ახალი ამბები

ძლიერ წვიმას ვაშლიჯვრის მეწყერზე არ უმოქმედია — მერია

1 მაისი, 2021 • 1012
ძლიერ წვიმას ვაშლიჯვრის მეწყერზე არ უმოქმედია — მერია

30 აპრილის ღამით თბილისში მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის მეწყერზე არ უმოქმედია. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, “პირველივე წუთებიდან იყო მუდმივი მონიტორინგი კონკრეტულ ლოკაციებზე”, მათ შორის ვაშლიჯვრის ფერდზე.

” დღეს, დილას დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილი არის სრულიად უსაფრთხო”, — დასძინა მან.

ბენდელიანის თქმით, ადგილზე პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უახლოეს დღეებში იქნება “დეტალური პროექტი,” რომლის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.

“შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – ამბობს ირაკლი ბენდელიანი.

ძლიერი წვიმა თბილისშ 30 აპრილის ღამით მოვიდა, რის შედეგადაც საბურთალოს რაიონში დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე კერძო სახლი. მერიის განცხადებით, დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელთა შეკეთებასაც გამგეობა უზრუნველყოფს.


მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშლიჯვარში დიდი ზომის მეწყერი გაჩნდა.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე. მეცნიერებმა თქვეს, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაში იყო და პირველადი მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობდა.

ამავე პერიოდში თბილისის მერიამ ხსენებული მეწყრის ნაპრალების ამოვსება და ცემენტაცია დაიწყო, მისი შეჩერების მიზნით. მერიის განმარტებით, ცემენტაცია კონკრეტული მოწყობილობების მიწის სიღრმეში ჭაბურღილების გაკეთებასა და შემდეგ მისი სპეციალური ხსნარით შევსებას გულისხმობს.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მერია 7 მილიონ ლარამდე დახარჯვას გეგმავს. ფერდის გამაგრების პროცესი მერიამ 29 მარტს დაიწყო.

მეწყრის ცემენტაცია და ნაპრალის ამოვსება — გამოსავალი თუ შეცდომა?

მასალების გადაბეჭდვის წესი