ახალი ამბები

ბავშვთა ინსტიტუციები უნდა მოწმდებოდეს შესაბამისი უწყებების მიერ – UNICEF

21 მაისი, 2021 • 1306
ბავშვთა ინსტიტუციები უნდა მოწმდებოდეს შესაბამისი უწყებების მიერ – UNICEF

საპატრიარქოს მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის ვიზიტის დაბლოკვის ფონზე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია (Unicef-ი) აცხადებს, რომ რომ „ბავშვთა ინსტიტუციების მონიტორინგი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ უნდა ხორციელდებოდეს“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და გაეროს მოწოდების მიუხედავად, იქ ბავშვთა უფლებების მონიტორინგისთვის უკვე კვირებია, სახალხო დამცველს არ უშვებენ.

ბოლო პერიოდში, ამ თემაზე დუმილის გამო, საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია გააკრიტიკეს. 21 მაისს Unicef-ის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია:

„ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილი ინსტიტუციების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ, რათა ბავშვთა უფლებები სრულად იყოს დაცული. გაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის ადვოკატირებას, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციას და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსს ეფუძნება“.

Unicef ციტირებს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომლის თანახმადაც „ბავშვის სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის იგი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, რომელშიც ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფერო სუფევს“, და წერს:

„კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი საკუთარი ნების წინააღმდეგ ან სიღარიბის გამო არ იქნას მშობლებისგან განცალკევებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით, ამგვარი განცალკევება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს საჭირო ზომები ოჯახის მიერ ბავშვის მიტოვების ან მისი ოჯახისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ ბავშვის ოჯახისგან განცალკევება აუცილებელია, ნებისმიერი სახის ალტერნატიული მზრუნველობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან და მასზე მზრუნველობის ალტერნატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს“.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობაზე და აცხადებს:

„ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილ ინსტიტუციებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს და გაძლიერდეს ალტერნატიული მომსახურებები დეინსტიტუციონალიზაციის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუციების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული სერვისებით თანდათანობით ჩანაცვლებას. გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. უპირველეს ყოვლისა, დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობის ინსტიტუციურიდან ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლებას“.

ამავდროულად, გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, „ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას უნდა შეეძლოს მონიტორინგი აწარმოოს ყველგან, სადაც ბავშვები არიან, რათა მათი უფლებები დაცული იყოს“.

ამ ყველაფრის ფონზე, ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

  • „შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სახლების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვით ჩანაცვლება.
  • დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
  • ამასობაში, ბავშვთა ყველა სახლში უნდა დაიშვებოდნენ ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციები/უწყებები მონიტორინგისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებული ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე უნდა დაწესდეს აქტიური მეთვალყურეობა, ასევე, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს გამოყენებული ღონისძიების შესაბამისობის/მიზანშეწონილობის საკითხიც.
  • უნდა დადგინდეს ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები, რაც საფუძვლად დაედება კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასა და პრევენციული და ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის შესახებ რეკომენდაციებს.
  • კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახის გაძლიერების, ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და ინსტიტუციურ მზრუნველობიდან გამოსულ ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით უნდა შემუშავდეს საზოგადოებრივი და ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებები, ასევე სოციალური დაცვის სხვა ზომები“;

პანსიონატსა და სახალხო დამცველის შესახებ

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არც ბოლო მცდელობისას, 19 მაისს არ შეუშვეს.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა არგანაშვილი წერდა, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე.

 

რამდენიმე დღის წინ UNICEF-ის წარმომადგენლები ნინოწმინდაში შეხვდნენ სასულიერო პირებს, თუმცა არ გაუკეთებიათ საჯარო განცხადება პანსიონში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ.

ამ თემაზე „ბათუმელები“  UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, მაია ქურციკიძეს ესაუბრა. გირჩევთ მასთან ინტერვიუს:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/345896/

მასალების გადაბეჭდვის წესი