ახალი ამბები

“ნაპრალების ამოვსება მნიშვნელოვანი იყო” – გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერზე

15 აპრილი, 2021 •
“ნაპრალების ამოვსება მნიშვნელოვანი იყო” – გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერზე

გერმანელი ექსპერტი პეტერ ნიუმანი, რომელიც მერიამ ვაშლიჯვრის მეწყრის შესასწავლად ჩამოიყვანა, ამბობს, რომ ნაპრალების ამოვსება სწორი ნაბიჯი იყო.

პეტერ ნიუმანის განცხადების თარგმანს თავად თბილისის მერია ავრცელებს.

საქმე ეხება მეწყრის შემდეგ წარმოქმნილი ნაპრალების სპეციალური ხსნარით ამოვსებას. ეს გადაწყვეტილება მერიამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო და ნაპრალების ნაწილი უკვე ამოავსო, რასაც დამოუკიდებელ ექსპერტთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის უდიდესი ნაწილი მოდიოდა იმაზე, რომ ნაპრალების ამოვსებამდე და სხვა ჩატარებულ ღონისძიებამდე, მათი თქმით, ჯეროვანი კვლევა მერიას არ ჩაუტარებია და ასევე არ მოუსმენია დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის.

„ჩვენ, პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის დინამიკური და ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება. არ არის გათვლებისა და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა სხვადასხვა
ღონისძიებების კომბინაცია.

მათ შორის მასების ნაწილის ამოღება- მოხსნა, ჩატარდა გარკვეული გამაგრების და გაბურღვის სამუშაოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული დისკუსია იყო უადგილო.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ
გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

გერმანელ ექსპერტთან ერთან მეწყრის შესახებ გუშინ, 14 აპრილს ისაუბრა მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმაც. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამუშაოები ორ ნაწილადაა გაყოფილი –პირველი გადაუდებელია, ხოლო მეორე ემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში მეწყრის სტაბილიზაციას.

მისივე თქმით, უკვე დაიგეგმა მეორე ეტაპის სამუშოებიც, რისთვისაც დეტალური ექსპერტული პროექტია საჭირო.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ის მზად უახლოეს პერიოდში იქნება და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება გამაგრების სამუშაოები.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა. რაც დაზუსტებით იციან მეცნიერებმა, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან, არის ის, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. პირველადი მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მერია 7 მილიონ ლარამდე დახარვჯას გეგმავს. ფერდის გამაგრების პროცესი მერიამ 29 მარტს დაიწყო.

ამ ეტაპზე მერიამ თბილისის მერიამ ვაშლიჯვრის მეწყრის ნაპრალების ამოვსება და ცემენტაცია დაიწყო. მიზანი მეწყრის შეჩერებაა. მერიის განმარტებით, ცემენტაცია კონკრეტული მოწყობილობების მიწის სიღრმეში ჭაბურღილების გაკეთებასა და შემდეგ მისი სპეციალური ხსნარით შევსებას გულისხმობს.

ამის მიზანია წინაღობის შექმნა, ხახუნის გაძლიერება, რათა მასის გადაადგილება კიდევ უფრო შემცირდეს. ხოლო ნაპრალებს იმისთვის ავსებენ, რომ აქ წყალი არ ჩადგეს. ამავე ტერიტორიაზე მერია იუწყება, რომ მოაწყო სამონიტროინგო მოწყობილობებიც.

წაიკითხეთ ვრცლად:

მეწყრის ცემენტაცია და ნაპრალის ამოვსება — გამოსავალი თუ შეცდომა?

მასალების გადაბეჭდვის წესი