ახალი ამბები

“ფორმულას” ინფორმაციით, ვაშლიჯვარში ახალი ნაპრალები გაჩნდა: რას ამბობენ მერიაში

11 სექტემბერი, 2021 • 2657
“ფორმულას” ინფორმაციით, ვაშლიჯვარში ახალი ნაპრალები გაჩნდა: რას ამბობენ მერიაში

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გადაცემის “შაბათის ფორმულა” ანონსში. ტელეკომპანიამ თავის ფეისბუქ გვერდზე შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა.

“ვაშლიჯვრის ქვედა ფერდი დაიძრა”, — ამბობს ანონსში სიუჟეტის ავტორი.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ “რამდენიმე ნაპრალი” ადგილზე მართლაც დაფიქსირდა, თუმცა ხაზს უსვამენ რომ ეს მოხდა “ქვედა გზაზე”, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, იქ კი საავტომობილო მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა.

პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი დამატებით სამუშაოებსა და კვლევებს საჭიროებს, ახალ ნაპრალებთან დაკავშირებით კი მერია საქმის კურსშია და “შესაბამისი სამუშაოები ტარდება”. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტების შეფასებით, ადგილზე ვითარება “საგანგაშო არ არის”.


ამ საკითხზე 11 სექტემბერს ჟურნალისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძესაც ჰკითხეს. კითხვის საპასუხოდ, გაჩნდა თუ არა ახალი ნაპრალები მაჭავარიანის ქუჩაზე, კალაძემ დასძინა:

“არა, არანაირი პრობლემა…

თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს.  არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და ჩვეულებრივად, ამ კონკრეტულ ადგილებზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტი როდესაც დასრულდება, ყველანაირად ახალ გზაზე გადაადგილება ყველასათვის იყოს უსაფრთხო.

ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მარშალ გელოვანს და მაჭავარიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან”.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშლიჯვარში დიდი ზომის მეწყერი გაჩნდა, თავდაპირველად მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა.

წინასწარი შეფასებით, საუბარი იყო ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე. მეცნიერებმა თქვეს, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაში იყო და პირველადი მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობდა.

ამავე პერიოდში თბილისის მერიამ ხსენებული მეწყრის ნაპრალების ამოვსება და ცემენტაცია დაიწყო, მისი შეჩერების მიზნით. მერიის განმარტებით, ცემენტაცია კონკრეტული მოწყობილობების მიწის სიღრმეში ჭაბურღილების გაკეთებასა და შემდეგ მისი სპეციალური ხსნარით შევსებას გულისხმობს.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მერია 7 მილიონ ლარამდე დახარჯვას გეგმავს. ფერდის გამაგრების პროცესი მერიამ 29 მარტს დაიწყო, 26 აგვისტოს კი მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

მეწყრის ცემენტაცია და ნაპრალის ამოვსება — გამოსავალი თუ შეცდომა?

მასალების გადაბეჭდვის წესი