ახალი ამბები

შეწყდეს ავიამიმოსვლა ბელარუსის საჰაერო სივრცეში — ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები

24 მაისი, 2021 • 1183
შეწყდეს ავიამიმოსვლა ბელარუსის საჰაერო სივრცეში — ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ მენენდეზმა [დემოკრატი ნიუ-ჯერსის შტატიდან] და მისმა კოლეგებმა ჩეხეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან დაგმეს ბელარუსის ხელისუფლების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში დაშვების იძულება, რის შემდეგაც ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

მათ ლუკაშენკოს ხელისუფლების მოქმედება „მეკობრეობის აქტად“, „სახელმწიფო ტერორიზმად“ და „გატაცებად“ შეაფასეს. მათივე თქმით, მომხდარი „გვახსენებს, რომ ბელარუსის ადმინისტრაცია, რომელსაც თავი მოაქვს ხელისუფლებად, არალეგიტიმურია“. კანონმდებლები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის [ICAO] მიერ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და მის დასრულებამდე ორგანიზაციაში ბელარუსის წევრობის შეჩერებას მოითხოვენ. განცხადებაში კანონმდებლები „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ლუკაშენკოს სანქცირებისკენ მოუწოდებენ.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ განცხადების სრულ თარგმანს:

„ჩვენ, ჩვენი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, უპირობოდ ვგმობთ ძალადობრივ მუქარას ბელარუსის ცაში სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ. საბრძოლო ხომალდის გამოყენება სამგზავრო თვითმფრინავის შესაჩერებლად მეკობრეობის აქტია. ამ უგუნურმა ქმედებამ სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო მგზავრები და ეკიპაჟი. ეს გვახსენებს, რომ ადმინისტრაცია, რომელსაც თავი ხელისუფლებად მოაქვს, არალეგიტიმურია.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას [ICAO], დაუყოვნებლივ ჩაატაროს გამოძიება სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ტრანზიტის დარღვევასთან და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით.

გამოძიების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს ბელარუსის წევრობა ორგანიზაციაში, ხოლო ყველა ფრენა ბელარუსის ცაზე, მათ შორის, ქვეყანაში და ქვეყნიდან, უნდა აიკრძალოს. ცხადია, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას არ აქვს პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და მას არ შეიძლება ვანდოთ მათი უფლებების დაცვა. სახელმწიფო ტერორიზმის ეს აქტი საფრთხეა ყველასთვის, ვინც მგზავრობს ევროპაში თუ სხვა ადგილებში. ამის დაშვება არ შეიძლება.

მოვუწოდებთ „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ლუკაშენკოს რეჟიმს და შეაჩერონ მათი შესაძლებლობა, გამოიყენონ ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე თავდასხმისთვის. გამოვდივართ მოწოდებით, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები ეუთოს დაკვირვებით და დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლდნენ რომან პროტასევიჩი და სხვა პოლიტიკური პატიმრები.

ტირანიის ადგილი ბელარუსში და ევროპაში არ არის. ის ემუქრება არა მარტო საკუთარ, არამედ მილიონობით სხვა მოქალაქეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები:

  • სენატორი ბობ მენენდეზი (აშშ);
  • სენატორი პაველ ფიშერი (ჩეხეთი);
  • სეიმის წევრი რიჩარდ კოლსი (ლატვია);
  • ბუნდესტაგის წევრი ნორბერტ როტგენი (გერმანია);
  • სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა);
  • პარლამენტის წევრი ჩარლი ფლანაგანი (ირლანდია);
  • სენატორი ბოგდან კლიხი (პოლონეთი);
  • პარლამენტის წევრი ტომ ტუგენდათი (გაერთიანებული სამეფო);

რა მოხდა?

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი