თბილისის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 6.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
გამარტივებული შესყიდვისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გუშინ, 25 მარტს ატვირთეს.
ამასთანავე, მერია დამატებით 500 000 ლარის დახარჯვას გეგმავს მეწყრული ზონის კვლევა-პროექტირებისთვის. ორივე ხარჯი თანდართულ განმარტებით ბარათშია გაწერილი.
განმარტებით ბარათში დეტალურად არ არის აღწერილი, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება, თუმცა წერია:
„მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ჩაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, როგორც გადაუდებელ აუცილებლობას, და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება მეწყრული პროცესების გამომწვევი მიზეზები,“.
ამასთანავე, გუშინ, 25 მარტს, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მეწყრის შესაკავებლად გაკეთდება დროებითი წინაღობა – „მის შემდეგ უკვე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელები დამეწყრილ ადგილზე, შემდეგ მოხდება მიწის გარკვეული მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპის სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდი, რაც არის, მისი შეჩერება მოხდეს ანკერული [გამაგრების] პრინციპით“.
მერიის ეს განცხადება ჯერ განიხილება, განხილივის საბოლოო ვადად კი 30 მარტია. ატვირთულ დოკუმენტაციაში ასევე წერია, რომ ღონისძიებების შესასრულებლად 150 დღეა განსაზღვრული.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
მეწყრის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან. ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.
მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი ყოველდღიურად დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს, ნალექიანი ამინდი კი არსებული ვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია.