საზოგადოება

ვაშლიჯვრის ფერდზე ნაპრალების გამო კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

6 აგვისტო, 2024 •
ვაშლიჯვრის ფერდზე ნაპრალების გამო კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

ვაშლიჯვარში, ბროწეულის #5-ში მიმდინარე 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა. გადაწყვეტილება მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვის შემდეგ მიიღო.

ადგილობრივების თქმით, ფერდზე ბზარები მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც იქ ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო და ეს დრონით დააფიქსირეს. მოსახლეობა მერიისგან ელოდება პასუხს კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება.

“დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე  მიზანშეწონილი  ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში”, – ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროექტში შესაძლო რისკების დამზღვევი კონსტრუქციების მშენებლობაცაა გათვალისწინებული.

თუმცა, მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, მერიამ მშენებელ კომპანიას დამატებითი კვლევების ჩატარება მაინც მოსთხოვა.

საცხოვრებელ კორპუსს ბროწეულის #5-ში შპს გელოვან დეველოპმენტი აშენებს. პროექტში ჩართულია დეველოპერული კომპანია “არქიც”, რომელიც შპს გელოვან დეველოპმენტის პარტნიორია და მშენებლობაზე ზედამხედველობასაც ახორციელებს. მათი ინფორმაციით, არსებული ბზარები ძველია, არსებობდა მშენებლობის დაწყებამდე და პროექტიც სწორედ ამ ბზარებისა და ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მომზადდა.

“ვაშლიჯვრის პროექტის, ისევე როგორც სხვა ჩვენი პროექტების, სამუშაოების დაწყებამდე გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია გამოცდილი მაღალი კვალიფიციკაციის კომპანიის მიერ, შემდეგ ამ კვლევის სისწორე დადასტურებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ასევე, კონსტრუქციული პროექტი გაკეთებულია კომპანიის მიერ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და ჰყავს მაღალ კვალიფიციური კონსტრუქტორები. კონსტრუქციული პროექტი შემოწმებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ”, – აცხადებენ “არქიში”.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ატარებენ დამატებით კვლევებს და დასკვნას უახლოეს დღეებში წარუდგენენ მუნიციპალურ ინსპექციას. ისინი მშენებლობის გაგრძელებას ნებართვის მიღებისთანავე გეგმავენ.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, გეოლოგ ლაშა სუხიშვილს. მის თქმით, ეს ტერიტორია 2021 წელს მომხდარი მეწყრიდან მოშორებით მდებარეობს. შესაბამისად, ინსტიტუტს კონკრეტულად ეს უბანი შესწავლილი არ აქვს. სუხიშვილის თქმით, აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება.

“მშენებლობის დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ეს საფრთხეები არის იდენტიფიცირებული, რომ უბანი შეიძლება გახდეს მეწყრული, ან ღვარცოფული. უბრალოდ, როგორც ჩანს, ან ვერ მოასწრეს ზომების მიღება ჩამოჭრის პარალელურად, ან არც დაუგეგმავთ. ყოველ შემთხვევაში, ნაპრალები არის […]

აქ არის დეტალური კვლევა გასაკეთებელი. ვიზუალურად ზედაპირზე რაც ჩანს, ის გითხარით. სიღრმეში რა ჩანს, არ ვიცი. ამიტომ უფრო დეტალური კვლევა უნდა გაკეთდეს და გამოიკვეთება სურათი, რასთან გვაქვს საქმე. მოსახლეობამ უნდა მიმართოს მერიას, შემდეგ მერიამ გამოაცხადოს ტენდერი და შეარჩიოს კომპანია, რომელიც ჩაატარებს კვლევას”, – ამბობს ლაშა სუხიშვილი.

ბოლო წლების განმავლობაში, ვაშლიჯვარში რამდენჯერმე გაჩნდა ბზარები და ნაპრალები ფერდზე. მათ შორის, 2021 წელს განვითარდა მეწყერი. მაშინ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაპრალები ამოევსო და დაეცემენტებინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები მაშინაც აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იყო ტერიტორიის საფუძვლიანი კვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი