ახალი ამბები

მეწყრის ცემენტაცია და ნაპრალის ამოვსება — გამოსავალი თუ შეცდომა?

8 აპრილი, 2021 • 4890
მეწყრის ცემენტაცია და ნაპრალის ამოვსება — გამოსავალი თუ შეცდომა?

თბილისის მერიამ ვაშლიჯვრის მეწყრის ნაპრალების ამოვსება და ცემენტაცია დაიწყო. მიზანი მეწყრის შეჩერებაა.

აღნიშნული პროცესი კარგად ჩანს ფეისბუკზე გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებსაც მოქალაქეთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები და მერიის კრიტიკა მოჰყვა. მერმა კალაძემ მალევე, პირდაპირი ეთერით უპასუხა კრიტიკოსებს.

მე მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო…

Posted by Tea Godoladze on Wednesday, 7 April 2021

შედარებისთვის ასეთი იყო მეწყერი 18 მარტით დათარიღებულ ფოტოებზე.

მეწყერი ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან. ფოტო: forum.ge; მომხმარებელი სახელით – ნიკა 4X4 or 2X2 ?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერები ამბობენ, რომ ნაპრალის შევსება წინასწარი კვლევების გარეშე რისკის შემცველია. მერია საპასუხოდ ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა მეწყერმა ქალაქს ზიანი ვერ მიაყენოს.

რას აკეთებს მერია?

დღეს, 8 აპრილს, თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად მეწყრულ ზონაში ავიდა და ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაათვალიერა. პროცესს რამდენიმე კამერა იღებდა, მათ შორის, დრონით. ადგილზე ასევე იმყოფებოდა „კავკასუს როუდ პროჯექტის” დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძეც, რომელიც, კალაძის თქმითვე, მეწყრულ ზონაში სამუშაოებს უდგას სათავეში.

კახა კალაძე მეწყერთან კახა კალაძე ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაში. 8 აპრილი, 2021 წელი. ფოტო: კალაძის ოფიციალური ფეისბუკ გვრდი

კალაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მეწყერი ვაშლიჯვრის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, შესაბამისად, არც ევაკუაციის აუცილებლობაა. მან ასევე გააფრთხილა ოპონენტები, რომ არავის მისცემს “პანიკის დათესვის შესაძლებლობას”.

თბილისის მერი, სავარაუდოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის მეცნიერებს, მათ შორის, თეა გოდოლაძეს გულისხმობს. გოდოლაძე და მისი გუნდი ბოლო პერიოდში აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია, დამატებითი კვლევები და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. მსგავსი განცხადებების შემდეგ მეცნიერებს მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა შეეზღუდათ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს პირდაპირ ეთერში სთხოვა აღეწერა, თუ რა სამუშაოებს ატარებს მერია ადგილზე, რაზეც ბენდელიანმა უპასუხა:

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის პირველი მიზანია პირველივე დღიდან აქ არსებული საფრთხეების მინიმალიზაცია.

პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ მიწის მასის მოჭრა, რომლის მიზანი იყო მეწყრული ტანის შემსუბუქება, რათა დატვირთვა მოგვეხსნა. პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ცემენტაციის სამუშაოები, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მოწყობილობებით მიწის სიღრმეში კეთდება ჭაბურღილები, შემდეგ კი, სპეციალური ხსნარით შევსება. ამის მიზანია წინაღობის შექმნა, ხახუნის გაძლიერება, რათა მასის გადაადგილება კიდევ უფრო შემცირდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მეწყრის დასაწყისში, ქვედა ნაწილში გადის სამი მაღალი დიამეტრის წყალსადენი, რომელიც თბილისის გარკვეულ უბნებს ამარაგებს და, რა თქმა უნდა, ესეც პრიორიტეტი იყო“, — განმარტავს ირაკლი ბენდელიანი.

ჭაბურღილების გაბურღვა და ცემენტაციის პროცესი მეწყერზე. 8 აპრილი 2021 წელი ფოტო: თბილისის მერია

ის ამატებს, რომ ამ მილებზე დატვირთვის მოხსნა და გადარჩენა ერთ-ერთი პირველი მიზანი იყო, რომელიც მერიამ დაისახა.

„აქ განხორციელებული თითოეული სამუშაო არის [მერიაში შექმნილი] სამუშაო ჯგუფის ექსპერტებთან შეთანხმებით მიღებული, ასევე, გერმანელი ექსპერტების უშუალო ჩართულობით, რომლებიც რამდენიმე დღეში კიდევ ჩამოვლენ.

შემდეგ ორად უნდა გავყოთ სამუშაოები – პირველი რიგის სამუშაოები არის, რომ ეს საფრთხეები მოვხსნათ, ხოლო მეორე რიგის სამუშაოები იქნება დეტალური საპროექტო გადაწყვეტილებები, რომლის მიზანიც იქნება უშუალოდ მეწყრული პროცესის გაჩერება“, — ამბობს ბენდელიანი.

სამუშაოებზე მერის პირდაპირ ეთერში ასევე ისაუბრა პაატა ტრაპაიძემაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოების შედეგად მეწყრის დროებითი სტაბილურობა მიღწეულია, ამასთანავე, დაწყებულია მოდელირებაც და სიტუაციის ახალი გაანგარიშება, ხოლო მეწყრულ ზონაში განთავსებულია რამდენიმე სამონიტორინგო მოწყობილობა.

მეწყრის ზონაში განთავსებული სამონიტორინგო მოწყობილობა. ფოტო: თბილისის მერია

„ეს სისტემა აჩვენებს, ზედმეტი დასველება მოხდა თუ არა, წყლის წნევამ მოიმატა თუ არა და დაიწყო თუ არა რომელიმე დონეზე ქანმა მოძრაობა“, — ხსნის პაატა ტრაპაიძე და ასევე განმარტავს, რომ ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყალი ნაპრალის ნაცვლად ხევში ჩადის.

„ქვემოთ მიდის ძირითადად მასის გატანის სამუშაოები და ცემენტაციის სამუშაოები, რომელიც უნიკალურია ჩვენი რეგიონისთვის. ეს არის სპეციალური დანადგარები, რომლითაც ვბურღავთ 20 მეტრს საკმაოდ სწრაფად.

რატომ 20 მეტრი? იმიტომ, რომ ჩვენი მოცურების ზედაპირი არის 12-დან 14 მეტრზე. ანუ გავდივართ ამ მოცურების ზედაპირს, ვავსებთ ცემენტის ხსნარით და  ეს ხსნარი აძლიერებს იმ ხახუნს, რომელიც აუცილებელია, რომ შეჩერდეს მოძრაობა“, — ასე აღწერს პაატა ტრაპაიძე მეწყრის ცემენტაციის პროცესს.

რაც შეეხება შევსებულ ნაპრალებს, ტრაპაიძე ამბობს, რომ ნაპრალები შევსებულია არა ქვიშა-ღორღით, არამედ სპეციალურად მოტანილი თიხით, პრევენციისთვის, „რათა რაც შეიძლება  ნაკლები წყალი მოხვდეს ამ მოძრავ სიღრმეში”. მისი თქმით, ამოვსებული ნაპრალები დროთა განმავლობაში ისევ დაიწევს, მაგრამ მას ისევ შეავსებენ. ტრაპაიძისვე განმარტებით, პროცესის მონიტორინგს, მინიმუმ, 5 წელი გეგმავენ.

„ეს ნაბიჯები კვლევებით არ არის გამყარებული“

მეწყრის ცემენტაციისა და ნაპყრალის ამოვსების შესახებ ნეტგაზეთი ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს.

მისი თქმით, თუნდაც მეწყრის ცემენტაციის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს, თუმცა მას აუცილებლად სჭირდება წინასწარი კვლევა და პროექტი — ვაშლიჯვრის მეწყრის შემთხვევაში ეს, უბრალოდ, არ მომხდარა.

„მსგავსი ტექნოლოგია არსებობს მსოფლიოში, როგორც ცემენტაცია, ასევე დაანკერება და ა.შ. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს პროექტი, არ არსებობს გათვლები, არ არსებობს რისკების შეფასება. არ არსებობს არანაირი მონაცემი, რასაც ეს საქმიანობა ეყრდნობა.

ცალკე აღებული ეს მეთოდები მსოფლიოში გამოიყენება, ოღონდ კონკრეტული მეწყერისთვის- კონკრეტული მეთოდი. ამ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რის მიხედვით შეირჩა. შეიძლება გაამართლოს, შეიძლება,  არ გაამართლოს“, — მიიჩნევს ლაშა სუხიშვილი.

ის ამბობს, რომ პროექტის არარსებობა შესაძლოა, ობიექტურ გარემოებებს უკავშირდებოდეს, მაგალითად, იმას, რომ კვლევას დრო სჭირდება, „მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი არც დაელოდნენ მათ მიერვე დაკვეთილი კვლევების დასრულებას, არც გერმანელების [კიდევ ერთ] ჩამოსვლას და დაიწყეს სამუშაოები“.

ლაშა სუხიშვილი. ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სუხიშვილი იხსენებს, რომ როდესაც იკითხეს, თუ რამ გამოიწვია სამუშაოების დაჩქარება, პასუხად მიიღეს, რომ მაგისტრალურ მილსადენს მეწყერი მოაწვა და მისი დეფორმაცია გამოიწვია.

„ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ დაზიანებულ და დეფორმირებულ მილს ზემოდან 10-მეტრიანი მიწაყრილი დააყარეს. თუ მილი მეწყრით დაზიანდა, პირველ რიგში, ის მილი უნდა შეკეთდეს, თუ არ დაზიანდა, მაშინ რატომ აჩქარებენ სამუშაოებს თუნდაც გერმანელების ჩამოსვლამდე?!

ეს არის რისკი, რომელმაც შეიძლება გართულებები არ გამოიწვიოს – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ როგორც მოვისმინეთ, კონკრეტული კომპანიის კონკრეტულმა ხელმძღვანელმა თავის თავზე აიღო ამ რისკის გაწევა” ,— ამბობს ხუციშვილი.

მისივე თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრში ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ, მაგრამ ამას არ მოჰყოლია შემდეგი ნაბიჯები.

“ერთადერთი რაც შემდეგი ნაწილი იყო, იყო ის, რომ ლამის ბულდოზერებით გადაუარეს ჩვენს აპარატურას ისე, რომ არც გაგვაფრთხილეს. არც გვითხრეს, რომ აპირებდნენ და გაგვეტანა ეს აპარატი, შემთხვევით გადარჩა მეწყვერზე დაყენებული ძვირადღირებული აპარატურა”, — მიიჩნევს ლაშა ხუციშვილი.

მეცნიერის აზრით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ისიც, რომ მეწყერი დინამიკაშია მოსული, ანუ მისი ნაპრალი ყოველდღე იზრდება. თავდაპირველი მონაცემებით, ყოველ 24 საათში ნაპრალი დაახლოებით  5 სანტიმეტრით იზრდებოდა.

“შემდეგ კიდევ დაზუსტდა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ერთნაირი სიჩქარით არ გადაადგილდება მეწყრული სხეული — მისი ერთი ნაწილი ერთი სიჩქარით გადაადგილდება, ხოლო მეორე — მეორე მიმართულებით.

კიდევ უფრო რთული დეფორმაციის ველი აღმოაჩნდა ამ მეწყრულ სხეულს. ამასთანავე, ჩვენ მიერ გაკეთებული საყრდენი წერტილები, რომელსაც ჩვენ და მერიის დაქირავებული კომპანიები ვიყენებდით, უბრალოდ, გაანადგურეს ბულდოზერებით, სამშენებლო სამუშაოებით, რომელიც მეწყერზე მიმდინარეობს. საყრდენი წერტილები აღარ გაგვაჩნია, რომ შევადაროთ და დავადგინოთ გადაადგილებები“, — ამბობს ის.

თბილისის ხედი ვაშლიჯვრის მეწყრული ზონიდან. 8 აპრილი 2021 წელი. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი