ახალი ამბები

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

23 მარტი, 2021 • 2043
“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარედ არსებული მეწყრული სხეული, ყოველ დღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს. შესაბამისად, უკანასკნელ 4-5 დღეში ცვლილება დაახლოებით 20-25 სანტიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპრალის სიგანე გაიზარდა 20-25 სანტიმეტრით. ამის შესახებ დღეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

რას ნიშნავს ეს მონაცემი?

ვაშლიჯვარში მეწყრის ფოტოების გავრცელების შემდეგ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე და მისი გუნდი მუშაობენ. მათ დღეს მოკვლევის პირველადი შედეგები გაასაჯაროეს, რომლის თანახმადაც, მეწყრის რისკი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს თავიდან იყო აღქმული.

ამ ეტაპზე, რაც მეცნიერებმა არ იციან, მიწის მასის აჩქარება და მოცულობაა. აჩქარების გასაზომად ძვირადღირებული ტექნიკაა საჭირო.

„რას ნიშნავს მეწყრის მოძრაობა – რომ განვმარტოთ, მეწყრის მოძრაობას აღწერს ორი სიდიდე, ეს არის მისი სიჩქარე გადაადგილებისას და აჩქარება. სიჩქარე შევეცადეთ, რომ აეროფოტოგადაღებით „დაგვეჭირა“, აჩქარებისთვის კი ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო… ვცდით, არსებული აპარატურით გავზომოთ“ ,- ამბობს თეა გოდოლაძე და ამატებს, რომ მისი გუნდი აჩქარების გაზომვას შეცდება  „ჯიპიესითა“ და ხელოვნური აზომვის გამოყენებით.

აჩქარების პარამეტრების ცოდნა აუცილებელია იმიტომ, რომ ის გვიჩვენებს – „თუ [მეწყრული] სხეული დაჩქარდა, ე.ი. სისტემა დაიძრა და ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწოლამდე. ახლა მოძრაობს ის ნელა, 5 სანტიმეტრით დღეში. თუმცა, სამწუხაროდ, ესეც საკმაოდ დიდი ციფრია“, – ამატებს გოდოლაძე.

თეა გოდოლაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

დედამიწის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ უარესი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აჩქარების ყოველდღიური გაზომოვა.

ჟურნალისტებმა ვკითხეთ გოდოლაძეს, რა უნდა იყოს სახელმწიფოს რეაქცია და რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, მან გვითხრა, რომ რეკომენდაციათა ნუსხა გრძელია.

„რაც ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, პირველი რეკომენდაცია არის, რომ საერთოდ მოსუფთავდეს იქაურობა. ქვემოთა ნაწილი უნდა მოსუფთავდეს, ვინაიდან, თუ დაიწყო უცაბედი მოძრაობა, ჩამოწვეს, აუცილებელია წინა ნაწილი იყოს თავისუფალი.

ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა. ჩვენ შევადგინეთ ელექტრონული პროფილი [მექანიზმი, რომლითაც შიგნითა აგებულების კვლევაა შესაძლებელი], რომელმაც დაადასტურა ეჭვები, რომ ის სიღრმე, რაც არის, რაც ჩანს, რეალურად მასზე მეტია. ჯერჯერობით გვაქვს 18 მეტრი, თუმცა მოცულობა უფრო დიდია“, – განმარტავს თეა გოდოლაძე.

ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ სურათები კიდევ ერთხელ უკვე გაუგზავნეს ამერიკელ კოლეგებს, თუმცა აუცილებელია, რომ დაცული იყოს როგორც მეცნიერთა, ასევე იქ მომუშავე ადამიანთა უსაფრთხოება.

„ამ მასაზეა დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება. თუ მასა უფრო დიდია, ეს ნიშნავს, რომ მიწა ჩავა ქვევით, თუ პატარა მასაა, შეიძლება მისი რეგულაცია. ასეთი სცენარები უნდა განვიხილოთ…ნახევარ მილიონზე მეტია [ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა], ვერ ვაზუსტებთ, იმიტომ, რომ მეტია მიწის მასა“.

„ადამიანებით გამოწვეული პრობლემა“ – ასე აფასებს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყერს და დასძენს, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა. მისივე თქმით, ის და ცენტრი მზად არიან ითანამშრომლონ გერმანელ ექსპერტებთან – გადასცენ მათ სურათები და დასკვნები.

„ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ წვიმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი „ტრიგერი“ ამ შემთხვევაში. ვთქვათ, მოწვიმა, ორი დღე დრო გაქვს, სანამ ის მიწას გაჟღენთს. ძალიან ბევრი წვიმა უნდა მოვიდეს, რომ ეს დაძრას. ამიტომ, წვიმა ახლა არის ყველაზე დიდი „ბოროტი ადამიანი“ ჩვენთვის“, – ამბობს გოდოლაძე ბრიფინგის დასასრულს.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყერის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი