ახალი ამბები

გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარში — ვინ უნდა შეისწავლოს მეწყერი?

22 მარტი, 2021 •
გერმანელი ექსპერტები ვაშლიჯვარში — ვინ უნდა შეისწავლოს მეწყერი?

საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპეტრტები ვაშლიჯვრის მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით. ისინი ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ მერიამ ჩამოიყვანა.

ექსპერტები — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  კომაპნია მიუნხენშია ბაზირებული.

გერმანელი ექსპეტები ვაშლიჯვირს მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე. 22 მარტი 2021 წელი. ფოტო: თბილისის მერია

კომპანიის ინფორმაციით, „სამშენებლო გეოლოგიის ბიურო [გერმ.Bauergeologisches Büro Bauer]“ 1998 წელს დაფუძნდა და მისი სპეციალობის სფეროა ინჟინერია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და გეოტექნიკური ინჟინერია. კომპანიის თქმითვე, დამკვეთს ისინი სთავაზობენ ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა გეოლოგიური კვლევა, მშენებლობა, კონსულტაცია, დაგეგმარება და მონიტორინგი, მათ შორის ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მიწის ფერდობი არასტაბილურია.

კომპანიის საიტზე ასევე ჩანს იმ ობიექტებისა და პროექტები ჩამონათვალი, რომლებიც მას დაუგეგმავს ან მონაწილეობა მიუღია. ამ ჩამონათვალის თანახმად, კომპანიას მუშაობის გამოცდილება საქართველოშიც აქვს, კერძოდ, წყნეთი-ბეთანიის გზაზე.

სქრინი კომპანიის საიტიდან

ჩამონათვალში წერია, რომ 2017-2018 წლებში ამ მონაკვეთზე „სამშენებლო გეოლოგიის ბიურომ“ ისეთი სამუშაოები ჩაატარა, როგორიცაა რუკის შექმნა, ნიადაგისა და გეოლოგიური რისკების შესწავლა, გამაფრთხილებელი სისტემის შემშავება და სხვა.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, კომპანია ძირითადად მუშაობს გერმანიასა და ავსტრიაში, თუმცა მას აქვს მუშაობის გამოცდილებაც ინდოეთში, ნეპალსა და ჩინეთში.

კომპანიასთან ერთად, წყნეთი-ბეთანიის ამ მონაკვეთზე „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ ჩართულობას თავად მერიაც ადასტურებს. წყნეთი-ბეთიანიის გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც მთიდან მეწყერი მოწყდა. სწორედ ამან გამოიწვია მდინარე ვერეს დაგუბება და 13 ივნისის ტრაგედია.

ჯერ ცნობილი არ არის, რა დაუჯდება თბილისის ბიუჯეტს გერმანული კომპანიის სერვისი. როგორც მერიაში ამბობენ, ეს დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მათ დღევანდელ ვიზიტს, მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას უწყება ხვალ გაავრცელებს:

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტ კომპეტენტურ პირს, კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებიან, გამოცდილია მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

ეს ჯგუფი იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული მეწყრის დროსაც და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მათი ჩართულობით მოხდა. ასევე, ეს ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული შეშელიძის ქუჩაზე არსებულ სამუშაოებში. ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი კომპეტენტურია და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ მოხდა პროცესში მათი ჩართულობა“, — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი. ფოტო: თბილისის მერია


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

“გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში მშენებლობაზე” – პეტიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი