თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.
ადგილზე დღეს იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომელმაც თქვა, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, ფერდს პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დაუბრუნდეს.
„როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით,
მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთ- ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ბენდელიანმა ასევე თქვა, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებით გზების გაყვანა და სხვა სამუშაოები.
„ასევე, როგორც უკვე ვუთხარით მოსახლეობას, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, — აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
რაც შეეხება აქ ჩასატარებელ სამუშაოებს 25 მარტს, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ მეწყრის შესაკავებლად გაკეთდება დროებითი წინაღობა – „მის შემდეგ უკვე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელები დამეწყრილ ადგილზე, შემდეგ მოხდება მიწის გარკვეული მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპის სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდი, რაც არის, მისი შეჩერება მოხდეს ანკერული [გამაგრების] პრინციპით“.
მეწყერთან ახლოს, ქვედა ქუჩებზე „ბროწეულას“ დასახლებაა, რომლის მცხოვრებლებიც კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ნაწილს, მეწყერის ჩამოწოლის ეშინია და წასვლაზეც ფიქრობს.
„წასასვლელი არ მაქვს, თორემ წავიდოდი“ — „ბროწეულას“ დევნილები მეწყრის შიშში