ახალი ამბები

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

23 მაისი, 2021 •
ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

მინსკში დააკავეს ტელეგრამ-არხის Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის ანტისამთავრობო პროტესტებს აშუქებდა.

ის მოხსნეს “რინეარის” თვითმფრინავის ბორტიდან, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ბელარუსის საჰაერო სივრცის კვეთისას თვითმფრინავი “საფრთხის შეტყობინების” მიზეზით სასწრაფოდ დასვეს მინსკში, მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს და შემოწმება ხელმეორედ გაატარეს, ჟურნალისტი კი დააკავეს.

“ნეხტას” ინფორმაციით, პრტასევიჩმა გაფრენამდე შენიშნა, რომ მას უთვალთვალებდნენ.

რომან პროტასევიჩის დაკავება მინსკში მარშის გაშუქებისას 2017 წლის მარტში. ფოტო: EPA

მინსკის აეროპორტის პრესსამსახურმა თავდაპირველად განაცხადა, რომ თვითმფრინავი მინსკში დაჯდა ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ მფრინავების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო. მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ნაღმის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი შეამოწმეს.

თავის მხრივ, ვილნიუსის აეროპორტმა, სადაც “რაინეარის” რეისი მიფრინავდა, განაცხადა, რომ ბორტი მინსკში დასვეს ერთ-ერთ მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის კონფლიქტის შემდეგ. “ნეხტას” აცნობეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებთან ჩხუბი მოაწყვეს КГБ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ იუწყებოდნენ. საბოლოოდ, ეკიპაჟი იძულებული გახდა, სასწრაფო დაშვება მოეთხოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, “რაინერის” რეისს გამადანგურებელი თვითმფრინავი დაადევნეს და მინსკში დაჯდომა ამ გზით აიძულეს.

“რაინეარმა” განაცხადა, რომ საფრთხის შესახებ ბელარუსის სადისპეჩეროდან შეატყობინეს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ბელარუსის ქმედება დაგმეს და დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

“ერთი ტერორისტი კადაფი აფეთქებდა დასავლეთის სამგზავრო თვითმფრინავებს. მეორე ტერორისტი ლუკაშენკო უბრალოდ ატყვევებს მათ. ორივეს ბოლო ერთ იქნება — ან ქუჩის სასამართლო ან საერთაშორისო ტრიბუნალი. ზოგჯერ გამოცდილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი უფრო უსაფრთხოა”, — წერს ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი.

ლიეტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, თვითმფრინავი უკვე აფრინდა ვილნიუსის მიმართულებით.

“თვითმფრინავის ძალით დასმა, ჟურნალისტის მოტაცება და 100-ზე მეტი მგზავრის მძევლად აყვანა არის ცინიკური დანაშაული საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილიზებული სამყაროს მიმართ. პასუხი იქნება მკაცრი”, — წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი