ახალი ამბები

“ოცნებამ” სიცრუის კამპანია დაასრულა – ოპოზიციის შეფასებები მელიას პატიმრობაზე

13 აპრილი, 2021 • 909
“ოცნებამ” სიცრუის კამპანია დაასრულა – ოპოზიციის შეფასებები მელიას პატიმრობაზე

ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, “ნაიცონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველმა პარტიამ “სიცრუის კამპანია დაასრულა”.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ მოსაფიქრებლად არ გასულა, რაც ნიშნავს, რომ “ის პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას”.

“მთელი აბსურდი იცით, რა არის?! ნიკამ ამხილა ამაში პროკურატურა და “ქართული ოცნება”. ამ ხნის განმავლობაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, მათ შორის, უცხოელებთან და საზოგადოების წინაშე ამტკიცებდნენ იმას, რომ თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა სურდა, ამის ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გირაოს მოთხოვნის ნაცვლად პატიმრობა მოითხოვეს და ამით გააბათილეს სიცრუის ის კამპანია, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ “TV პირველთან”.

ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება არის დასტური, რომ მმართველ პარტიასთან “არავითარ მოლაპარაკებებს ან რაციონალურ საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს”.

ბოკუჩავას მსგავსად, დეკანოიძეც მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნება” საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას ატყუებდა, როდესაც “ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, რომ მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მელიას ხელთ იყო.

“მთელი პერიოდის განმავლობაში რატომ ამბობდა “ქართული ოცნება”, რომ გირაოთი იყო შესაძლებელი მელიას გათავისუფლება. ესე იგი, ტყუილია ეს ყველაფერი და ახლა მთავარია, რომ ამ შენობაში მართლმსაჯულება არ სრულდება, ის, რომ ამ შენობაში უბრალოდ არის წარმოუდგენელი სიყალბე და ფარსი და დამონებული ხელისუფლება. ამის გამო ჩვენ უკვე მივიღეთ ფინანსურ სანქციებზე გაფრთხილება და, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ძალიან ცუდად დაამთავრებს”, – განაცხადა დეკანოიძემ “TV პირველთან”.

გიგი უგულავას შეფასებით კი, დღევანდელი სასამართლო პროცესი “ფარსი და ამაზრზენი” იყო და პროკურტურამ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენებით “თავიდან ბოლომდე მოიხადა ნიღაბი”. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” მელიას საკითხით ორი თვის განმავლობაში ვაჭრობდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვეს:

“პროკურატურა ლუღლუღებდა მთელი ორი თვის მანძილზე, რასაც იტყუებიან და მერე რასაც იმეორებენ “ქართული ოცნების” დეპუტატები, რომ “მის ხელშია გასაღები, გადაიხადოს და გამოვიდეს”, ეს ყველაფერი დასრულდა. კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა დაკომპლექტებულია უსინდისო აფერისტებით, დღეს ბულბულაშვილმა [პროკურორი ამირან გულუაშვილი] ცალსახად თქვა, რომ ითხოვს პატიმრობას და მეტი, ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს. მიზანმიმართულად დააპატიმრეს ნიკა იმიტომ, რომ ის ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის ნაწილზე და რომ ნახეს, პარამენტში არავინ შედის, დააპატიმრეს მელია. ეს არის სიმართლე. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია და აფერისტობა”, – განაცხადა უგულავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავად მელიაც ესწრებოდა. დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, პროკურატურა კი — აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი