ახალი ამბები

პატიმრობა, რომელიც “თვითმიზანი არ არის”, მაგრამ “ძალაში უნდა დარჩეს”

13 აპრილი, 2021 • 902
პატიმრობა, რომელიც “თვითმიზანი არ არის”, მაგრამ “ძალაში უნდა დარჩეს”

“ქართული ოცნებისა” და პროკურატურის საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა მათი თვითმიზანი არ არის და ციხეში დარჩენა თავად ბრალდებულის არჩევანია, 13 აპრილის პროცესზე, რომელზეც სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა, პროკურატურის პოზიცია ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება იყო.

წინაისტორია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი.

13 აპრილის სხდომა

სასამართლო ვალდებულია, ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. ეს ვადა 17 აპრილს იწურებოდა, შესაბამისად, სასამართლომ 13 აპრილს გამართულ სხდომაზე, მხარეთა შუამდგომლობის გარეშე, იმსჯელა პატიმრობის განგრძობადობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო პროკურატურის აზრით, მელია პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.

“ამ მოცემულობაში არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოყენებული პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, რომელმაც 17 თებერვალს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით დამძიმების გადაწყვეტილება გამოიტანა და საქმეს არსებითადაც განიხილავს, მელია პატიმრობაში დატოვა.

ამავე სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის შესახებ. დაცვის მხარე კობახიძის მიერ “რუსთავი 2-სთვის” მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტიცებულების სახით დართვას ითხოვდა. ამ ინტერვიუდან ჩანს, რომ “ოცნების” ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე ჯერ კიდევ იმ დროს მსჯელობდნენ, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული არ ჰქონდა.

სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა კი მოჰყვა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, კახაბერს საბანაძის დავალებით დააზიანა აქციის ლიდერების მონიტორი, საიდანაც ოპოზიციონერები მოსახლეობას მიმართავდნენ, ამასთან, სხვა ოპერმუშაკებთან ერთად წაშალა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები.

“სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე. ანუ არ აინტერესებს, მოხდა თუ არა უმნიშვნელოვანესი ვიდეოჩანაწერების წაშლა; არ აინტერესებს, არის თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩართული აღნიშნულ საქმეში და გამოიყენება თუ არა პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის”, — განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

“პროპაგანდას ფარდა აეხადა”…

ნიკა მელიას ადვოკატების შეფასებით, პროკურატურის არათანმიმდევრული და მერყევი პოზიციით გამოჩნდა, რომ პროპაგანდა, თითქოს მელიას შეეძლო გირაო გადაეხადა და საპატიმრო დაეტოვებინა, მხოლოდ ტყუილს ეფუძნებოდა.

“ორი თვის განმავლობაში პროპაგანდა იყო, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეეძლო, გირაო გადაეხადა და  გამოსულიყო. ამას აცხადებდა პროკურატურა და უმაღლესი ხელისუფლება. დღეს სასამართლო დარბაზში ყველაფერს ფარდა აეხადა. რეალურად, მათი მიზანი იყო ნიკა მელიას პატიმრობა და დღესაც მოითხოვეს ნიკა მელიას პატიმრობა. სასამართლოსაც, რა თქმა უნდა, მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ დაეტოვებინა მელია პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში მისი პატიმრობა გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი”, — განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

პროკურატურის წინააღმდეგობრივ პოზიციაზე მიუთითებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც და ამბობს, რომ “თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის უბრალოდ პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ვაჭრობის საგნად იყენებს”.

ამ პოზიციას ცალსახად იზიარებს ოპოზიციაც და ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პატიმრობაში დატოვება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველმა პარტიამ “სიცრუის კამპანია დაასრულა”.

“ოცნებამ” სიცრუის კამპანია დაასრულა – ოპოზიციის შეფასებები მელიას პატიმრობაზე

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნებისგან” პროპაგანდა იყო, რომ გადაიხადოს გირაო (რომელიც შინაარსობრივად აღარ არსებობდა) და გამოვაო. დღეს პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. ე.ი. ტყუილი იყო ყველაფერი, რასაც ამბობდბენ. უბრალოდ ატყუებდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტიორებს, საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს ამ ქვეყნის დემოკრატია”, — განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

თავად ენმ-ის თავმჯდომარემ სასამართლო სხდომის შემდეგ განცხადება ფეისბუკით გაავრცელა. ნიკა მელია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდისთვის “სავაჭროდ შემოინახა”, თუმცა გათავისუფლების სანაცვლოდ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

“ქართული ოცნება” კი კვლავ აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება არა ხელისუფლების, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, მელიას საქმის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება ერთია, მაგრამ სამართლებრივი მხარე გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს.

“ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? — ეს სჭირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს”, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პროკურატურის განმარტება

პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს განაცხადა, რომ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში მზადაა, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

დაცვის მხარემ პროკურატურის შეთავაზება “სამართლებრივ ნონსენსად” შეაფასა, ვინაიდან გადასახდელი გირაო “ბუნებაში აღარ არსებობდა” და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლილი იყო პატიმრობით.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს განმარტა, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობისთვის საჭირო იყო დაცვის მხარის მხრიდან მზაობის გამოხატვა, რომ ბრალდებული თანხას გადაიხდიდა. პროკურორის თქმით, ასეთი მზაობა აღიქმებოდა როგორც ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით.

“ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი სახის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ან მის გამოყენებასთნ დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებია, ისევე როგორც ეს შაუმდგომლობა არც დაცვის მხარეს დაუყენებია. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის — ძალაში დატოვების საკითხი”, — განაცხადა ამირან გულუაშვილმა, აღნიშნა რა, რომ ბრალდების მხარეს საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია.

“25 თებერვალს დაცვის მხარეს საჯაროდ შევთავაზეთ, რომ თუ ისინი თანახმანი იქნებოდნენ, შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით — გირაოთი შეცვლის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაშიც. 25 თებრვალის შემდეგ დღეს გამართულ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, ელემენტარულად გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ ბარლდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, წინარედ უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას. ადვოკატებს მომართვა ან კომუნიკაცია ჩვენთან არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, სხდომაზე განაცხადეს, რომ არანაირ ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს”, — დასძინა გულუაშვილმა.

ნიკა მელიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 19 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა ბრალდებული მას ვერ დაესწრება. მოსამართლე ჩახნაშვილმა იგი პროცესიდან გააძევა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მელიამ მოსამართლეს “ჩინჩალაძის მონა” უწოდა.

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის — ე.წ. კლანის — ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრება.

ამ თემაზე:

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი