას;
  • მოუწოდებს საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციებს, გადაუდებლად გამოიკვლიონ ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი;
  • იწვევს საბჭოს, რათა განიხილონ იმ ადამიანთა და უწყებათა დამატებითი სია შესაბამისი სანქციების შემუშავებისთვის;
  • მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენლებსა და კომისიას წინდადების წარსადგენად შეყოვნების გარეშე;
  • მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსში გადაფრენაზე;
  • მოუწოდებს საბჭოს, რათა მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ ბელარუსულმა ავიაკომპანიებმა ვეღარ შეძლონ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ასევე, ამგვარ ავიახაზებს არ ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირის აეროპორტებზე.
  • სოლიდარობას უცხადებს ლატვიას მათი დიპლომატიური კორპუსის უსამართლო გაძევების ფონზე.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლური სახელმწიფოები და თავად ავიაკომპანია “რაინეარი”, აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით საფრთხე შეუქმნა სამგზავრო ლაინერს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა.

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი