„გაეროს ბავშვთა ფონდი“ საქართველოსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მომსახურებებისა და აღზრდის ხარჯებზე კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებაში შშმ ბავშვის თანასწორი მონაწილეობისთვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების ღირებულება საქართველოს ოჯახების უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია.
„გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, კვლევამ დაადასტურა შშმ ბავშვებისთვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების დამატებითი ხარჯების რეალურობა. დოკუმენტის ავტორების თქმით, ამას ეთანხმებოდა როგორც კვლევაში ჩართული ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი, ასევე – ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილე მშობლები. თუმცა, მეორე მხრივ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბევრი მათგანი გაოცებული დარჩა ხარჯების მასშტაბებითა და მრავალფეროვნებით.
კვლევამ გამოკვეთა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ აქვს საშუალება, თავად დაფაროს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ასეთი მაღალი ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ ბავშვების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამიჯვნის ალბათობა დიდია და გამიჯვნის დონე – მაღალი. ასევე დიდია მათ ოჯახებზე არსებული ფინანსური წნეხი.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ჯგუფურ დისკუსიებში, როდესაც მშობლები ხშირად ახსენებდნენ, რომ არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო მათ არ შეეძლოთ შვილებისთვის თუნდაც აუცილებელი მხარდაჭერის გაწევა. ამრიგად, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ განცხადებით, მათ უწევდათ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი ხარჯების კუთხით.
კვლევის ავტორების თქმით, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჭიროებების განსხვავებული კატეგორიები აქვთ. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხარჯების სტრუქტურა და სიდიდე სხვადასხვა ფუნქციური სირთულისა და დახმარების სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების ჯგუფებს შორის დიდად განსხვავდება და ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვანი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს მეტი თანხა სჭირდებათ. ორგანიზაციის თქმით, განსხვავებები აღინიშნება როგორც სხვადასხვა ფუნქციური სირთულის მქონე ბავშვების ჯგუფებს შორის, ასევე ამ ჯგუფებს შიგნითაც – მხარდაჭერის მნიშვნელოვანი და მცირე საჭიროების მქონე ბავშვებს შორის.
„გაეროს ბავშვთა ფონდი“ აღნიშნავს, რომ ამჟამად არსებული სახელმწიფო სისტემა, რომლის ფარგლებში შშმ ბავშვებზე შედარებით ერთგვაროვანი დახმარება გაიცემა, არ პასუხობს მათი საჭიროებების სხვადასხვა დონესა და მრავალფეროვნებას.
„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და დადგენის ამჟამინდელი სისტემა არ ითვალისწინებს არც დახმარების სტრუქტურას ან სიდიდეს, არც ბავშვების სხვადასხვა ჯგუფისთვის საჭირო თანხებს. ამასთან, ყველა ბავშვი იღებს შეზღუდული შესაძლებლობის ერთნაირ სტატუსს – „შშმ ბავშვი“ – და ბავშვებისთვის დადგენილ ერთნაირ ფულად დახმარებას. ეს კი იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი შშმ ბავშვი არ არის ადეკვატურად რეგისტრირებული ან არ იღებს შემწეობას. სახელმწიფო მხარდაჭერის შედარებით ერთგვაროვანი სისტემა ვერ პასუხობს ბავშვების განსხვავებულ საჭიროებებს, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის ყველა ჯგუფისთვის, მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ამ მცირე საჭიროების მიუხედავად, გათვალისწინებულია ფულადი შემწეობისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მსგავსი პაკეტი“, — ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოკვეთა, რომ მთავრობა ჯერ არ ფარავს ხარჯების ყველა იდენტიფიცირებულ კატეგორიას.კერძოდ, ანალიზმა გამოავლინა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ ფარავს ხარჯების ყველა იდენტიფიცირებულ კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ მონაწილეობს, მაგალითად, მობილობის ან მისაწვდომობის მომსახურებების ღირებულების დაფარვაში. ამასთან, ამ ეტაპზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები, საიდანაც დაიფარებოდა საცხოვრებლის ადაპტირებისთვის საჭირო სამუშაოების ხარჯები.
ამას გარდა, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობის მიუხედავად, არ არსებობს ტრანსპორტირების ხარჯის – მაგალითად, ტაქსით მომსახურების ხარჯის დაფარვის შემთხვევები. ტრანსპორტირების ხარჯები, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ განცხადებით, ფარავს მხოლოდ სახელმწიფო დღის ცენტრებამდე და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ სარეაბილიტაციო მომსახურებებამდე მიღწევას. ადაპტირებული ტრანსპორტი კი არსებობს მხოლოდ თბილისის ზოგიერთ რაიონში და ვერ პასუხობს მთელი საზოგადოების საჭიროებებს, ვინაიდან რეგიონული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ძალიან ნაკლოვანია.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე მიაგნეს შშმ ბავშვების წინაშე მდგარი ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის გზებს. ქვეყანაში უკვე არის ინიციატივები, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მიეწოდოს ბავშვებს ზოგიერთი საჭირო საგანი და მომსახურებები. კვლევის დროს გამოვლინდა, რომ საჭირო საგნებისა და მომსახურებების ძალიან მცირე სახეობა საერთოდ არ არის საქართველოში ხელმისაწვდომი; ზოგიერთი საჭირო საგნისა და მომსახურების შემთხვევაში აუცილებელია მათი რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთისთვის – გასაუმჯობესებელია ხარისხი, ხოლო ზოგი- საპილოტე ან სატესტო საფეხურზეა.
„გაეროს ბავშვთა ფონდი“ აღნიშნავს, რომ მშობლებში არის ტენდენცია, ოჯახის ლიმიტირებული ფინანსები ძირითადად სამედიცინო მომსახურებასა და სხვადასხვა თერაპიას (სარეაბილიტაციო მომსახურებებს) მოახმარონ. კვლევით გამოიკვეთა, რომ ბავშვების წინ მდგარი მიმდინარე საჭიროებების პასუხად მშობლებში არის ტენდენცია, რომ უპირატესობა მიანიჭონ სარეაბილიტაციო მომსახურებებს და საკუთარ თავზე აიღონ თერაპიის ხარჯები (ან მოითხოვონ სახელმწიფოსგან თერაპიის ინტენსივობის გაზრდა), ვინაიდან თვლიან, რომ ეს არის საუკეთესო გზა მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რადგანაც თერაპიას საგრძნობი თანხა სჭირდება და ოჯახების ბიუჯეტი ხშირად ძალიან შეზღუდულია, ბავშვები ვერ მონაწილეობენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა, მაგალითად, დასვენება და გართობა, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს.
რეგიონში მცხოვრებელ ოჯახებს კი, კვლევის ავტორების თქმით, კიდევ მეტი დამატებითი ხარჯები აქვთ, რაც მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით არის გამოწვეული.
სოფლად მცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. ისინი უკავშირდება რეგულარულ მგზავრობას დიდ ქალაქებში, სადაც კონცენტრირებულია მათთვის საჭირო მომსახურებები. მგზავრობის ღირებულება სხვადასხვაა და დამოკიდებულია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ასევე იყოს სხვა დამატებითი ხარჯები, რაც გამოწვეულია მომსახურების გამწევთან ახლოს ყოფნის სურვილის გამო საცხოვრებლის მოკლევადიან დაქირავებასა და ამასთან დაკავშირებულ სხვა დროებითი ხარჯებით, ისევე, როგორც საჭირო მომსახურების თვიურად ან ორ თვეში ერთხელ მიღების გამო სამუშაოს დაკარგვით გამოწვეული „გამოუყენებელი შესაძლებლობის ხარჯებით“.
კვლევის ავტორების განცხადებით, საჭირო საგნებისა და მომსახურებების და მათთან დაკავშირებული ხარჯების ამ დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობისთვის ყველა შშმ ბავშვს სჭირდება დამატებითი საგნები და მომსახურებები. ეს საჭიროებები ძალიან განსხვავდება გამომდინარე ამ ბავშვების ფუნქციური სირთულეებიდან და მათი საცხოვრებელი გარემოდან. ამას კი, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ განცხადებით, მხარდაჭერის სხვადასხვა დონის საჭიროებასთან მივყავართ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საჭიროებების აღნიშნული მრავალფეროვნება მოითხოვს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სხვადასხვა სტრუქტურასა და მასშტაბებს.
კვლევის ავტორების თქმით, ამჟამინდელი სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია, კერძოდ, ის ზოგჯერ არ ითვალისწინებს და ვერ პასუხობს შშმ ბავშვების საჭიროებების სხვადასხვა დონესა და მრავალფეროვნებას. მაშინ, როდესაც სოციალური დაცვის ღონისძიებების ამჟამინდელი პაკეტი ზოგიერთ ბავშვს უკეთ ეხმარება, ვიდრე სხვებს, არცერთი ჯგუფი არ იღებს თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო მხარდაჭერას.
„გაეროს ბავშვთა ფონდი“ აცხადებს ,რომ ოჯახებს უწევთ დიდი ფინანსური ხარჯის გაწევა და, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვთ თანხები მათი შშმ ბავშვების თანასწორი მონაწილეობისთვის საჭირო საგნებისა და მომსახურებებისთვის. მაშინ, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების მიმდინარე რეფორმა შესაძლებელს გახდის საჭირო დახმარების სხვადასხვა სახეობისა და დონის უკეთ გათვალისწინებას, ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელი გახდება ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემის კრიტიკული გადახედვა ბავშვების მრავალფეროვან საჭიროებებზე უფრო ადეკვატურად რეაგირების გზების გამოსავლენად.
კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.