ახალი ამბები

Ryanair-ის ბორტზე ჰამასის ბომბის შესახებ გვაცნობეს – ბელარუსის მთავრობა

24 მაისი, 2021 • 1110
Ryanair-ის ბორტზე ჰამასის ბომბის შესახებ გვაცნობეს – ბელარუსის მთავრობა

ბელარუსის მთავრობა ირწმუნება, რომ უცნობმა წყარომ Ryanair-ის ბორტზე ჰამასის ბომბის შესახებ ცნობა მიაწოდა. ასე ხსნის ქვეყნის ოფიციალური უწყება ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში დასმას, რის შემდეგაც მის ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს.

ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ განაცხადა.

მან თქვა, რომ 2021 წლის 23 მაისს მინსკის აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურენოვანი წერილი მოვიდა, სადაც ეწერა:

„ჩვენ, ჰამასის სამხედროები, ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა აღარ დაუჭიროს ისრაელს ამ ომში მხარი. როგორც ცნობილია, Delfi Economic Forum-ის წევრები ბრუნდებიან სახლში რეისით  FR497. ამ თვითმფრინავში განთავსებულია ბომბი. თუ თქვენ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს ვილნიუსის ცაზე,“

„წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ვილნიუსში, აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრში იმყოფება, თუ ინფორმაცია, ღმერთმა არ ქნას, მართალი აღმოჩნდებოდა“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია.

ამასთანავე, ოპოზიციურმა ბელარუსულმა მედიამ, ბელარუსის შეიარაღებული ძალების განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამანადგურებელი მიგ 29 მას შემდეგ აფრინდა, რაც Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის მიმართულებით გაფრინდა.

ვრცლად პრესკონფერენცია ნახეთ აქ. 


ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი