დღეს, 25 ოქტომბერს, სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება.
არჩევნები ტარდება ორწლიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის სათავეშიც სტუდენტები იდგნენ.
სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა ცდილობს ხელისუფლებას ჩამოაშოროს ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც ქვეყნის მმართველობაში 2014 წლიდან იმყოფება.
არაერთი შეფასებით, 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის 6.4 მილიონ ამომრჩეველს 250-ადგილიან პარლამენტში შესვლის მსურველ 18 პარტიას შორის აქვს არჩევანი, კენჭისყრამ რეფერენდუმის სახე მიიღო ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილ „სტუდენტების სიას“ შორის.
მიიჩნევა, რომ მთავარი ფავორიტები გამოკითხვებში თანაბარ პოზიციებს იკავებენ, რაც არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე არაპროგნოზირებადს ხდის. მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რამაც შესაძლოა მცირე პარტიების უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 3%-იანი ბარიერის მიღმა დატოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი წარსულში სისტემატურად ამარცხებდა სერბეთის დაქსაქსულ ოპოზიციას, ახალგაზრდული მოძრაობა, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, საკმაოდ ძლიერი ოპონენტი აღმოჩნდა.
ახლად ფორმირებული „სტუდენტების სიის“ მოძრაობა განსხვავდება სერბეთში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისგან. ის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ არის ჩამოყალიბებული, თუმცა თავად სტუდენტებიდან სიაში არ არიან. მათ ნაცვლად 250-კაციან სიაში კანდიდატები არიან ექსპერტები, სპორტსმენები, ფერმერები და ხელოვანები. სათავეში უდგას კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი.
სტუდენტების შიდა დღის წესრიგი მიზნად ისახავს კორუფციის აღმოფხვრასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ისინი შედარებით თავშეკავებულნი არიან თავიანთ საერთაშორისო ამბიციებზე.
სტუდენტური პროტესტი ზრდის ზეწოლას ვუჩიჩზე
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა და თავად პრეზიდენტობიდან გადადგა. ის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით იყო და მესამე ვადით ამ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ამიტომ ვუჩიჩმა პრეზიდენტობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ძალაუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით დარჩეს.
რიგგრერშე არჩევნები მოჰყვა თითქმის ორწლიან სტუდენტურ დემონსტრაციებს კორუფციისა და მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. მასშტაბურმა პროტესტმა 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იფეთქა. რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაიღუპა. მას შემდეგ სტუდენტებმა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვეს.
რკინიგზის სადგურის ტრაგედიით გამოწვეული სტუდენტური ქუჩის პროტესტი სწრაფად გადაიქცა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ მოძრაობად, რომელიც ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდა. უფლებადამცველთა ჯგუფები და აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდა.
თავად ვუჩიჩი და მისი პარტია ბრალდებებს რეპრესიების, კორუფციის, ოპონენტების დევნისა და თვალთვალის შესახებ უარყოფენ. ვუჩიჩი ირწმუნება, რომ სტუდენტები ფინანსდებიან ხორვატიასა და მონტენეგროში მყოფი უცხოელი აგენტების მიერ, რასაც სტუდენტები უარყოფენ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დაძაბულ ბრძოლას პროგნოზირებს
ამომრჩეველთა აქტივობა თავიდანვე მაღალი იყო — საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები ჯერ კიდევ მათ გახსნამდე, დილის 7 საათამდე, იყო.
პირველი სავარაუდო შედეგები მოსალოდნელია უბნების დახურვიდან, დაახლოებით, ორ საათში.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დაძაბულ ბრძოლას მოელიან. Ipsos-ის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული გამოკითხვით, ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) ლიდერობს ხმათა 47%-ით სტუდენტების 40%-ის წინააღმდეგ. თუმცა სხვა გამოკითხვებით, პირველ ადგილზე სტუდენტები არიან.
შიდა პოლიტიკაში ვუჩიჩი პენსიებისა და საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდას, სახელმწიფო ჯანდაცვაში ინვესტიციებსა და ახალგაზრდა წყვილების სუბსიდირებას დაჰპირდა. საერთაშორისო ასპარეზზე მან მოახერხა ბალანსის შენარჩუნება ჩინეთთან (მთავარი ინვესტორი) და რუსეთთან (სერბეთის ტრადიციული მოკავშირე და ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი) მჭიდრო კავშირებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის (მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეჩერებულია).
„სტუდენტების გამარჯვება ღრმა პოლიტიკურ გარდატეხას მოიტანს დაახლოებით 6-მილიონიან ბალკანურ ქვეყანაში, რაც აპრილში უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხებას მოგვაგონებს. ეს ასევე შეიძლება გახდეს მაგალითი ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვა სტუდენტური მოძრაობებისთვის, რომლებიც ბოლო კვირებში ქუჩაში გამოვიდნენ (ზოგ შემთხვევაში ძალადობრივადაც) განათლების დაბალი სტანდარტებისა და პერსპექტივების ნაკლებობის გაპროტესტების ნიშნად“, – წერს Reuters.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი მხარე აღიარებს დამარცხებას, თუ არჩევნებში წააგებს. თუმცა მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში გაყალბების ბრალდებით დაიწყება, დაუყოვნებლივ ჩახშობილი იქნება.
