ახალი ამბები

“პროკურატურის შეთავაზება ნონსენსია, 3 ნოემბრის განჩინება აღარ არსებობს” — მელიას ადვოკატი

25 თებერვალი, 2021 • 801
“პროკურატურის შეთავაზება ნონსენსია, 3 ნოემბრის განჩინება აღარ არსებობს” — მელიას ადვოკატი

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი “სამართლებრივ ნონსენსს” უწოდებს პროკურატურის შეთავაზებას, მელიამ გადაიხადოს 3 ნოემბრის განჩინებით დაწესებული გირაო მაშინ, როცა აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილია პატიმრობით.

“3 ნოემბრის განჩინება აღარ არსებობს ბუნებაში და გირაო შეცვლილია პატიმრობით, მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ აპირებდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ანუ მისთვის ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა იყო კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა. ახლა რა ხდება, რა შეიცვალა ამ მიმართულებით? ან სასამართლოზე რა ხდებოდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც პროკურატურა გვიმტკიცებდა, რომ თუკი ნიკა მელია არ იქნებოდა დაპატიმრებული, მაშინ მართლმსაჯულება ჩამოიშლებოდა და სახელმწიფო ვერ შედგებოდა?!” — ამბობს საძაგლიშვილი.

მისი თქმით, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი მარტივი დადასტურებაა, რომ რეალურად ნიკა მელიას საქმეს არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ აქვს.

“პროკურატურა უბრალოდ გამოიყენება “ქართული ოცნების” მხრიდან როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნის განსახორციელებლად. პოლიტიკურ დღის წესრიგს რაც შეეხება, შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს პროკურატურას — ახლა რომ ნახეს, რა რეაქცია მოჰყვა ნიკა მელიას პატიმრობას, შესაძლოა, შეეცვალათ პოზიცია და ფიქრობენ, რაღაც ისეთი გამოსავალი იპოვონ შექმნილი სიტუაციიდან, რომ, ერთი მხრივ, ნიკა მელია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, დააზიანონ და მეორე მხრივ, საკუთარი თავი გადაირჩინონ”, — განაცხადა საძაგლიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი