ახალი ამბები

ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკეტილი გზა 26 აგვისტოს გაიხსნება

25 აგვისტო, 2021 •
ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკეტილი გზა 26 აგვისტოს გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ მეწყერი გააქტიურდა, საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა 26 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან განახლდება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მეწყერი ვაშლიჯვარში. მარტი, 2021. ფოტო: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი

როგორც კალაძე ამბობს, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი